„ეს არის ბაბუაჩემი 1937 წელს, როცა დაიჭირეს და დახვრიტეს, იყო 46 წლის, ეს არის ბიძაჩემი, რომელიც 1938-ში დახვრიტეს, 25 წლის იყო მაშინ. მამაჩემი გადაურჩა დახვრეტას მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდში 14 წლის იყო“, – ჰყვება ე.წ. დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა შთამომავალი ლევან ფესვიანიძე. 30-იან წლებში აჭარაში დახვრეტილთა ოჯახის წევრებს ბაბუისა და ბიძის ნეშტები არასდროს უნახავთ…
„ბაბუაჩემი, ვიქტორ ფესვიანიძე იყო ცნობილი მკერავი ბათუმში, ჩვენ დღესაც არ ვიცით რატომ დაიჭირეს და დახვრიტეს, ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ საინფორმაციო მუშაობისა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებინათ, ნებისმიერი პიროვნება უნდა განადგურდეს, ყველა უნდა იყოს დაშინებული.
ბიძაჩემი, გიორგი ფესვიანიძე, ბუღალტერი იყო პროფესიით, ის ყოველთვის ანტისაბჭოურად განწყობილი იყო. 1931-34 წელს ზუსტად არ მახსოვს, მეგობრებთან ერთად დაიჭირეს, სროლაში, თურქეთში გადადიოდნენ არალეგალურად, საბჭოთა კავშირის დატოვება უნდოდათ, მაშინ სრულიად შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას და 37-ში „ლოგიკური“ იყო, რომ ასეთი ადამიანი უნდა მოეშორებინათ, მითუმეტეს როდესაც რამდენადაც ვიცი, ბიძაჩემმა ნკვდ-ს თანამშრომელი სცემა, ვინც მამამისი დააპატიმრა. ეს ფაქტობრივად იცოდა ამ ადამიანმა რომ სიკვდილზე მიდიოდა. იმ პერიოდში მოდიოდა, როგორც წესი, ნკვდ-ს რამდენიმე შეიარაღებული პირი, ღამით შავი მანქანა იყო, შავ ყვავს ეძახდნენ. იცოდნენ რომ მამაკაცი წინააღმდეგობას არ გაუწევს, რომ ოჯახის წევრები არ დაზიანდნენ. წაუყენებდნენ ბრალდებას, იქ ფორმულირება იყო ძალიან მარტივი, ანტისაბჭოთა საუბარი, განწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და აკავებდნენ გამოძიების საფუძველზე. არ ეუბნებოდნენ ახლა წაგიყვანთ და დაგხვრეტთ. ადამიანის ბედი წყდებოდა, ე.წ. რუსული სიტყვა არის ტროიკაში, ანუ სამეულში, ადვოკატი არ არსებობდა. ეს ადამიანი უნდა მოკლან, თუ გადაასახლონ. მგონი, ადამიანის გამართლების შემთხვევები არც ყოფილა.
დღესაც არ ვიცით, რატომ დააპატიმრეს ბაბუაჩემი. ეს იყო ჩვენი ოჯახის ლეგენდა, რომელსაც ჩურჩულით გვიყვებოდნენ მშობლები, სანამ საბჭოთა კავშირი იყო. ბებიაჩემი როგორც მიყვებოდა, ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს გამოიძახეს ნკვდ-ში. ეს იყო რუსული საბჭოთა სპეცსამსახური და ბაბუაჩემის სისხლიანი, ნახვრეტებიანი პერანგი გადასცეს. ეს იყო ტერორის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომ დაეშინებინათ მოსახლეობა, ბიძაჩემის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, დიდი ხანი იყო იმედი, რომ გადაასახლეს და გადარჩესო, ახალგაზრდა კაცი გაქრა, დაიჭირეს და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა“, – ამბობს ლევან ფესვიანიძე.
ლევანის ბიძის, გიორგი ფესვიანიძის, ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. მხოლოდ წლების შემდეგ გაიხსნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის არქივები და მათი რეაბილიტაცია. მალევე ოჯახმა შესაბამისი დოკუმენტები მიიღო საქართველოს არქივიდან. თუმცა ოჯახმა ისევ არაფერი იცოდა, სად შეიძლება ყოფილიყო დახვრეტილთა ცხედრები. მოგვიანებით ერთ-ერთი სტატიიდან გაიგეს, რომ აჭარაში, ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. ოჯახმა იფიქრა, რომ შესაძლოა იქ მათი ოჯახის წევრების ნეშტებიც ყოფილიყო.
და სწორედ რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ნეშტების იდენტიფიცირებისთვის, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების დახმარებით, უცხოელ მეცნიერებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათ შორის არიან ამერიკელი და პოლონელი მეცნიერები. ნეშტების იდენტიფიკაციაში და მათ შთამომავალთა მოძიებაში მეცნიერებს ფონდი „მემორიალი” ეხმარება. მათი მეშვეობით, სპეციალისტებმა 200-მდე დნმ-ის ნიმუში უკვე აიღეს.
ამჯერად კი საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად მუშაობს იმ ნეშტების აღდგენაზე, დოკუმენტირებასა და იდენტიფიცირებაზე, რომლებიც 2017 წელს, აჭარაში პირველ ოთხ სამარხში აღმოაჩინეს. სამუშაოები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
„ჩვენ გარკვეულწილად გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები, ნაწილი ნეშტების რეკონსტრუქციაზე მუშაობს, ეს ძვლები არის ძალიან ფრაგმენტირებული და ჩვენი მიზანი, ამ ეტაპზე არის, რომ ეს პატარა ფრაგმენტები აღვადგინოთ და ამ ადამიანებს დავუბრუნოთ პირვანდელი ჩონჩხის სახე. ასევე ხდება ტრავმის დეტალური შესწავლა, რაც ნიშნავს ზომების აღებას, მათი ლოკაციის განსაზღვრას, შემომავალი, გამომავალი ხვრელების იდენტიფიცირების, სროლის ტრაექტორიის განსაზღვრას”, – ამბობს მერი გონაშვილი, სასამართლო ანთროპოლოგი, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA)-ს პრეზიდენტი, თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი.
და სანამ ძვლების ფრაგმენტებს აღადგენენ და შეძლებენ მის იდენტიფიცირებას, წინ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ სამუშაოებში კი ქართველ კოლეგებს ამერიკელი მეცნიერები 2021 წელიდან ეხმარებიან.
„შემაშფოთებელია, რომ ეს ადამიანები ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ფაქტები აღვწეროთ რაც შეიძლება დეტალურად და ობიექტურად. ჩვენ ვატარებთ 3D სკანირებას, თავის ქალის ნეშტებისა და სხვა ნებისმიერი ნაწილების, რომლებსაც ტრავმის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, ვიყენებთ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავადგინოთ ძვლების ქიმიური შემადგენლობა. ეს შეიძლება დაგვეხმაროს ადამიანების იდენტიფიცირებაში”, – ჰყვება ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ცენტრის პროფესორი ნიკოლას ჰერმანი.
„როდესაც ფრაგმენტებს ვაერთებთ და ნელ-ნელა ერთიან სხეულად ვკრავთ, თითქოს ნაწილობრივ უკან ვაბრუნებთ იმას, ვინც დაკარგეს. და ეს ოჯახებისთვისაც ერთგვარი გზაა, ისევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს“, – ამბობს ალასკას ფეირბენქსის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრა ბენქსი.
თუმცა ამ პროცესს თან ახლავს პრობლემებიც. ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არქონაა – მონაწილეები მოხალისეობრივად მუშაობენ.
არადა, წინ ხანგრძლივი პროცესია. ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ელის, რომ დახვრეტილ წინაპრებს ღირსეულად მიაბარებენ მიწას.
იმედს არ კარგავს ლევან ფესვიანიძეც:
„ეს არის ჩვენი ოჯახური ტრავმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 100 წლის შემდეგ მაინც დავასაფლავოთ ეს ადამიანები”, – ამბობს ე.წ დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა შთამომავალი ლევან ფესვიანიძე.

