შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე მეგი დიასამიძე დააკავა.
უწყების მიერ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ „თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“. საუბარია კახა კალაძის ბანერზე დატანილ წარწერაზე: „რუსული ოცნება“.
ეს წარწერა მალევე წაიშალა, თუმცა უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღძრა. მეგი დიასამიძეს გამოძიება ედავება „ნივთის დაზიანებას ან განადგურებას“. სამოქალაქო აქტივისტის დაკავების შესახებ ჰყვება მისი ადვოკატი. შოთა თუთბერიძემ ისაუბრა მეგი დიასამიძის უფლებრივ მდგომარეობაზე:
„9 საათის განმავლობაში მას ჰქონდა ხელბორკილები, ხელები ზურგს უკან შეკრული, რაც არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი. მიუხედავად თხოვნისა, რომ ბორკილები ან ცოტა მოეშვათ, ან წინ გადმოეტანათ, პოლიციელებმა მას ცინიკურად უთხრეს, რომ: „ნაკლები იმოძრავე და ნაკლებად გეტკინებაო…“
სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, მეგი დიასამიძემ სასჯელისთვის თავი თვითონ გაიმეტა. მედიასთან კახა კალაძემ კვლავ ისაუბრა ე.წ. „არეულობის სცენარზე“.
„ზოგადად, არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება… პატიმრობა იქნება, თუ სახლში გაშვება, ამას მოსამართლე წყვეტს… ფაქტი არის ძალიან ცუდი… სურთ არეულობის შემოტანა და საარჩევნო კამპანიის ჩაშლა…“
10 სექტემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის საქმესა და ბოლო დღეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან მოძრაობიდან „სოციალური დემოკრატიისთვის“. მისი წევრები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე. ამბობენ, რომ ელიან სამართალწარმოების დაწყებას მოძრაობის სხვა აქტიური წევრების მიმართაც. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ბანერის დაზიანებას არეგულირებს არა სისხლის სამართლის, არამედ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი.
მელიქიშვილის გამზირის პროტესტის ახალ კერად 3 სექტემბრიდან იქცა. ამ დღეს გაიხსნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 8 სექტემბერს განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.