16 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წელიწადში იმაზე 11-ით მეტი ცხელი დღეა, ვიდრე 10 წლის წინ, „პარიზის შეთანხმების“ მიღებამდე იყო.
იმავე კვლევის თანახმად, წლის ყველაზე ცხელი 11 დღის განმავლობაში სიკვდილიანობის ალბათობა გაზრდილია და ის განსაკუთრებით საშიშია გარეთ მომუშავე პირებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებისთვის.
კლიმატის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა და აშშ-ში დაფუძნებულმა კლიმატის ცენტრმა ერთიანი ძალებით შექმნა სიმულაცია, რომელიც „პარიზის შეთანხმების“ კლიმატზე გავლენას აფასებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის კლიმატის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ფრიდერიკე ოტო ამბობს, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატებით ღარიბი და პატარა ქვეყნები უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს, რადგან ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ შეცვლილ კლიმატთან ადაპტირებისთვის საჭირო რესურსები.
„ჩვენ დავაკვირდით, თუ როგორ ვრცელდება სითბური ტალღები განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ცხელა. თბილი დღეები შეიძლება სასიამოვნო იყოს, თუმცა სინამდვილეში ისინი საშიშია. სწორედ ამ ტიპის დღეებში იზრდება გარდაცვალების შემთხვევები.
საინტერესოა, როგორ შეიცვალა კლიმატი „პარიზის შეთანხმების“ ხელმოწერიდან 10 წლის განმავლობაში. მსოფლიოში საშუალოდ 11-ით მეტი ცხელი დღეა, ვიდრე 10 წლის წინ გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ გლობალურად საშუალოდ 11 დღე იქნება, როდესაც სიკვდილიანობის ალბათობა გაიზრდება. განსაკუთრებით საშიშია გარეთ მომუშავე და ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ დაავადებები. თუმცა თუ დედამიწაზე ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ თითქმის ორი თვის განმავლობაში ისევ ცხელი დღეები იქნება. ეს ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ადაპტაცია შევძლოთ. თქვენ ახსენეთ, რომ განსაკუთრებით ცხელა ოკეანესთან ახლოს მდებარე ქვეყნებში, პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებსა და ტროპიკულ ქვეყნებში. ეს ის ქვეყნებია, სადაც მოსახლეობა დაუცველია. ისინი ტემპერატურის ცვლილებასთან ადაპტირებული არ არიან.
უნდა გვახსოვდეს, თუ რეალურად რისთვის გვაქვს „პარიზის შეთანხმება“. ის არ შექმნილა პოლარული დათვის გადასარჩენად. უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება რომ არ გვაქვს და საწვავს ისევ დიდი რაოდენობით მოვიხმართ, ამით ვარღვევთ ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ „პარიზის შეთანხმებამ“ მოახერხა ისეთი სცენარის თავიდან აცილება, რომელსაც ჩვენ ყველაზე უარეს ან საბაზისო სცენარს ვუწოდებდით, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ რეალურად უფრო დიდი ამბიციები გვქონდეს და ადამიანები უკეთ დავიცვათ“.
ფრიდერიკე ოტო საუბრობს მომავლის გეგმებზეც. მისი აზრით, ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა საბოლოოდ ჩანაცვლდეს საწვავისა და ყველა სხვა დამაბინძურებლის მოხმარება.
სხვა შემთხვევაში, სითბური ტალღები საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის კიდევ 1.7 გრადუსი ცელსიუსით დათბობას გამოიწვევს. იმ ქვეყნებში, სადაც ნახშირბადით დაბინძურება ყველაზე მაღალია, მაგალითად, აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში, შესაძლოა ცხელი დღეების რაოდენობამ 30-ითაც მოიმატოს.