მთავარისაქართველოვითარება მეწყრის ზონაში

ვითარება მეწყრის ზონაში

„მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. 10 დღიან პერიოდში მეწყრული სხეული 0.96 მეტრით გადაადგილდა” – რა წერია გეოლოგების მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშში.

ნახევრად დანგრეული, მიტოვებული სახლები ნელ-ნელა ქვემოთ, ხრამისკენ მიიწევს. მაისის ბოლოს, როდესაც ხარაგაულის სოფლებში მეწყერი პირველად შენიშნეს, მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას ჯერ ვერავინ იფიქრებდა.

გაზაფხულზე ჯერაც ხალხით სავსე სოფელი სექტემბრის ბოლო დღეს თითქმის სრულად უკაცრიელი დაგვხვდა.

2 დამეწყრილი სოფლის – ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა შემოდგომის ამ წვიმიან დღეს მათი ბედის გასარკვევად ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში შეიკრიბა..

იმერეთის ეს ორი სოფელი ამ მომენტისთვის პრაქტიკულად დაცლილია, სოფლების განაპირა, შედარებით უსაფრთხო ზონაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ოჯახებიღა რჩებიან.. უმეტესობამ მშობლიური სახლები დატოვა – მათი ნაწილი – ქირით ნაწილი კი ნათესავებთან ცხოვრობს..

თვითმმართველობის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ – „გეოლოჯიკმა“ მეწყრულ ზონაში კვლევები ივნისის ბოლოს დაიწყო. ამ კვლევის შედეგები კი ახლახან გამოაქვეყნა. სწორედ ამ ანგარიშის შედეგებზეა დამოკიდებული, შეძლებს მეწყერთან მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ამ ზონაში დარჩენას, თუ სოფლის დატოვება საბოლოოდ მათაც მოუწევთ. გეოლოგებმა, ასევე, პასუხი უნდა გასცენ კითხვაზე, რა შეიძლება გამხდარიყო ამ ადგილას, ასე სწრაფად მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი.

სპეციალისტების შეფასებით, მეწყრული სხეულის ზომა სიგრძეში კილომეტრს აღემატება, ხოლო სიგანე 800 მეტრს აღწევს. მთლიანად მიწის მოძრავი სხეულის სრული მოცულობა კი მიახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრია.

„არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ეს სხეული გააგრძელებს გადაადგილებას და ხეობის ძირში გამავალი მდინარის ხეობის ამოვსებას  საბოლოო ჯამში,  – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ინჟინერ-გეოლოგი მირზა მესხი.

როგორც გეოლოგების მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ:

„კვლევის პროცესში წარმოებული დაკვირვებების, საკონტროლო გაზომვების და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე მიებული მონაცემების გაანალიზებით დადგინდა, რომ ფერდობზე არსებული მეწყრი აქტიურ დინამიკაშია. 10 დღიან პერიოდში მეწყრული სხეული საშუალოდ 0.96 მეტრით გადაადგილდა ფერდობის ძირის მიმართულებით. გადაადგილების საშუალო სიჩქარე კი დღე-ღამის განმავლობაში 0.096 მეტრი ანუ 9.6 სმ-ია.“

დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ის პროცესებიც, რომლებიც ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი გახდა.

„მეწყრული მოვლენის წარმოქმნა უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევას. ფერდობი დიდი ხნის განმავლობაში ზღვრულ გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მიდრეკილი იყო მეწყრული მოვლენის განვითარებისკენ. საბოლოოდ კი მეწყრული მოვლენის წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა. ეს ფაქტორები შემდეგია: ფერდობის ამგები ქანების შრის წოლის ელემეტების თანხვედრა, ფერდობის ექსპოზიციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან; მორფოლოგიური ფაქტორები (ფერდობის მაღალი ბუნებრივი დახრილობა); ლითოლოგიური ფაქტორი, (ფერდობის ამგებ მასივში გვხვდება დაახლოებით 40 მეტრის სისქის თიხოვანი გრუნტებით წარმოდგენილი ფენა, არსებული თიხები წყალში სწრაფად დაშლადია; ჰიდროგეოლოგიური ფაქტორი (ფერდობზე გაყვანილი 8 ჭაბურღილიდან 7 ჭაბურღილში გრუნტის წყალი გამოვლინდა; ტექტონიკური ფაქტორი (მეწყრულ ფერდობს კვეთს ტექტონიკური რღვევის ხაზი, რის გამოც ფერდობის ამგები გრუნტებში მნიშვნელოვნად იქნება დარღვეული სტრუქტურული კავშირი); ამასთანავე მოვლენის მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი გააჩნია ზედაპირული ატმოსფერული ნალექის ინფილტრაციის პროცესს ფერდობის ამგებ გრუნტებში“

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ხშირად საუბრობს, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარკინიგზო სამუშაოებია – ამ დროს სოფლების მიმდებარედ მთის ფერდის ნაწილი ჩამოჭრეს. ამ სამუშაოების მეწყერთან რაიმე კავშირზე კვლევის ავტორებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ.

„იქ არც აღწევს მეწყერი, სადაც ფერდი ჩამოჭრილია, ამ ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის ზევით მთავრდება მეწყრული სხეული.. გარდა ამისა მეწყრის მიმართულება არის სამხრეთული და ფერდობის ექსპოზიცია სხვაა. ეს ფაქტორები გამორიცხავს იმას, რომ ფერდის ჩამოჭრამ წარმოქმნა მეწყერი.. რაც შეეხება ჩამოჭრის მეთოდებს, თუ ეს სამუშაოები ხდებოდა დარტყმითი აქტივობების გარეშე, ეს ვერ მოახდენდა ზეგავლენას, თუ აფეთქებები ხდებოდა და მუხტები მძლავრი იყო, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უარყოფითი ზეგავლენა ამ ადგილის მდგრადობაზე მომხდარიყო, რამდენად შეიძლება ეს დაკავშირდეს მეწყერთან – ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რით განხორციელდა ეს ჩარევა და რა პერიოდში, ამიტომ პირდაპირ ამის უტყუარად დაკავშირებას, რომ იმიტომ წარმოაიქმნა მეწყერი, რომ ფერდობის რაღაც ნაწილში განხორციელდა ეს სამუშაოები, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ“, – ამბობს მირზა მესხი.

სარკინიგზო სამუშაოების მეწყერთან შესაძლო კავშირს სრულად გამორიცხავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს აბსოლუტურად გამოწვეულია ბუნებრივი ფაქტორებით. რაც შეეხება რკინიგზის საკითხს – ფერდობთან აუცილებლად იქნებოდა რაიმე ნიშნები, ქვევით იქნებოდა გააქტიურებები და არა ზემოთ.. და ვერც გვირაბის მშენებლობას ვერ დავაბრალებთ, რადგან უფრო ახლოს საცხოვრებელ სახლებზე არ არის არავითარი ზემოქმედების ნიშნები.. ამ შემთხვევაში საუბარია თეორიულ დაშვებაზე..

ჩემი გამოცდილებიდან, მე რაც მეწყერები მინახავს,  ცხადია შეიძლება იყოს მეწყერი ჩარევასთან დაკავშირებული, მაგრამ არა ეს – ეს მთლიანად გარემო ბუნებრივ პირობებს უკავშირდება.. როგორ შეიძლება მე აქ სადღაც ვმუშაობდე და სადღაც იქ განვითარდეს მეწყერი? – ეს ნონსენსია – არ ხდება ბუნებაში ასეთ რამ,“ – აცხადებს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. მის განცხადებას დარბაზში ხმაური და კამათი მოჰყვა.

„ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე, 2020 წლიდან გაჩნდა პირველი დაზიანებები, ბზარები, სახლების დაზიანება.. გზა ჩამოიშალა და ჩინელებს გაასწორებინეს, თუ მათი ბრალი არ იყო, რა ვალდებულება ჰქონდათ მაშინ, რომ გაეწორებინათ? აქედან გამომდინარე არსებობს ეს კითხვები, ხომ არ არის რკინიგზიდან წამოსული.. ბუნდოვანი პასუხები აქამდეც გვქონდა, აქამდეც ვიცოდით, რომ ან ასე იქნებოდა ან – ისე, ახალი რაც გავიგეთ, ის იყო, რომ ტერიტორია ისტორიულად მეწყრული ყოფილა. რაც არ ვიციდით და ამიტომ გაგვიჩნდა შემდეგ კითხვები – თუ მეწყრული იყო ეს ადგილი, დასახლებულ პუნქტში რატომ შეეხნენ მთის ფერდს აფეთქებებით. ამის რაიმე დოკუმეტი თუ არსებობს, ეს სამუშაოები რომ ჩაატარეს, რის საფუძველზე შეეხნენ..  კიდევ ბევრი რაღაც შეიძლება რომ მოხდეს აქ – იმ მოწყვეტილი მასის ჩადინება მდინარეში გაგრძელდება.. ახალი ადგილები ნაპრალები და ბზარები გაჩნდა ამ ნაპრალს მიღმა.. ეს ტერიტორია აღარ იარსებობს ცოტა ხანში“, – ამბობს  ღვერკის მცხოვრები მარადი გელაშვილი.

ევრონიუს ჯორჯიამ მათი მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ დამეწყრილი სოფლების ის მცხოვრებლები გამოკითხა, რომლებიც ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე  მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. მათი ნაწილი ქირით, ნაწილი კი ნათესავებთან ცხოვრობს.

„ძირითადად ყველას გვანიტერესებს აქ, რა იქნება მომავალში. აქ უმეტესობას, მე დარწმუნებული ვარ, გეოლოგიური საკითხები სულ არ აინტერესებდა, რამ დაანგრია.. აქ ხალხს აინტერესებს მომავალში რა იქნება. მე პირადად, ამ მიზნით წამოვედი.. ზემოთ სოფლეში სულ 7 ოჯახი დავრჩით – 80-90 პროცენტი განადგურებულია და დარჩა ნასოფლარი. ჩემი სახლი ყოველდღიურად რომ მივდივარ, დამხვდება თუ არა ფეხზე არ ვიცი, მიწა ქვეშ აღარ აქვს და კი დგას ფეხზე – რა აჩერებს, მეც არ ვიცი.. ეტყობა, მაგარი ნაშენები მაქვს..“, – ამბობს ხელმაღლის მცხოვრები მალხაზ კვინიკაძე.

„ჩემი სახლი დაინგრა პირველი – საწოლები ისევე დგას ვერაფერი გამოვიტანეთ.. ზევიდან წამოვიდა მთა, ყველაფერი დაინგრა – სახლიც, მარანიც.. ვერაფერი გამოვიტანეთ.. ჩვენი სოფელიც, ქალქიც ეგ იყო, ზღვაც და ხმელეთიც – იქ გავზარდე ჩემი შვილები. აღარავინ დარჩა ჩემი მეზობლები.. მანამდე კენჭიც არ განძრეულა და ასე ერთბაშად დაინგრა ყველაფერი”, – ამბობს ხელმაღლის კიდევ ერთი მცხოვრები გულნაზი მოდებაძე.

„მიწა მიდის, სახლები ინგრევა ნელ-ნელა.. ყველა სახლი დაბლა მიდის.. მე იმ სახლიდან გაყვანილი ვარ და ქირას გვიხდის სახელმწიფო.. ახლა თანხას ველოდებით, რომ რაღაც იყიდოთ. მე უმიწოდ დავრჩი და მიწა აუცილებელია ოჯახისთვის.. ძნელია უმიწოდ ცხოვრება.. სამსახური ძნელი საშოვარია ქალაქში.. აზრი აღარ აქვს ვიძიოთ, რანაირად და რა მოხდა – ეგ არავინ იცის. ახლა ისეთი პერიოდია, კატაკლიზმები იმატებს, შეიძლება ბუნების ბრალია მართლა.. ამას ასე ადვილად ვერავინ დაადგენს”, – გვეუბნება ღვერკის მცხოვრები გულნაზი ხარატიშვილი.

„გეოლოგების მიერ მოხაზული წითელი ხაზების მიღმა არის დაახლოებით 10-მდე ოჯახი, რომელსაც ასევე შეეხება გაყვანისა და კომპენსაციის საკითხი – ხოლო ე.წ ყვითელ ზონაში, სადაც ამ ეტაპზე არ არის საშიშროება, რჩება მოსახლეობა.. ვისაც სოფლის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილში გადასვლის სურვილი გაუჩნდება და სახელმწიფოს მიმართავს, რომ მიწები მიიღოს – მზად ვართ, რომ განვიხილოთ. კომპენსაციეთან ერთად, რომ მათ რაიმე ფორმით იქ დამაგრების საშუალება ჰქონდეთ, რომ სოფლები შევინარჩუნოთ. ამიტომ დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტი – ელექტროენერგიის მიწოდება, ახალი ხაზის გაყვანა, ახალი გზა გავაკეთეთ, რომელიც მობეტონდება და მოხდება წყლის და სხვა პროექტების განხორციელება, რომ ამ ხალხს მივცეთ საშუალება ადგილზე დამაგრდეს და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.. ვისაც გეოლოგიური დასკვნით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, შეუძლიათ მიმართონ და გასცემენ პასუხს, ხოლო ვისაც მიაჩნია, რომ ეს დასკვნა არ არის სრულფასოვანი, მათ შეუძლიათ, რომ უფრო სრულფასოვანი დასკვა შემოგვთავაზონ“,  – გვითხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.

თვითმმართველობის ინფორმაციით ამჟამად დამეწყრილი სოფლების უსაფრთხოდ მიჩნეულ, განაპირა ნაწილში 7-დან 10-მდე ოჯახი რჩება, საკუთარი სახლებიდან ქირით გაყვანილი ოჯახები კი სახელმწიფოსგან კომპენსაციას ელოდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend