კატეგორიები

განსხვავებული თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში

განსხვავებული თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში
სტანდარტული საარჩევნო გარემოსგან 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბევრი რამ განასხვავებს.

ცვლილებები ძირითადად პოლიტიკურ ველზეა. ოპოზიციონერ ლიდერთა უმრავლესობა პატიმრობაშია – პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. მათ შორის არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.

ასევე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის „საარჩევნო ბანერის დაზიანების“ ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მას სასამართლომ გირაო შეუფარდა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უარს ამბობს მის გადახდაზე, ასევე ადვოკატის ყოლის უფლებაზე, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციაა პოლიტიკურ სუბიექტებსა და ამომრჩევლებს შორის. ნაწილმა ბოიკოტის გზა და ქუჩის პროტესტის გაძლიერება აირჩია, ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლა საარჩევნო უბანზე უფრო რეალურია. ამასთან, ოპოზიციის ეს ნაწილი არც ქუჩის პროტესტის მომხრეებს ამტყუნებს.

ოპოზიციიდან არჩევნების გზა აირჩიეს კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“. მეტიც, 4 ოქტომბრისთვის მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს და ბევრ მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს. გასულ წლისგან განსხვავებით, შეთანხმებდა შედგა.

2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა, ორი პოლიტიკური სუბიექტი ერთ კოალიციად ჩამოეყალიბებინა და ამით, ახალი პოლიტიკური ცენტრი შეექმნა. თუმცა, მაშინ „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ვერ შეთანხმდნენ.

არჩევნებში საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია მონაწილეობს, თუმცა თავად ექსპრემიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვერ მონაწილეობს. რამდენიმე თვის წინ მან ქვეყანა დატოვა.

ყოფილმა თანაგუნდელებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში ორჯერ დაკითხეს – 20 ივნისისა და ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეებზე. ამ უკანასკნელს ის ვიდეოფორმატში ჩაერთო.

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ამბობდნენ, რომ იყო საშიშროება, „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარია „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გაესამართლებინათ.

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს და კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

არჩევნებში 23-წლიანი გამოცდილების მქონე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა პარტიული ნომერიც. ხუთი ნომერი წელს სხვა პარტიას ერგო. მათ მსგავსად, პარტიული ნომერი დაკარგეს გვარამია-მელია-ჯაფარიძის გაერთიანებამ, კოალიციამ „ცვლილებისთვის“ – ცესკოს შედეგებით, მათ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ სუბიექტებს შორის საუკეთესო მაჩვენებლი დააფიქსირეს.

ორივე პოლიტიკური გაერთიანება აცხადებს, რომ პარტიულ ნომრებს დაიბრუნებენ მაშინ, როცა ქვეყანაში „ახალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“.

ცვლილებებია სადამკვირვებლო ნაწილშიც.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება ეუთო/ოდირი – ორგანიზაცია, რომლის დასკვნასაც „ქართული ოცნება“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს.

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ პოზიცია არაერთხელ შეიცვალა. პარტიის ლიდერები ჯერ ამბობდნენ, რომ არ სურდათ „ეუთო/ოდირის მოცდენა“ და „შეწუხება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ პოზიცია შეიცვალა – 4 ოქტომბრამდე 4 კვირით ადრე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მაინც მოეწვია – არგუმენტით, რომ „არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით“.

ირაკლი კობახიძის მოწვევის საპასუხოდ, ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ვეღარ ასწრებს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნას, რადგან „დარღვეული იყო ვადები“.

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებს უკვე წლებია, აკვირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორგანიზაცია სადამკვირვებლო ფუნქციას 2006 წლიდან ასრულებს – გამონაკლისი 2014 წელი იყო, როცა ეუთო/ოდირმა მისია ვერ გამოგზავნა „ფინანსური მიზეზების“ გამო.

სადამკვირვებლო პროცესს გამოეთიშნენ ავტორიტეტიანი ქართული ორგანიზაციები.

30-წლიანი არსებობის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არ დააკვირდება არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით.

მათ მსგავსად, პროცესს გამოეთიშნენ 31-წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და 25-წლიანი გამოცდილების მქონე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციები მიზეზად ასახელებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

ISFED-სა და TI-სთვის კი დამატებითი მიზეზი არის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მათ წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეზე.

2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნოდ მედიაკონტენტის მონიტორინგს არ განახორციელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ქარტიის განცხადებით: „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა“.

მათივე შეფასებით, ეს გავლენას იქონიებს მედიასტანდარტებზე.

ავტორიტეტიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციის არყოფნის მიუხედავად, არჩევნები მაინც არ რჩება დამკვირვებელთა გარეშე. ცესკოს თანახმად, 4 ოქტომბრის კენჭისყრას დააკვირდება 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არიან დამკვირვებლები იორდანიიდან, ტუნისიდან, მალდივებიდან, ეთიოპიიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც.

ადგილობრივი ორგანიზაციების რიცხვი კი 23-ია.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრისთვის მზად არის, ხოლო ეუთო/ოდირის არყოფნა არ შეუქმნის საფრთხეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი გაიხსნა, საიდანაც 90%-ზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონულად გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ სისტემით პირველად ტარდება.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის 1-ელი იანვრის მაჩვენებლით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 704 000-ზე მეტს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები