კატეგორიები

აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა

აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა
ისრაელის გამანადგურებელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე სრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

გასული დღეების განმავლობაში ისრაელმა ლიბანის სამხრეთით შეტევების მასშტაბი მას შემდეგ გაზარდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საბოლოოდ გაანადგურებდა. ღამის საათებში ისრაელმა ლიბანის სანაპირო ქალაქი ტირზეც დაბომბა, რომელიც ლიბანში სიდიდით მეოთხე ქალაქია. იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზეც.

ისრაელის არმიის სპიკერის, ბრიგადის გენერლის ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები უწყვეტ რეჟიმში ყველა მიმართულებით მოქმედებენ და მთელი ლიბანის მასშტაბით მიაქვთ იერიში.

„ჩვენი მიზანი ნათელია. უნდა დავიცვათ ჩრდილოეთის მოსახლეობა, საფრთხე უფრო შორს გადავწიოთ, დროთა განმავლობაში ღრმად დავარტყათ და დავასუსტოთ „ჰეზბოლა“. ჩვენ მუდმივად დიდი ძალით ვუტევთ მათ. ჩვენი მებრძოლები მოქმედებენ წინა თავდაცვითი ხაზის რაიონში და ყოველ კვირას ათობით ტერორისტს ანადგურებენ. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან დღემდე ლიბანში 700-ზე მეტი ტერორისტი დავხოცეთ. ისინი იმ 2,500-ზე მეტ ტერორისტს შეუერთდნენ, რომლებიც ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დაწყებიდან დავხოცეთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?  იმიტომ, რომ „ჰეზბოლა“ დაახლოებით 30,000 ტერორისტისგან შედგება. თითქმის მესამედი კი უკვე გავანადგურეთ,“ - განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა.

ისრაელის ჯარებმა გასულ დღეებში სტრატეგიული მდინარე ლიტანი გადაკვეთეს, რომელსაც ისრაელის სამხედროები დე ფაქტო საზღვრად იყენებდნენ. ისრაელმა იერიშები ლიბანსა და ისრაელს შორის ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გააძლიერა. აშშ-ში ორ ქვეყანას შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი პირდაპირი სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართება. მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ki დაძაბულ უერთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა