კატეგორიები

რუმინეთში რუსული დრონის შეჭრას ევროპელი ლიდერები კრემლის პროვოკაციას უწოდებენ

რუმინეთში რუსული დრონის შეჭრას ევროპელი ლიდერები კრემლის პროვოკაციას უწოდებენ
„პროვოკაცია და არა შეცდომა“ - ასე ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები ნატოს წევრ რუმინეთში რუსული დრონის შეჭრას.

მათი შეფასებით, მოსკოვს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული არა ომის დასრულება, არამედ მისი გაფართოება, სხვა ქვეყნების ჩართვა და მეტი ესკალაცია ევროპულ კონტინენტზე, რისი დასტურიც არის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ევროკავშირსა და ნატოში შემავალი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევა.

„თუ ნებას დამრთავთ, დრონების ინციდენტის მიღმაც, მსურს კიდევ ერთხელ და პრინციპულად განვაცხადო ფედერალური მთავრობის პოზიციის შესახებ: ჩვენ არ შევუშინდებით რუსეთის კურსს, რომელიც მიმართულია მეტი ესკალაციისკენ.

ეს ნათლად გამოჩნდა გასული კვირის მძიმე თავდასხმების დროს, როდესაც გამოყენებული იყო 90 რაკეტა და 600 დრონი, მათ შორის სკოლების, საავადმყოფოებისა და ტელესტუდიების წინააღმდეგ.

სარაკეტო ტერორი გრძელდება, მათ შორის ბოლო დროს „ორეშნიკის“ გამოყენებით, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. მინდა დავამატო: სრულიად მიუღებელია აშკარა მუქარები შემდგომი ესკალაციის შესახებ, კიევის ცენტრის დამიზნება და ამასთან ერთად დიპლომატიური მისიების მოწოდება, დატოვონ ქვეყანა და კიევი.

დიპლომატიურ მისიებზე მიზანმიმართული თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევა იქნებოდა. თუმცა, ფედერალური მთავრობა არ შეუშინდება ასეთ აშკარა მუქარებს. პირიქით - ეს კიდევ უფრო მეტ საფუძველს გვაძლევს, ვიყოთ ერთიანები და ერთობლივად გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა ალიანსის ფარგლებში“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა.

რუმინეთში განვითარებული მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სრულმასშტაბიანი აგრესია დაგმო მანამდე ზოგიერთი დასავლელი ლიდერის მიერ სკეპტიკოსად წოდებულმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრი ბაბიშმაც:

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმებს, რომლის დროსაც ერთ-ერთი დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ შენობასაც მოხვდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ჩეხეთის რესპუბლიკა მტკიცედ დგას თავისი მოკავშირე პარტნიორების გვერდით და ასევე გმობს რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.“

სოციალური პლატფორმების პირად გვერდებზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ახლა კრიტიკულად აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გაიზარდოს.

მისივე თქმით, რამდენიმე ევროპელ ლიდერს შეატყობინა დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თაობაზე, რომ მოსკოვი ამზადებს ახალ მასირებულ დარტყმებს უკრაინული ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ:

„ეს იყო კიდევ ერთი ცინიკური თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩვენს ქალაქებსა და წყლებში, რომლის სამიზნეც სამოქალაქო კონტეინერმზიდი გემები იყო. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირად დავუჭიროთ მხარი რუმინეთს ამ ვითარებაში.

ველით, ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მართლაც ძლიერი იქნება და რუსეთი იგრძნობს, რომ მისი თავდასხმები თავად რუსეთისთვის მნიშვნელოვან დანაკარგებს ნიშნავს. ეს სამართლიანი იქნებოდა.“

კვლავ სიძულვილის ენით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა და რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ ევრობლოკის ხელმძღვანელებისთვის აჯობებს „პირი მოკუმონ“. მისივე მტკიცებით, ისინი „ღიად არიან რუსეთთან ომის მონაწილენი“.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთში რუსული დრონის შეჭრას ევროპელი ლიდერები კრემლის პროვოკაციას უწოდებენ ევროკომისია: ახალი მთავრობის პროგრესი რეფორმებში თანხების განბლოკვის საშუალებას აძლევს