კატეგორიები

ევროკომისია: ახალი მთავრობის პროგრესი რეფორმებში თანხების განბლოკვის საშუალებას აძლევს

ევროკომისია: ახალი მთავრობის პროგრესი რეფორმებში თანხების განბლოკვის საშუალებას აძლევს
ევროკომისია აცხადებს, რომ რეფორმებში ბუდაპეშტის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით მიღწეული პროგრესი ბრიუსელს უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკის სააშუალებას აძლევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან შეხვედრის შემდეგ გამოუცხადა. მისი თქმით, რეფორმების დასრულების შემდეგ უნგრეთისთვის ხელმისაწვდომი, სხვადახვა ფონდიდან განბლოკილი თანხების ჯამური რაოდენობა 16.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

„ეს საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ უნგრელი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და შესრულებული სამუშაოსთვის პეტერ მადიარს მადლობა გადაუხადა.

„12 აპრილი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ამ დღეს უნგრელმა ხალხმა საკუტარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. მათ მკაფიო არჩევანი გააკეთეს  - აირჩიეს ევროპა და აირჩიეს დემოკრატია. მათ აირჩიეს ჩვენი კავშირის გულში დაბრუნება - იქ, სადაც მათი ადგილია. მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა ცვლილებების ძლიერ ქარს მთელ უნგრეთში უკვე ვგრძნობთ. და თქვენ, ძვირფასო პეტერ, მსოფლიოს ძლიერ გზავნილებს უგზავნით. თქვენ მიერ ფიცის ევროპის დღეს დადებით ევროპული ჰიმნის ფონზე, და ევროპული ფერების კვლავ ამაყად ფრიალით უნგრეთის პარლამენტზე - ეს ყველაფერი სიმბოლოა, რომ უნგრეთისთვის ახალი ერა იწყება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები და სიმბოლოები მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი მნიშვნელობა მშიმე შრომას აქვს. და რეკორდულ დროში თქვენ ჩამოაყალიბეთ მთავრობა, რომლის მინისტრებიც თავიანთ სფეროებში წამყვანი პროფესიონალები არიან და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის მუშაობენ. თქვენი მთავრობა სწრაფად და მტკიცედ მოქმედებს, რათა ის დაპირებები შეასრულოს, რომლებიც უნგრელ ხალხს მისცა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პროგრესის ტემპს ხაზი გაუსვა თავად პეტერ მადიარმაც. მანვე მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის „უნგრელი ხალხისა და ყველა ევროპელის ინტერესების დასაცავად“.

„პირადად თქვენი და თქვენი ყველა კოლეგის ძალიან მადლიერი ვარ იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რომელიც შეასრულეთ.  მოლაპარაკებები მხოლოდ ხუთი კვირის წინ დავიწყეთ და უკვე აქ ვართ. უნგრეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ისტორიულ გარღვევას - შეთანხმებას, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია უნგრელი ხალხისთვის და ჩემი საყვარელი უნგრეთისთვის. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ და მზად ვართ, უნგრელი ხალხისა და ყველა ევროპელი მოქალაქის ინტერესებისთვის თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს - ყველა უნგრელ მინისტრსა და მთავრობის წევრს, რომლებიც დღე და ღამე დაუღალავად მუშაობდნენ“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.

ევროკავშირის ამ დაფინანსებას, უნგრეთის ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის, რომელიც პრაქტიკულად უკვე სამი წელია სტაგნაციაშია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ქვეყნის ახალმა მთავრობამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისგან მემკვიდრეობით მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი მიიღო. ევროკომისიის შეფასებით, ამ დეფიციტმა, 2026 წელს შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%-ს მიაღწიოს. ამის მიზეზად კი ორბანის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული მასშტაბური ხარჯები სახელდება.

დაკავშირებული ამბები
ევროკომისია: ახალი მთავრობის პროგრესი რეფორმებში თანხების განბლოკვის საშუალებას აძლევს კანონმდებლებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გაუქმებას დაუჭირეს მხარი