თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, მეგი დიასამიძის, პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საუბარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე. მოსამართლე დავით კურტანიძემ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვიგებდი, მეორე მხარე რას აკეთებდა და ამას თვითონ ადვოკატებიც ვერ იგებდნენ. რომელი მუხლი იყო კონკრეტულად, არ მესმოდა და რადგან მუხლი არ მესმოდა, ვერ ვხვდებოდი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. როდესაც უშუალოდ ადვოკატები ვნახე დარბაზში, იქ მითხრეს, რომ გირაოს ითხოვს პროკურატურა და როცა გირაო მოითხოვეს, გავთავისუფლდებოდი თუ არა, არ მქონდა ზუსტად ინფორმაცია და მოლოდინი არ მქონდა გათავისუფლების, გულწრფელად რომ გითხრათ. პროკურატურის ბრალდებას და გამომძიებლების ბრალდებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. არ დამიზიანებია და ვერანაირად დავეთანხმები, ცხადია”, – განაცხადა მეგი დიასამიძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.
2000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურატურა ამბობდა, რომ არსებობდა მეგი დიასამიძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
„შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე, აღნიშნული გადაწყვეტილება საპროცესო კოდექსის თანახმად არ საჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს შეეფარდა გირაო და ბრალდების მხარეც ითხოვდა გირაოს შეფარდებას. ბრალდებულმა უნდა გადაიხადოს გირაო 20 დღის ვადაში”, – განაცხადა პროკურორმა ნინო ჟვანიამ.
მეგი დიასამიძის ერთ-ერთი ადვოკატი მარიამ ჯიქია ამბობს, რომ ეს საფრთხეები არის არარეალური, ისევე როგორც ის სისხლისსამართლებრივი საქმე, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის დაწყებული.
„მოსამართლე დავით კურტანიძემ განიხილა მეგი დიასამიძის აღკვეთის შეფარდების საკითხი. ბრალდების მხარეს სურდა, რომ გირაო გამოეყენებინა, თუმცა ჩვენი პოზიცია იყო, რომ საერთოდ არ საჭიროებდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მეგი დიასამიძე, ასევე მოვისმინეთ დღეს აბსურდული ბრალდებები, რომ თითქოს მეგიმ ჩაიდინა ეს დანაშაული და ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რატომაც უნდა გამოეყენებინათ გირაო და ეს საფრთხეები იყო – მიმალვა, ხელახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე ის, რომ მოწმეებზე გავლენას მოახდენდა.
მეგი მიემგზავრებოდა თბილისიდან ბათუმში, თავის ოჯახთან. ამის გარდა იმგზავრა საჯარო ტრანსპორტით, ტელეფონი ყოველთვის ჰქონდა ჩართული, არავინ არ დაჰკავშირებია საგამოძიებო ორგანოებიდან და პროკურატურიდან, რომ შეტყობინება მაინც შესულიყო გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და არანაირი საფუძველი არ იყო მისი სპეცოპერაციით აყვანის. შესაბამისად, ეს საფრთხეები არის არარეალური, აბსურდული, ისევე როგორც ის სისხლისსამართლებრივი საქმე, რომელიც მეგი დიასამიძის წინააღმდეგ არის დაწყებული”, – განაცხადა მეგი დიასამიძის ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ.
მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 187-მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მეგი დიასამიძე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა. შემდეგი წინასასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს გაიმართება.
