კატეგორიები

კვება და შიმშილი სკოლაში

კვება და შიმშილი სკოლაში

საქართველოში ბავშვთა 35 პროცენტი სკოლაში ყოფნისას არ იკვებება.

სკოლასთან ახლოს გახსნილი საცხობი ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილისთვის ის ადგილია, სადაც სკოლაში ყოფნის დროს ყველაზე ხშირად იკვებებიან – სასკოლო ბუფეტებით ბევრი არ სარგებლობს… გამონაკლისები, ცხადია, არსებობს, თუმცა სკოლის სასადილოში ბავშვთა დაბალანსებული კვებისთვის აუცილებელ საკვებს მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ შეხვდებით. ამასთან, როგორც მშობლების ნაწილი ამბობს, შესვენებების დრო იმდენად მცირეა, რომ ბავშვების ნაწილი ჭამას საერთოდ ვერ ასწრებს.

„უფროსი მეხუთე კლასშია და პატარა მესამეში… ძალიან კარგი სასადილო აქვთ – ბუფეტი, მაგრამ ძირითადად სახლიდან მოგვაქვს საჭმელი კონტეინერებით, დრო არ აქვთ შესვენებაზე, რომ ჩავიდნენ და ბუფეტის რიგში დადგნენ – ამიტომ ვარჩიეთ და პედაგოგმაც გაგვაფრთხილა, რადგან პატარები არიან, დიდ რიგში რომ არ დადგნენ და არ დააგვიანონ გაკვეთილზე დაბრუნება, სახლიდან ვატანთ მშობლები კონტეინერებით საკვებს. ხუთწუთიანი შესვენებებია და დიდი შესვენება ათწუთიანი, მაგრამ ისეთი ამბავია ბუფეტში, რიგში დგომას გვირჩევნია, რომ ადგილზე იკვებოს”, – ამბობს ორი მოსწავლის დედა, თათია გუნცაძე.

„ხანდახან ვატან ხოლმე – კონტეინერში დილით გავუმზადებ და ვატან, მაგრამ ძირითადად ადგილზე იკვებება – სკოლის ბუფეტში. მოსწრებით კი ასწრებენ, მთავარია, თანხა ჰქონდეთ ბავშვებს… ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ფული გამოატანოს ბავშვს სკოლაში… ამიტომ სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება ძალიან კარგი იქნებოდა”, – ამბობს კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი, მაკა ჟღენტი.

„ვატან კი, მაგრამ ადგილზეც ხანდახან ეხალისება და იმაზეც არ ვამბობთ უარს, რა თქმა უნდა, ერთიანი კვება რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება, თან ყველა კლასისთვის, ცოტა ეჭვი მეპარება, ეგ გამოვიდეს, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა”, – გვეუბნება ნინო ახვლედიანი.

როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვების ნაწილი სახლიდან საკვების წაღებაზე საერთოდ უარს ამბობს, ნაწილი კი კონტეინერით წაღებულ საკვებსაც ხელუხლებლად აბრუნებს უკან.

„სამწუხაროდ, ჩვენ ეს ახალი სასწავლო წელიც დავიწყეთ ძველი პრობლემებით, არაფერი, სამწუხაროდ, შეცვლილი და გაუმჯობესებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გასული სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებმა 10 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, განათლების სამინისტროში შევიტანეთ და გვეგონა, რომ შეთანხმებულები ვიყავით იმაზე, რომ სასკოლო კვების პროგრამა რაც შეიძლება მალე, რაიმე ფორმით უნდა დაწყებულიყო”, – ამბობს მეგი კავთუაშვილი, ა/ო „მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი.

მოსწავლეთა მშობლების მიერ შექმნილი ეს ორგანიზაცია, ბავშვებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესებას შარშან ხელმოწერების შეგროვებითა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ცდილობდა, თუმცა სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის დანერგვას ჯერჯერობით ვერ მიაღწია.

„როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის ბავშვები გვახსენდებიან, ვინც სახლიდანაც მშიერი მოდის და რომ ბრუნდება, იქაც არაფერი ხვდება. აქ საუბარი არ არის ცარიელი პურის ჭამაზე, რითაც შეიძლება, რომ ბავშვმა შიმშილი დაიცხროს. სასკოლო კვებაში ჩვენ ვგულისხმობთ დაბალანსებულ საკვებს ყველა ბავშვისთვის და, პირველ რიგში, სწორედ იმ ბავშვებისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება და არ აქვს საკვები არც სახლში…

ყველაზე პირველი, რასაც მოიტანს სასკოლო კვების პროგრამა არის ის, რომ ბავშვები, ვისაც საერთოდ არ აქვს საჭმელი არც სახლში – არც საუზმე აქვს, არც ცხელი სადილი ხვდება, არც ვახშამი და იძულებულია ყველაზე იაფი პროდუქტით – პურით დანაყრდეს, მიიღებენ აუცილებელ საკვებს… ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ პურით გამოკვება არის იგივე შიმშილი, იმიტომ რომ ბავშვი ვერ იღებს ვერაფერს სასარგებლოს.

სასკოლო კვებას აქვს უდიდესი დადებითი გავლენა, როგორც ბავშვების ჯანმრთელობაზე, ასევე განათლების ხარისხზე, ამცირებს სკოლის მიტოვების მაჩვენებელს და ეკონომიკურ წინსვლაში ეხმარება ქვეყანას – დანაყრებული ბავშვი უკეთეს განათლებას იღებს, რაც სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ წინსვლასთან პირდაპირ კავშირშია”, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად – „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“ „სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს იკვებება ბავშვების 35%.

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში არჭამის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია  და 45% შეადგენს”.

როგორ გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე შიმშილი, ამის შესახებ დაწყებით კლასების მენტორ მასწავლებელს, ინა მეცხვარიშვილს, ვესაუბრეთ.

„შიმშილი პირდაპირ მოქმედებს მოსწავლის სწავლის ხარისხზე, ეს არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე აისახება, არამედ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზეც… საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობაა სკოლების, სადაც სასადილო არსებობს, დაახლოებით 25% და ამ სასადილოებშიც ყველგან კვება არის ფასიანი, რაც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. როდესაც ამ თემაზე ბავშვებთან ერთად ვმუშაობდით, გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება – გარდა იმისა, რომ ფინანსური პრობლემა აქვთ მოსწავლეებს, არიან ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ფინანსური პრობლემა არ აქვს და მათ თანხას კი ატანენ მშობლები, მაგრამ არც სკოლაშია სასადილო და არც სკოლის მიმდებარედ არის კვების ობიექტი, ამიტომ ასეთი მოსწავლეების ნაწილიც კვების გარეშე რჩება მთელი დღის განმავლობაში”, – ამბობს მენტორი მასწავლებელი, ინა მეცხვარიშვილი.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობლები შემომჩივიან – ჩვენ გამოვატანეთ საკვები ან ფული, მაგრამ უკან მოიტანა და რატომ? ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ზრუნავენ საკუთარ კლასელებზე. შევსწრებივარ ასეთ შემთხვევებს, სთავაზობს კლასელი კლასელს, რომელსაც სახლიდან საკვები არ მოუტანია, მაგრამ უარს ეუბნება, მე ხომ ვიცი, რომ მას ნამდვილად შია… მეოთხეკლასელები არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რატომ არის აუცილებელი უფასო სასკოლო კვება ამოქმედდეს ყველა სკოლაში – ამბობენ, რომ ძალიან რთულია, როცა მუცელი გიბუყბუყებს, ისწავლო…

სკოლაში უფასო და ჯანსაღი კვება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად ოჯახის მატერიალური მდგომარეობისა და სკოლის ტიპისა – გამოსავალი არის ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დანერგავს ყველა სკოლაში, განურჩევლად მათი ტიპისა, საყოველთაო უფასო კვებას. და ეს სოციალური მხარდაჭერა კი არ იქნება, ეს იქნება ინვესტიცია მომავალ თაობაში”, – ამბობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

„ბევრი მასწავლებელი გვეუბნება, რომ იძულებულები არიან, საკუთარი ფულით სასუსნავები უყიდონ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სახლიდან საუზმის გარეშეა მოსული და ასეთი ძალიან ბევრია, რომ გული არ წაუვიდეს… მასწავლებლებს უწევთ ჩანთით ატარონ სასუსნავები და ტკბილეული, რომ ბავშვებს შიმშილის გრძნობა გაუქრონ… შეუძლებელია, მშიერ ბავშვებს ჩვენ ვასწავლოთ მათემატიკა, გეოგრაფია და სხვა საგნები – ეს არის თავის მოტყუება… რატომ შიათ ბავშვებს? – ბევრი კომენტარი მხვდება-ხოლმე, მშობლები რას მიკეთებენო? მშობლებზე დგას ეს ქვეყანა – ჩვენ რომ არ ვუკეთებდეთ ყველაფერს, სახელმწიფო საერთოდ არაფერს უკეთებს… კი, ყველაფერს მშობლები ვუკეთებთ, მაგრამ არის საკითხები, რაც შენ, შეიძლება, შენს შვილს მოუგვარო, მაგრამ სხვა ბავშვებს ვერ მოუგვარებ და შემდეგ შენი შვილიც გეუბნება, არ გამატანო საჭმელი, იმიტომ რომ ნახევარი კლასი მშიერიაო…

ჩვენ ვხედავთ წლიდან წლამდე, რომ ჩვენი ბავშვები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს განათლების ხარისხით და მერე, როდესაც ეს კვლევები იდება, გვაქვს ხოლმე დიდი ვაი-ვიში, თითქოს მხოლოდ მასწავლებლის ბრალია, ან ბავშვები გვყავს ცუდი და სინამდვილეში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს”, – ამბობს „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ამის მიზეზად ყველაზე ხშირად სწორედ ფინანსური პრობლემები სახელდება. საქართველოში ბავშვების 37.8 პროცენტი კი მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებში ცხოვრობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები