მთავარიგადაცემებიThe Road To Greenნარჩენები ფულია: სტრატეგიული დანიშნულების ლითონები უბანში უნდა მოიძებნოს

ნარჩენები ფულია: სტრატეგიული დანიშნულების ლითონები უბანში უნდა მოიძებნოს

რამდენად განსაზღვრავს ევროპის მომავალს ძველი სმარტფონი? ევროპაში ნედლეულის დეფიციტია, არადა, ევრობლოკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაღების ბაზარია მსოფლიოში. ევროკავშირში სურთ, რომ იმპორტზე დამოკიდებულება ცირკულარული ეკონომიკის დახმარებით შეამცირონ.

ევროპა ნედლეულით ღარიბია. მის მიერ გამოყენებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლითონების 90% იმპორტირებულია. ევროკავშირი ეძებს ისეთ რესურსებს, რომლებიც სულ ახლოს დევს… და რომლის ხელახლა გამოყენებაც შესაძლებელია.

„დღევანდელი გეოპოლიტიკური გარემოება სწორედ ის დრო უნდა იყოს, როცა  ცირკულარულ ეკონომიკაზე მართლა გადავალთ“, – ამბობს ჯესიკა როსვალი, ევროკომისარი გარემოს დაცვის, წყლისა და კონკურენტუნარიანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში.

მაგრამ რამდენად მომგებიანია მეორეული რესურსების მოპოვება? საშუალოდ ერთ ევროპულ ოჯახში 74 ელექტრონული მოწყობილობა აქვთ. აქედან 13-ს არც იყენებენ. ასოციაცია Recupel ასეთ ელექტრონულ  ჯართს აგროვებს. თუ აპარატურა გამართულად მუშაობს, მას გადააკეთებენ, ან გაყიდიან. მაგრამ ჩვენ ახლა ამ ისტორიის სხვა მხარე გვაინტერესებს: როგორ ხდება მათი გადამუშავება.

ვალერი რამპი, Recupel-ის წარმომადგენელი: „როდესაც აპარატურას გახსნი, მიხვდები, რომ იქ უამრავი ნედლეულია, იქნება ეს ალუმინი, ლითიუმი თუ ნიკელი“.

ევროპული დირექტივა, რომელიც ელექტრონული ნარჩენების შეგროვების სტანდარტს აწესებს, უნდა განახლდეს, რათა ეს ძვირფასი ლითონები რაც შეიძლება უკეთ გამოვიყენოთ. თუ, როგორ, ეს კომპანია Comet Sambre-ში იციან. ეს კომპანია, რომელიც ევროპაში ლითონის გადამუშავების კუთხით ლიდერია, ცდილობს, დააკმაყოფილოს მოთხოვნა იმ რესურსებზე, რომლებიც მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის აუცილებელია: იშვიათმიწა ლითონებს ვგულისხმობთ.

„ჩვეულებრივი ელექტროძრავი უნდა დავშალოთ, რათა იქიდან ამოვიღოთ იშვიათმიწა ლითონები, რომლებიც ჩინეთშია დამზადებული“, – განმარტავს გრეგორი ლუისი, ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Comet Group. „ამ ლითონებს ეს ელემენტები შეიცავს, როგორც ხედავთ. მათ ხელმეორედ იმიტომ ვამუშავებთ ევროპაში, რომ ამით ჩვენი იმპორტზე დამოკიდებულება შევამციროთ“.

ევროკავშირის მიზანია, რომ 2030 წლისთვის გამოყენებული კრიტიკული ლითონების მეოთხედი გადამუშავებაზე მოდიოდეს.

ევროკომისიამ „ცირკულარული ეკონომიკის აქტი“ მომავალი წლის ბოლოს უნდა წარადგინოს. საერთო ჯამში დღესდღეობით ევროკავშირში გამოყენებული პროდუქტის 12% გადამუშავებულია. ეს მაჩვენებელი რომ გაიზარდოს, ევროკომისარ როსვალს სურს, ცირკულარულ კონკურენტუნარიანობას შეუწყოს  ხელი.

„უკვე ძალიან ბევრი გავაკეთეთ პოლიტიკის კუთხით, მაგრამ ეკონომიკა სწორი გზით უნდა წავიყვანოთ“, – ამბობს ჯესიკა როსვალი, ევროკომისარი გარემოს დაცვის, წყლისა და კონკურენტუნარიანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში. „ერთი საკითხი, რომელიც სულ გვაფერხებს, ის არის, რომ პირველადი მასალები უფრო იაფია, ვიდრე გადამუშავებული. თანაც ხშირად შესაბამისი ტექნოლოგიაც არ გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კურსი განსაზღვრულია. უკვე ვიცით, როგორ უნდა დავადგინოთ სხვადასხვა ლითონთან დაკავშირებით მიზნობრივი მაჩვენებლები. აუცილებლად უნდა შევქმნათ ნარჩენების ერთიანი ბაზარი. მეორეული გადამუშავებისთვის ვარგისი მასალები აქტივებად უნდა ჩავთვალოთ და უფრო მეტად გამოვიყენოთ. ეს უფრო მდგრადია, უფრო ეკონომიური და უსაფრთხო“.

მაგრამ საქმე მხოლოდ ელექტრონულ პროდუქციას არ ეხება. ჩვენ დანიაში გავემგზავრეთ, რათა კიდევ ერთ სტრატეგიულ სექტორზე ვისაუბროთ: სამშენებლო ინდუსტრიაზე მთლიანი ნარჩენების მოცულობის 40% მოდის. ეს მშენებლობა საპილოტე პროექტია: გარკვეულ მასალებს ფრთხილად შლიან, რათა ისევ გამოიყენონ.

რუნე ანდერსენი, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ცირკულარული მშენებლობის საკითხებში:

„ამ ბლოკებს ისე გაასუფთავებენ, რომ ისევ გამოდგეს კედლის ასაშენებლად. ბეტონი იმ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელთა წარმოების დროსაც ყველაზე მეტი  CO2 გამოიფრქვევა. ამიტომ თუ რაღაც ისეთს მოიფიქრებ, რომ ბეტონის ბლოკები ხელახლა გამოიყენო და ახლის ჩამოსხმა არ იყოს საჭირო, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება გარემოსთვისაც და ახალი ნედლეულიც დაიზოგება“.

ცირკულარული ეკონომიკის აქტი უნდა მოიცავდეს ნარჩენების მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობის მიმოხილვასაც, რათა რაც შეიძლება შემცირდეს გადაუმუშავებელი პროდუქცია.

კომპანია Solum-მა ინვესტიცია იმ რობოტში ჩადო, რომელსაც შეუძლია ასეთი ტიპის შერეული ნარჩენებიც გადაარჩინოს განადგურებას.

„აქ არის ხის მასალა, ბეტონი, ლითონი და პლასტმასა. ეს ყველაფერი ხელით რომ გადაარჩიო, საუკუნე გავა“, – ამბობს რუნე. „გადამუშავება ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, თუ ზემოდან გადაარჩევ. ეს ეკონომიკურადაც უფრო გამართლებულია და გარემოსთვისაც ძალიან კარგია, რადგან უამრავი CO2 იზოგება“.

ეს მასალები შეიძლება ისეთ კომპანიებს მიჰყიდო, რომლებიც ცირკულარულ პროდუქტს აწარმოებენ.   a:gain-ი დანიური კომპანიაა, რომელიც ინოვაციურ სამშენებლო პროდუქტს აწარმოებს ნარჩენებისგან.

როგორც თომას ნიგაარდ ჰამანი, კომპანია a:gain-ის ხელმძღვანელი ამბობს: „ჩვენი ეს პლასტმასის ბურთები 100%-ით საყოფაცხოვრებო ან სამედიცინო მოხმარების პლასტმასის ნარჩენებისგან არის დამზადებული“.

მაგალითად,  ინტერიერის მინის გამყოფი კედლები კი დამზადებულია გარე ფანჯრებისგან, რომლებიც შენობის დაშლის შემდეგ დარჩა.

„ცირკულარული ნაწარმი სამშენებლო სექტორში მხოლოდ 4%-ია და ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა გაიზარდოს“, – განმარტავს თომას ნიგაარდ ჰამანი. „ჩვენი პროგნოზით, ამჟამად არსებული შენობების ფართობი 2060 წლისთვის გაორმაგდება მთელ მსოფლიოში. ეს კი შეუძლებელი იქნება, თუ ნედლეულს არ შევხედავთ, როგორც იშვიათ სიმდიდრეს, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ. ეს კონსერვატიული ინდუსტრიაა. აქ ცვლილებები ნელა მიდის, მაგრამ სწორი მიმართულებით“.

ეს რომ მოხდეს, სანამ ძველ შენობას დაანგრევენ, იქ გამოყენებული მასალა უნდა აღიწეროს. კომპანია Lendager-ის არქიტექტორები ამის ექსპერტები არიან. ერთი საცხოვრებელი სახლი მათ ყოფილი საბითუმო ბაზრის ბაზაზე ააგეს.

„აქ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბეტონს ხელახლა იყენებენ. ამ ელემენტებზე ნაკაწრები შეინიშნება, რაც წარსულის ნაკვალევია. აქაც იგივეა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველაფერი გამოგვეყენებინა, რაც მოგვცეს. ყველაზე მეტ ნახშირბადს შენობებში მისი ჩონჩხი შეიცავს. ეს ადრე ბაზარი იყო. ფოლადის კოჭები დაშალეს და შეინახეს, რათა მერე ისევ გამოეყენებინათ“, ამბობს კაროლინ ფოგ გუსტაფსონი, Lendager-ის ცირკულარული წარმოების მრჩეველი.

თუმცა ასეთი ტიპის არქიტექტურის პრიორიტეტი მაინც ის არის, რომ შენობა არ დაიშალოს… რათა ნარჩენი მცირე იყოს.

„როდესაც მშენებლობის შერჩეულ ადგილზე ძველი შენობა გვხვდება, ყოველთვის ვცდილობთ, შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია მისი განახლება ან გარდაქმნა. ჩვენი დევიზი ასეთია: „ფორმას შესაძლებლობა განსაზღვრავს“. ასეთი პასუხისმგებლობის აღება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე ფიქრობს კაროლინ ფოგ გუსტაფსონი.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend