კატეგორიები

„ქართული ოცნების” გეგმა განათლების რეფორმის შესახებ და პოლიტიკური შეფასებები

„ქართული ოცნების” გეგმა განათლების რეფორმის შესახებ და პოლიტიკური შეფასებები

მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე მდგარი საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობა უკვე წლებია, მიმდინარეობს. თუ აქამდე იმაზე იყო საუბარი, რომ ქართული განათლების სისტემა ევროპულ განათლებას გასთანაბრებოდა, ხელისუფლების ახალი გეგმის მიხედვით, ქართულ სახელმწიფოს ამის გარეშეც შეუძლია საგანმანათლებლო პროცესისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

16 ოქტომბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საგანმანათლებლო სექტორსა და საზოგადოებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ახალი ხედვა გააცნო, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს მომდევნო წლებში ქართულ სასწავლო სქემაში.

12-წლიანი სასკოლო სისტემის 11 წლამდე შემცირება, უმაღლესი განათლების სისტემაში კი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოქცევა 4-წლიან სწავლებაში, ნაცვლად ექვსისა, ფაკულტეტების გადანაწილება უნივერსიტეტებისა და რეგიონების მიხედვით და მრავალი სხვა იდეა – პრემიერის თქმით, ქართველ ახალგაზრდებს მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს ისე, რომ ევროპულ ქვეყნებში წასვლა არ დასჭირდეთ.

„რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა 3-4 წელიწადში თვისობრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა არსებითად განათლება უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ამისი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არადა ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ.

ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან კონტროლს მიღმა განათლების სისტემას მიადგა და ახლა ამ სისტემიდან ყოველგვარი დასავლური და ევროპული სტანდარტების გამოცლა სურს. მათი თქმით, თუ ეს გეგმა განხორციელდა, მომავალი თაობა ყოველგვარ პერსპექტივას დაკარგავს, მიიღოს ევროპული განათლება.

„ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განათლების ე.წ. რეფორმა, რომელიც თითქოს კეთილშობილურ მიზნებს ისახავს და განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში, სინამდვილეში, მორიგი ფუნდამენტური საფრთხეა საქართველოს ცივილიზებული მომავლისა და ჩვენი მომავალი თაობის სწორად განათლებისთვის. კერძოდ, მთავარ თეზისად კობახიძემ აიღო ვითომ 10 ათას ლარამდე ანაზღაურების ზრდა აკადემიური პერსონალისთვის, სინამდვილეში კი დაანონსებული რეფორმა, ერთი მხრივ, არის მასიური პოლიტიკური ნიშნით წმენდის საწინდარი აკადემიურ სფეროში და მეორე მხრივ, საშუალო განათლების სისტემაზე პირდაპირ დარტყმა, იმის მაგივრად, რომ ის გავაჯანსაღოთ.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად „ქართულ ოცნებას“ 13 წელი და 8 მინისტრი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ თურმე ერთი წლით მეტს სწავლობენ საქართველოს მოსწავლეები სკოლაში. დასჭირდა მინისტრები, რომლებიც დასდევდნენ ვაშლებს, სხვა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ ამ ქვეყნის ბიუჯეტი მეოთხედი განათლებაში უნდა დახარჯულიყო. არც ვაშლები აღარსად დაგორავს, არც ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი არ იხარჯება განათლების რეფორმაში და კატასტროფულ ვითარებაშია სკოლა.

იმის მაგივრად, რომ რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მაგალითად, იმის შესახებ, რომ 300 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს დღეს საქართველოში და ყოველი მესამე მოსწავლე ამბობს, რომ სკოლაში ვერ ჭამს სათანადოდ; იმის მაგივრად, რომ შემოვიღოთ სკოლებში კვების სისტემა; იმის მაგივრად, რომ სასკოლო უფასო კვების რეალურ პრობლემას და შესაბამისად, განათლების ხარისხის პრობლემას ვუშველოთ, გადავწყვიტეთ, რომ ბოლონიის პროცესს ჩამოვცილდეთ და ერთი კლასი დავაკლოთ სკოლის მოსწავლეებს, იმის მაგივრად, რომ გაგვემდიდრებინა სკოლის პროგრამა მეთორმეტე კლასელებისთვის.

ნონსენსია ეს რეფორმა, სინამდვილეში ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორ გზაზე განვითარებას”, – აცხადებს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.

ეს ჯერ მხოლოდ გეგმაა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სანამ კანონში ცვლილებებს წარადგენენ, სამუშაო ჯგუფებთან კონსულტაციები გაიმართება. საგანმანათლებლო სექტორიდან კი უკვე ისმის კრიტიკული შეფასება. აკადემიური სფეროს ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნიშნავს საქართველოს ევროპული განათლების სისტემიდან, იმავე „ბოლონიის პროცესიდან“ გამოსვლას, რაც მათივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით დაგვაშორებს ევროპულ სამყაროს.

„ბოლონიის შეთანხმება“ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ავალდებულებს, გაიზიაროს საერთო ევროპული პრინციპი განათლების სისტემის წესებისა და პროგრამების შესახებ. მათ შორის 12-წლიან სწავლებას სკოლაში. ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში 4-წლიან ბაკალავრიატსა და ორწლიან მაგისტრატურას. ეს შეთანხმება მოსწავლეებს, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს დაუახლოონ და გაუზიარონ გამოცდილება. რამდენად შენარჩუნდება ეს პრინციპი „ქართული ოცნების“ ახალ გეგმაში, ეს ჯერ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები