პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა და ისაუბრა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებსაც დღეს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა აწყდება.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეთავაზა ის ნაბიჯები, რაც მისი მოზარებით ამ პრობლემებს მოაგვარებს და გამოასწორებს იმ ხარვეზებს, რის გამოც, ხშირად ახალლგაზრდები სხვა ქვეყნების უივერსიტეტებში მიდიან.
კობახიძის თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორს მრავალი პრობლემა აწუხებს – მათ შორისაა თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილების სირთულე, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი, ინფრასტრუქტურული პრობლემები, სწავლების ხანგრძლივობა, ხარისხის მართვის სისტემის გაუმართაობა, კადრების ნაკლებობა და ა.შ… ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მან ახალგაზრდების მასობრივ მიგრაციასაც მიიჩნია.
კობახიძემ საზოგადოებას გააცნო ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ხელისუფლება გეგმავს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
მისი თქმით, არ არსებობს რაციონალური გამართლება იმისა, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტი მოქმედებდეს. მაგალითად, პრემიერმა აღნიშნა, რომ თბილისში ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტები ფუნქციონირებს, რაც კადრებისა და ინფრასტრუქტურის განაწილებას ართულებს.
„პირველ რიგში, გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი : ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს”
კობახიძემ ასევე მიუთითა სახელმწიფო გრანტის სისტემის გადახედვის აუცილებლობაზე. მისი თქმით, დღეს არ არსებობს თანხვედრა სახელმწიფოს სტრატეგიულ ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის და რეფორმის ფარგლებში უნდა გამოსწორდეს.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად ირაკლი კობახიძემ დასახელა სწავლის ახალი მოდელის დანერგვა – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ქვეყანა უნდა გადავიდეს 3+1 სისტემაზე, რაც გულისხმობს სამი წლის ბაკალავრიატსა და ერთი წლის მაგისტრატურას. როგორც მან განმარტა, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი.
კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამჟამად სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას თბილისში იღებს, რაც არასწორი ბალანსია და საჭიროებს რეგიონებში არსებული რესურსების გაზრდას.
პრემიერი შეეხო პროფესორ-მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხსაც და განაცხადა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს და 10 000 ლარს მიაღწიოს, რასაც დაემატება დამატებითი ჰონორარები.
კობახიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს განათლების ხარისხის ამაღლებას, უნივერსიტეტების შესაძლებლობების ზრდას და ახალგაზრდებისთვის ღირსეული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას საქართველოში.