„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ქართული ოცნების“ ინიციატივას აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტით არ არის განსაზღვრული, თუ რას მოიცავს „პარტიასთან დაკავშირებული პირის“ ცნება და „ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია ინტერპრეტაციის ფართო არეალს ტოვებს“ – ეს კი, თავის მხრივ, აჩენს რისკს, რომ საკანონმდებლო ცვლილება ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობის შესაზღუდად იქნება გამოყენებული.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2025 წლის 13 მაისს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ განმარტებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას უზრუნველყოფს, „პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად“ შეაფასა. ორგანიზაციაში, მიიჩნევენ, რომ უკვე ინდივიდუალური ცვლილებების დაწესება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის ამ ტენდენციის გაგრძელებაა.
„პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით. პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად, არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპროციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.
წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოვებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს – კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.
ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.
შესაბამისად, საიას შეფასებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.