„ევროკავშირი, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის წევრ 27 ქვეყანას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად საერთო ღირებულებები აქვს. თუ რომელიმე ქვეყანას, საკუთარი ნებით სურს ამ ერთობის წევრი გახდეს, არა მხოლოდ მსგავს კანონებს უნდა იღებდეს, არამედ საერთო ღირებულებებსა და პოლიტიკასაც უნდა იზიარებდეს. ნებისმიერ კავშირში გაერთიანება კი, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას, გაზიარებასა და კონსენსუსზე დამყარებულ ორმხრივ ურთიერთობას ეფუძნება. ევროკავშირი ვერ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს და ევროკავშირთან დაახლოვდეს წევრობის მსურველი ქვეყანა“, – ამას ვკითხულობთ ნებისმიერ ინფორმაციაში, რაც მოკლედ ევროკავშირის ფუნდამენტს უხსნის დაინტერესებულ პირს.
უკვე მრავალი წელია, საქართველო ცვლილებების გზაზეა – გახდეს ევროკავშირის სტანდარტების მქონე ქვეყანა, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და კანონმდებლობის მხრივ, არამედ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ღირებულებებით.
ბოლო წლებია, სწორედ აქ წარმოიშვა პრობლემა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ უხილავი, თუმცა „გავლენიანი“ ძალის, ე.წ. „დიფ სტეიტის“ წყალობით, ევროკავშირი საქართველოსგან ხან ახალი ომის დაწყებას, ხან კი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის აღზევებას მოითხოვს. რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია და როგორც ამბობენ, ამაში მათ საზოგადოების დიდი მხარდაჭერაც აქვთ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ცალმხრივად „გაბუტულ“ რეჟიმშია.
„რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ევროკავშირი ეს არის ასევე პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი სურვილი და ხედვა არის რომ და ამაში გვაქვს ჩვენი მოსახლეობის სრული მხარდაჭერა, რომ ეს ქვეყანა განვავითაროთ ტრადიციული ღირებულებების დაცვით. ამავე დროს, დემოკრატიულ საფუძვლებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა. რეალურად პრობლემა და საუბარი გვაქვს საბაზისო საკითხებზე. ეს არის „გამჭვირვალობა“, ოჯახისადმი პატივისცემა, კონსერვატიული ღირებულებების დაცვა და განვითარება. სწორედ ამაზე გვაქვს, როგორც ჩანს, ძირითადად უთანხმოება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ის, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, რეალურად რაზეა ჩვენს შორის შეუთანხმებლობა ან თანხვედრა. რატომ არის ისე, რომ ერთი ხედვის იძულებით თავსმოხვევას ცდილობენ მესამე ქვეყანაზე. სხვა მხრივ, ჩვენ არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს ევროკავშირთან“, – აცხადებს მახაშვილი.
ევროკავშირმა საქართველოსთან დემოკრატიის უკუსვლის გამო წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ გახსნა. ევროსტრუქტურებიდან საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არავინ ხვდება. „ქართულ ოცნებაში“ ამას იმით ხსნიან, რომ არასასურველ მოთხოვნებს მედგრად დაუდგნენ და უვიზოდ მიმოსვლის გაუქმების რისკის სანაცვლოდაც ასე გააგრძელებენ.
„უვიზოდ მიმოსვლა რომ ჩვენთვის არის საინტერესო და სასურველი, ეს არაერთგზის დავამტკიცეთ და ხშირად პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ ამისთვის, რადგან ზოგჯერ იმ დროისთვის მტკივნეული რეფორმები განვახორციელეთ, მაგრამ მეორე მხარეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც არ შეიძლება რაღაც სიკეთეში გაიცვალოს“, – აღნიშნავს ლევან მახაშვილი.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიას გაუგზავნა წერილი, რომელიც არ საჯაროვდება. ამას ადრესატიც ადასტურებს. თუმცა ევროპულ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ დიდი მოთმინებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და დემოკრატიის მდგომარეობას. გადაწყვეტილებას კი, უვიზოდ მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებისა თუ სხვა სახის სანქცირების შესახებ არც ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებენ.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს ევროკომისიის მიერ ივლისში გამოგზავნილ წერილს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ მას. კომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. გასულ კვირას ქართულმა მხარემ დემოკრატიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებით. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ფუნდამენტურ უფლებებზე და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიების იარაღად გამოყენების მცდელობა. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლისკენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტიმ.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, ევროკავშირში წევრობის მსურველი საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირმა თავად გადახედოს მის ფუნდამენტს. მისი თქმით, ეს უცნაური მიდგომაა, რადგან სხვა ევროკავშირი არ არსებობს და ის ერთ ქვეყანას ვერ მოერგება. ხსნის, თუ რას გვთხოვს ევროკავშირი და რას პასუხობს საქართველო.
„პირველად მოხდა, რომ კანდიდატი ქვეყანა – ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად აქვს კანდიდატის სტატუსი, არათუ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის (დემოკრატიულ უკუსვლას სხვა ქვეყნებიც განიცდიან, მაგალითად, სერბეთი და ბალკანეთის ქვეყნები), არამედ მიდის ავტორიტარიზმისკენ. თვითონ ევროკავშირიც ვერ ხსნის ამას. ეს ახალი ფენომენია – ერთი მხრივ, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს უნდოდეს ევროკავშირში გაწევრება და ამავდროულად, ხელისუფლება ცდილობდეს ამ პროცესის საბოტაჟს. ფორმალურად იძახიან, რომ მათ უნდათ ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ისეთ ევროკავშირში, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს. მათ უნდათ ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც ვიქტორ ორბანის მსგავსი ხელისუფლებები იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი ძირითადად ლიბერალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული. იქ არავინ არავის ძალით არ იწვევს. ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რატომაც პატარა, მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნები ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, ისაა, რომ იქ პატარა ქვეყნების უფლებები დაცულია. მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სუვერენიტეტის… ეს არის ღირებულებითი კავშირი…
აქედან გამომდინარე, თუ საქმე ასე წავიდა და ეს სცენარი განვითარდა, ეს ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაიწყებს და უკვე საუბარიც არის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვაზე. ეს არ არის მუდმივი საჩუქარი სახელმწიფოების მიმართ. პრობლემა იყო დეოლიგარქიზაცია: საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომმა ოლიგარქმა ჩათვალა, რომ ეს ფაქტობრივად მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში აყენებენ რეჟიმის სტაბილურობასა და მის გადარჩენას. ანუ მათთვის ეს ყველაზე მთავარია – ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებია ყველაზე მთავარი. შემდეგ მოდის სხვა რაღაცები. და როცა ეს მოცემულობა გვაქვს, ბუნებრივია, იქ ძალიან რთულია რამის შეცვლა, თუ თავად საზოგადოებამ არ შეცვალა რამე”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
ევრობარომეტრის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტს მყარად სურს ევროკავშირში წევრობა. ამისთვის კი, საქართველომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკურ-იდეოლოგიურად დაახლოება. საწინააღმდეგო ნაბიჯების შემთხვევაში კი საქართველოს აფრთხილებენ, რომ დიდი არჩევანი არ იქნება – ან დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა, ან ისევ ბნელი ავტორიტარიზმი და გაურკვეველი მომავალი ფერადი პროპაგანდით.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
