2025 წელს საქართველოში ცოფის 5 შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა ამ სახიფათო დაავადების გავრცელების კუთხით კვლავაც მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში ვრჩებით. სახიფათო ვირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
ნინო ბებრიშვილი და მისი ლედი ვერის ბაღში თითქმის ყოველდღე სეირნობენ. აუცილებელი ვაქცინაცია ძაღლს მისმა პატრონმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარა.
„ახლოს ვცხოვრობთ და აქ დავდივართ ძირითადად, აქ ვასეირნებ ხოლმე… სულ ახლახან ავაცრევინე – პატარაა, ჯერ უნდა რაღაც პერიოდი გავიდეს, რომ აცრა შეიძლებოდეს. აცრილია ცოფზეც, კომპლექსური აცრებიც გაკეთებული აქვს და ჭირზეც – ყველაფერზეა აცრილი”, – ამბობს ნინო ბებრიშვილი.
ცოფი ის საშიში ვირუსული ინფექციაა, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც დროული ვაქცინაციის გარეშე ლეტალურია, ამიტომ აუცრელი ცხოველის ნაკბენის ან ნაკაწრის შემთხვევაში ექიმები გადაუდებელ ვაქცინაციას გვირჩევენ. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის გამო ცოფის ვაქცინა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული.

„მამაჩემს ერთხელ ქალაქგარეთ უკბინა მიუსაფარმა ძაღლმა, რომელსაც არ ჰყავდა პატრონი, ტყეში ცხოვრობდა და მაშინ აიცრა.. მე სულ ვაკვირდები ძაღლებს, ყურში ჩიპი უკეთიათ თუ არა – იმიტომ, რომ სახიფათოა. მე მყავს სახლში ძაღლი და მეტ-ნაკლებად ვიცნობ ამ არსებებს, მაგრამ არ არის უსაფრთხო არცერთ შემთხვევაში… სჯობს, რომ თადარიგი დავიჭიროთ და ვიცოდეთ რაბილოგიის ცენტრი სადაა, როგორ დავუკავშირდეთ…
ჩემი ძაღლი დამყავს კლინიკაში და იქ ვიცრებით, გეგმურად ყოველწლიურად ვიცრებით… სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, მისი ჯანმრთელობისთვის რამდენად უსაფრთხოა აცრები, მაგრამ რა ვქნათ? როგორც მოითხოვს საჭიროება – ისე ვიქცევით”, – გვეუბნება თბილისის მცხოვრები თინათინ დოლიძე.
თბილისის იმუნიზაციის ცენტრში ანტირაბიული ანუ ცოფის საწინააღმდეგო მომსახურება 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, რაც ექიმის კონსულტაციას, იმუნიზაციასა და გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას მოიცავს. ვაქცინაციის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი პაციენტის გამოკითხვისა და დათვალიერების შემდეგ იღებს.
ცოფით ყველა თბილსისხლიანი შინაური და გარეული ცხოველი შეიძლება დაავადდეს, ამიტომ მის პრევენციულ ვაქცინაციას საქართველოში სურსათს ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ატარებენ. ერთ-ერთ ასეთ გეგმურ აცრას რუსთავში ევრონიუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფიც დაესწრო.
შინაური ცხოველებიდან ყველაზე რთული კატების აცრაა, თუმცა სხვების მსგავსად მისი იმუნიზაციაც აუცილებელია.
„ტრადიციულად პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს ყოველწლიურად წლის ნებისმიერ პერიოდში ვახორციელებთ. აქ მოვედით, რადგან ვიცოდით, რომ ამ ოჯახში იყო 2 ოთხფეხა მეგობარი, რომელიც უნდა აგვეცრა ცოფზე… ცოფი არის ძალიან საშიში ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანზეც გადადის და რომელიც არ იკურნება – მთავრდება ლეტალურად. სწორედ ამიტომ პროფილაქტიკურ აცრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დასაცავად.

ვისაც ახალი ძაღლი ჰყავს აყვანილი, მიკედლებული, თვითონ მოგვმართავენ და სურსათის ეროვნული სააგენტო ვაქცინაციას აკეთებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე”, – ამბობს ზურაბ მაკარაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავადაც სპეციალობით ვეტერინარი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ რეგიონში წელს ცოფზე 20 ათასამდე შინაური ცხოველია აცრილი და ეს რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.

ცოფის გავრცელების რისკის თვალსაზრისით ქვეყნები დღეს 4 კატეგორიად იყოფა. ესენია: რისკის არშემცველი, დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის არეალები. საქართველო ჯერჯერობით კვლავაც მაღალი რისკის რეგიონს მიეკუთვნება.
„ბავშვები გვყავს, მეგობრები მოდიან – კატებთან, ძაღლებთან აქვთ შეხება და რომ არ იყოს რაიმე შემთხვევა და შემდგომ ადამიანებს არ მოგვიწიოს აცრა, ამიტომ ვფრთხილობთ…
კატებსა და ძაღლებს ყოველწლიური აცრები უტარდებათ, თვითონ ვეტერინარები გვახსენებენ, როცა უწევთ პერიოდი – მოდიან და ცრიან. თუ შევიძენთ ახალ ცხოველს, უკვე ჩვენ თვითონ ვაგებინებთ, მოდიან და ცრიან…” – გვეუბნება რუსთავის მცხოვრები გოგიტა მალიძე. კატებთან ერთად ცოფის ვაქცინაცია მის საოჯახო მეურნეობაში კიდევ ორ ძაღლს ჩაუტარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი შინაური ცხოველს უტარდება, მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, წელს 260 000-ზე მეტ ცხოველს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.
საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების ყველაზე მეტი – 21 შემთხვევა 1996 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ იკლო. 2025 წელს ცხოველებში ცოფის 5 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 თბილისში, 1 დედოფლისწყაროში, 1 აბაშაში, 1 მარტვილში და 1 გარდაბანშია აღრიცხული.

