მთავარისაქართველო„რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ?“ - ამერიკელი პროფესორების საჯარო ლექცია

„რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ?“ – ამერიკელი პროფესორების საჯარო ლექცია

„რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ?“ – ამ სახელწოდებით საჯარო ლექცია გაიმართა სასტუმრო „რადისონში“.

ჟურნალ National Geographic-ის მოწვევითა და ორგანიზებით საქართველოში მყოფმა პალეოანთროპოლოგებმა, კეტი შიკმა და ნიკოლას ტოტმა, დამსწრეებს გამოცდილება გაუზიარეს 50-წლიანი კვლევისა და აღმოჩენების შესახებ.

ღონისძიება მიეძღვნა ადრეული ქვის ხანის შესასწავლად ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ მრავალმხრივ კვლევებს. ეს კვლევები ტარდებოდა იმის გასაგებად, თუ რა როლი იქონია ქვის იარაღებმა და ტექნოლოგიამ ადამიანის ევოლუციის პროცესში ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში.

პროფესორებმა ისაუბრეს არქეოლოგიური მასალის შესწავლასა და ექსპერიმენტულ არქეოლოგიაზე, რაც გულისხმობს ადრეული ჰომოს მიერ ქვის იარაღების დამზადებასა და გამოყენებას.

50 წლის განმავლობაში პალეოანთროპოლოგები, კეტი შიკი და ნიკოლას ტოტი, ასევე შეისწავლიდნენ ტვინის გამოსახულებებს, რათა დაედგინათ ქვის იარაღის დამზადებისთვის საჭირო კოგნიტიური სირთულეები.

ამერიკელი პროფესორები „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტის” დამფუძნებლები არიან. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული  დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში.

სწორედ ქართულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2019 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ საპატიო დოქტორების ტიტულები მიანიჭა.

„ამ თემას მე და ჩემი მეუღლე უკვე 50 წლის განმავლობაში ვიკვლევთ. უამრავი სამუშაო გავწიეთ აღმოსავლეთ აფრიკაში, მაგრამ აღმაფრთოვანებელია ის, რაც საქართველოში, კერძოდ, დმანისში გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ.

დმანისი მსოფლიოში უნიკალური, ნამდვილად ღირსშესანიშნავი ადგილია. იქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა პრეისტორიული ხანის შესასწავლად: ადამიანის ნამარხები, ქვის ხელსაწყოები, ქრონოლოგიური მონაცემები. ასე რომ, აქ ყოფნა შესანიშნავია. ჩვენ მართლაც ვართ დაინტერესებული ჩვენი წარმომავლობით, საიდან მოვედით, როგორ მოვხვდით იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამდენი მილიონი წლის შემდეგ. ამ პროცესში იაზრებ, რომ თითოეული ჩვენი წინაპარი გადარჩა და შეძლო გამრავლება. ამ გზაზე მარცხი არ განუცდიათ, ევოლუციის 4 მილიარდი წლის განმავლობაში. ეს დაუჯერებელია, სასწაულია, რომ დღეს აქ ვართ.

მიზეზი, რატომაც ვარ არქეოლოგი, რეალურად, National Geographic-ის ჟურნალის დამსახურებაა. ბავშვობაში ბიძაჩემი ამ ჟურნალის გამომწერი იყო, მე კი ვკითხულობდი მას და პროცესში გადავწყვიტე, რომ სწორედ ამის კეთება მინდოდა…

ადამიანური ევოლუცია საინტერესოა, რადგან ის გვიყვება, თუ საიდან მოვდივართ. ადამიანებს აინტერესებთ საკუთარი გენეალოგია, მათი წინაპრების ამბავი. არქეოლოგიით კი მათი კვლევა მილიონობით წლით უკან შეგიძლია. ჩვენს წინაპრებს შესაძლოა არ ჰქონდათ დამწერლობა, მაგრამ დატოვეს უამრავი მტკიცებულება – ქვის ხელსაწყოები, ძვლები -ეს დეტექტიური ამბავია, ჩვენ კი შერლოკ ჰოლმსებს ვთამაშობთ, ვცდილობთ, გამოვიძიოთ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები”, – ამბობს პალეოანთროპოლოგი ნიკოლას ტოტი.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ ადამიანის ევოლუციაში ისაა, თუ როგორ გავხდით ასეთი ნაყოფიერი ხელსაწყოების მომხმარებლები და როგორ გაიზარდა ადამიანის ტვინი.

ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ადამიანის ტვინმა, მართლაც, განსაკუთრებული ზრდა განიცადა და შემთხვევითი არაა, რომ ეს ყველაფერი აისახა სხვადასხვა ხელსაწყოსა თუ ტექნოლოგიის ევოლუციაზეც.

ჩვენმა წინაპრებმა განვლეს გზა, რომელიც დედამიწაზე არსებულ არცერთ სახეობას არ გაუვლია. მე და ჩემმა მეუღლემ ანთროპოლოგიის შესასწავლად ერთად ვიმოგზაურეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში – იმის გამოსაკვლევად, თუ საიდან იწყებდნენ ჩვენი წინაპრები ამ პროცესს, სად მოგზაურობდნენ, როდესაც აფართოებდნენ ცოდნას. ისინი გამორჩეულები იყვნენ იმითაც, რომ შესანიშნავად ახერხებდნენ ადაპტაციას ახალ რეგიონებთან, ახალი ხელსაწყოებით – იმაზე უკეთ, ვიდრე ნებისმიერი ცხოველი. სწორედ ამან მიგვიყვანა იქ, სადაც ახლა ვართ“, – თქვა პროფესორმა, პალეოანთროპოლოგმა, კეტი შიკმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend