32-ე სექტემბერი აფხაზეთის გარეშე. ზუსტად 32 წლის წინ სოხუმის დაცემით დასრულდა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა 1992 წლის 14 აგვისტო – დღე, როდესაც დაიწყო სამხედრო შეტაკებები საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტულ ძალებს შორის, რომელთაც ზურგს უმაგრებდნენ დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე კაზაკთა მილიციის დანაყოფები და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი. არანაკლები იყო მოსკოვის როლი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ცდილობდა მიზნის მიღწევას – სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შენარჩუნებას, საქართველოსთვის ზღვისპირა რეგიონის ჩამოშორებასა და იქ მარიონეტული ხელისუფლების დასმას.
რუსული პოლიტიკის მაგალითი იყო სოჭის ხელშეკრულება, რომელიც სოხუმის დაცემამდე ორი თვით ადრე გაფორმდა. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. ქართულმა მხარემ პირობა შეასრულა და სამხედროების გაყვანა დაიწყო, რითაც სეპარატისტულმა ძალებმა ისარგებლეს. მოსკოვის დახმარებით, მათ 16 სექტემბერს იერიში სოხუმზე მიიტანეს – ზღვიდან, ციდან და ხმელეთიდან.
ბოლო წუთამდე მშვიდობიან მოსახლეობას არ ტოვებდა სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია. ის უარს ამბობდა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებასა და სეპარატისტების მოთხოვნაზე, დაჩოქილიყო და პატიება ეთხოვა მათთვის, რაზეც საქართველოს ეროვნული გმირის პასუხი იყო – „არასოდეს ჩემს სიცოცხლეში“. სეპარატისტებმა მასთან ერთად ტყვედ ჩავარდნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მთავრობის ყველა წევრი დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
ომის სისასტიკეს გადარჩენილები იძულებულნი გახდნენ მშობლიური სახლები დაეტოვებინათ.
დევნილთა ნაწილი აფხაზეთიდან კოდორის ხეობის გავლით, ფეხით წამოვიდა. უმძიმეს გზას ბევრმა ვერ გაუძლო და დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ტრაგედიის მასშტაბების ამსახველი ზუსტი მონაცემები დღემდე დაუდგენელია.
მაშინ აფხაზების მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან გაქცევა იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება, რადგან რუსების დახმარებით, სეპარატისტებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.
27 სექტემბერს სამხედრო დაპირისპირების დასრულებით დაიწყო საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მორიგი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხანა.
30 000 დაღუპული, საკუთარ სამშობლოშივე 300 000-ზე მეტი დევნილი და დღემდე მოუშუშებელი ტკივილი. ეს არის აფხაზეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ომის შედეგი.
