კატეგორიები

ცხოვრება მეწყერთან ერთად

ცხოვრება მეწყერთან ერთად
ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან ამჟამად 50 ოჯახია გაყვანილი, შედარებით უსაფრთხო ზონაში ჯერ კიდევ რჩება 20 ოჯახი, რომლებიც გეოლოგების საბოლოო დასკვნას ელოდებიან.

ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების – ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები დანგრეული სახლებიდან ნივთებს ნელ-ნელა, სოფლის შედარებით უსაფრთხო ნაწილში ეზიდებიან. ხემაღალში გაკრული გამაფრთხილებელი წარწერების მიუხედავად, მეზობლები სახიფათო ზონაში მორიგეობით მაინც შედიან და იქ დროებით დარჩენილ რამდენიმე ძაღლსა და საქონელს პატრონობენ.

„ძაღლები მაბარია მეზობლისა, პატრონები წასულები არიან, დატოვეს საჭმელი და აქ ვინც ვართ, ჩავდივართ ხოლმე და ვაჭმევთ…

საშიშია, როგორ არა? ნებისმიერ დროს შეიძლება აქედან დაცურდეს მიწა და თან გაგვიყოლოს, მაგრამ მაინც ვრისკავთ… ჩვენი მეზობლები არიან… ასე დავდივართ ყოველ დილა-საღამოს…

უფრო და უფრო დღითიდღე მიდის მიწა, დაბზარული სახლები გადაინგრა, რომელიც არ იყო დაბზარული, ისიც დაიბზარა. ქვევით მიდის, ყანებისკენ… ნაწილი მეორე მხარეს მიდის…

ელექტროენერგია ყოველ მეორე დღეს „ფუჭდება“, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი აქ არის და ბოძები მიაქვს მიწას… ეს ქსელების ხალხიც ძალიან შევაწუხეთ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენც? – უკვე მოსვლა აღარ უნდათ, საშიში ზონაა, ჩვენ კიდევ სოფელში ვრჩებით და შუქი არა გვაქვს. აკეთებენ, ორი დღე ძლებს და ისევ ფუჭდება“,- ამბობს სოფელ ხემაღალის მცხოვრები რუსუდან ლონდარიძე.

ძველი გზის დაზიანების გამო სოფელში პირველადი საჭიროების პროდუქტი და წამალიც რთულად ხელმისაწვდომი გახდა…  ხელმაღალის ზედა ნაწილში დარჩენილი რამდენიმე ოჯახი ამჟამად ელოდება გეოლოგების დასკვნას, რომელმაც ამ სოფელში მათი დარჩენა-არდარჩენის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

„ამ წუთში არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – პასუხებს ველოდებით 7 სექტემბრისთვის. ნაწილი ამბობს, რომ ჩვენც კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ – შესაძლებელია დაგვტოვონ, ან გაგვასახლონ. ძალიან შორი გზა გვაქვს – 20-25 კილომეტრი უნდა გავიაროთ, აქედან რაიონში ან ქალაქში რომ გადახვიდე, ნებისმიერი რამ იყიდო პროდუქტი, წამალი და უკან დაბრუნდე – უკვე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალებაც ჩვენ არა გვაქვს“, – ამბობს რუსუდან ლონდარიძე.

„300 მანეთით მე მანქანა ვიქირავო, პროდუქტი ვიყიდო, სასმელი თუ საჭმელი და მოვიდე სახლში? რა გავაკეთო 300 მანეთით? – მეტი შემოსავალი მე არ მაქვს, მხოლოდ პენსია. ერთი მანქანა გვყავს და თუ წავიდა 9 ოჯახს რა უნდა მოუტანოს? ხან პურს ვაბარებთ, ხან – კარტოფილს, შაქარს, მარილს – ხომ გინდა ოჯახს, არ გამოგელევა? დახმარება მისცეს მხოლოდ ამ დაზარალებულებს, ჩვენ – არა. ვითომ ახლა გვპირდებიან: ნუ გეშინიათ, სახიფათო ზონაში არა ხართო… რა ვიცი ახლა მე, სახიფათოა თუ არა? ეს გზა რომ წავა, მე მეორე ოჯახი ვარ, რა ვიცი მე, კაი მელის?“ – ამბობს ხემაღალის მცხოვრები პენსიონერი თამარ სალვუქაძე.

„ეს მიწა იყო იმ სახლის დონეზე… ახლა გახედეთ – ეს სახლი უკვე ჩასულია დაბლა”, – გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები ჯაბა კვინიკაძე.

ივნისში, როდესაც მეწყრის ზონაში, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პირველად იმყოფებოდა, სამანქანო გზა ამ ადგილას ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა – მას შემდეგ ბზარის ზომა იმდენად გაიზარდა, რომ დღეს იქ მანქანით გავლა შეუძლებელია.

„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან მანქანით ჩავდიოდით და ამოვდიოდით… ახლა მანქანა კი არა, ამაზე „სამალიოტი“ ვერ გადავა… ეს ხომ არის ბზარი? ხვალ მეტი იქნება კიდევ… იმატებს თანდათან მიდის და მიდის… აქედან დაიწყო, მოწყდა და გავიდა, გავიდა და გადავიდა მეორე სოფელში“, – ამბობს ჯაბა კვინიკაძე.

ჩვენი რესპონდენტის ძმის ოჯახი პირველი იყო, ვისაც წლებით ნაშენები სახლ-კარის სასწრაფოდ დატოვება მოუხდა… მაღალი რისკის მიუხედავად პერიოდულად სახიფათო ზონაში მაინც შედიან და სახლიდან ყველაზე ღირებული ნივთები უსაფრთხო ზონაში გამოაქვთ.

„ვეღარ მოასწრო გამოტანა, ათასი რაღაც ჰქონდა.. ტყუილად მიწაში უნდა დაიმარხოს და ნელ-ნელა უნდა გამოვიტანოთ… აქამდე ზურგით გამოგვაქვს და აქედან მანქანაზე ვდებთ… სახლს ვეღარ ეხება – ეს სახურავი ხუთი თვის დახურულია, მაგრამ ვერ ვხდით, ვერ ვეკარებით, შეიძლება ჩავარდეს შიგნით… დატოვა და დაიმარხება ეგ…“

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხარაგაულის მეწყერს უკავშირდება, მდინარე ყარნებას შეგუბებაა. ცოტა უფრო ქვემოთ ყარნება რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გაედინება და იქვე ახლოს მდინარე ჩხერიმელას უერთდება. ჩვენ მიერ დრონით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს როგორც შეგუბების ადგილი, ასევე მდინარეების შეერთების ზონა.

„მდინარე ცოტა გაუხსნეს გზა და გამოუშვეს, მოდის ცოტა, მაგრამ მთლიანად ვერ ხსნიან – მოდის და გუბდება… მუშაობენ სამაშველო სამსახურები, ტრაქტორები, ყველაფერი მოწადინებულები, მაგრამ ვერავინ შიშით ვერ შედის – რა დროს გასკდება, არ იცი და  სიკვდილზე მიდიხარ ადამიანი უკვე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე გარეთ“,   – ამბობს ჯაბა კვინიკაძე.

„ეს განსხვავებული ტიპის მეწყერია, რაც ახლა ხარაგაულში განვითარდა, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჭიათურაში გვქონდა მიწის ჩავარდნა, როგორიც ახლა ხარაგაულში მოხდა, ჭიათურაში მიზეზი მაინც ვიცოდით – რომ ეს იყო ტექნოგენური ანუ გამომუშავებული ქანების ზემოთ მოხდა ეს ჩავარდნა- აქ არ იყო ასეთი გამომუშავება, ამიტომ ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს. რატომ არის ასე დასერილი მიწა ფაქტობრივად და ღრმავდება ეს პროცესი, არ ჩერდება და არის ძალიან რთული ვითარება. ამას დაემატა უკვე მდინარის გადაკეტვა მეწყრის ტანის მიერ და ეს უკვე მეტი საფრთხეა იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს წვიმის სერიალის დაწყების პროგნოზი”, – ამბობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. ის საუბრობს ხარაგაულში განვითარებული სტიქიის თავისებურებებსა და იმ შესაძლო მიზეზებზე, რომლებმაც იმერეთის ორ სოფელში –  ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესი გამოიწვია.

მეწყრის ზონაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც იქ განვითარებულ პროცესებზე კონკრეტული დოკუმენტიც მოამზადეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერც კომენტარი და ვერც რაიმე ინფორმაცია მათგან ვერ მივიღეთ.

„არსებობს ორი მოსაზრება: ერთი, რომ ეს არის ტექტონიკური პროცესი, რომელზეც უბრალოდ რეაგირებას ვაკეთებთ – არის მოსაზრება, რომ ეს არის განპირობებული რკინიგზის ხაზის მშენებლობით და დაკავშირებულია გვირაბის გამოღებასთან, ანუ, რომ ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მოხდა ასეთი რამ – არა ბუნებრივად, არამედ, ჩარევის შედეგად. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ უკვე ამდენი ოჯახია გასახლებული ტერიტორიიდან, ღრმავდება ეს ნაპრალები მიწაში, შეგუბებაა მდინარეზე და საფრთხეა ქვედა ზონაში მცხოვრებლებისთვის, რადგან ხელოვნურმა წარმოქმნილმა ჯებირმა შეიძლება უფრო სავალალო ვითარება გამოიწვიოს საბოლოო ჯამში“,  – ამბობს ნინო ჩხობაძე.

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი დამეწყრილ სოფელში ესტუმრა იმ ოჯახსაც, რომელიც სახიფათო ზონიდან უსაფრთხო ნაწილში ქირით გადაიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვითმმართველობისგან ერთჯერადი ფულადი დახმარებაც მიიღეს.

„ბიძაშვილად გვეკუთვნის ეს ოჯახი და გადმოვედით – 10 წელი არავინ ცხოვრობდა ამ სახლში, მოვაწესრიგეთ ეზოც სახლიც და გადმოვედით… ქირაც გადაგვიხადეს ორი თვის უკვე… ერთჯერადი დახმარებაც მოგვცეს – ლობიო, შაქარი, მაკარონი – ასეთი რაღაცები… ამ ადგილს არაფერი ემუქრებაო, გვითხრეს, და იმედი მოგვცეს – თუ მთლიანად არ გამოეცალა ის მიწის მასა და არ წავიდა მთლიანად, თქვენ საშიშროება არ გემუქრებათო. ახლა ბუნება რას იზამს, მაგას წინასწარ ვინ განჭვრეტს?!

ორი ოთახის გაკეთებას ვაპირებდი ზევით და სესხი უნდა გამომეტანა ამ ზაფხულს – სანამ დავიწყე, კიდევ კარგი, რომ მოხდა ეს, გადავრჩი…

ჩემი სახლი მარტო სახურავი ჩანს, აქედან რომ შეხედავ, არადა თანასწორი იყო ჩემი მიწა და ის მინდორი, რომელიც ზევითაა დარჩენილი. ძალიან ვტიროდი, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ბიჭები მეუბნებიან – ეგ რას შველის დედაო? ჩვენ ავაშენეთ ეგ სახლი და ჩვენ ავაშენებთ ახალსაცო“, – ამბობს  ეშხა პაპავა.

ეკომიგრანტი ცოლ-ქმარი, ეშხა პაპავა და მალხაზ კვინიკაძე, ხარაგაულიდან

„გინდა არ გინდა – უნდა შეეგუო… პირიქით, უნდა გაძლიერდე…

ვუყურებთ ახლა, წვიმები რომ დაიწყება, რას იზამს და განსაკუთრებით ზამთარი… ზამთარს ვინც გადოვურჩებით, დავრჩებით ისინი  – გაზაფხულზე ვინც ვიქნებით აქ, ჩათვალეთ, რომ სულ ვიქნებით…

ფაქტობრივად ამ უბანში 7-8 ოჯახი ვართ დარჩენილი ადგილობრივი და ღვერკში ექვსი თუ შვიდი ოჯახი განაპირა უბანში, სადაც არ არის საფრთხე. დანარჩენი სოფელი დაცლილია იმიტომ, რომ ტერიტორია აღარ არის, დაიშალა“, – ამბობს მალხაზ კვინიკაძე.

კიდევ ერთ დამეწყრილ სოფელ ღვერკში ჩვენი ყოფნისას ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთება მიმდინარეობდა.

„ხან ითიშება, ხან დაბალი დენია – „სტოლბები“ საერთოდ აღარ არის – წაიღო სულ მეწყერმა ქვევით… სახლები დაიშალა, დაინგრა… ზოგი ინგრევა – ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენს უბანში ადგილობრივი მცხოვრები სამი დავრჩით, სხვები ზაფხულობით ჩამოდიოდნენ – ახლა ვიღა ჩამოვა, იმისთანა მდგომარეობაა..“ – ამბობს ადგილობრივი ზურაბ კამკამიძე.

ევრონიუს ჯორჯიამ დამეწყრილ სოფლებში დარჩენილების ბედსა და მდინარე ყარნებას შეგუბებასთან დაკავშირებით კითხვები ხარაგაულის მერს დაუსვა.

„დაახლოებით 70-80 პროცენტი მდინარის, რაც შემოედინება, უკვე გამოდის, გამომავალია და ეს შეგუბება არათუ იმატებს, არამედ იკლებს, რომ წარმოვიდგინოთ, ეს შეგუბება ერთ საღამოს მთლიანად გაიხსნას და წამოვიდეს, რაც წარმოუდგენელია, 70-მეტრიანი ბარიერი აქვს მას წინ ქვებისა და ჩამოსული მიწის, ასეთ შემთხვევაშიც კი ეს ვერ შექმნის იმ აპოკალიფსურ სურათს, რომელიც დახატულია. ხშირად გვეკითხებიან, უსაფრთხოა თუ არა მაგალითად ძირულა-ხარაგაულის გზით მოძრაობა, უსაფრთხოა თუ არა ნუნისში ასვლა, რიკოთის უღელტეხილზე რამდენად უსაფრთხოა ავტომობილით გადაადგილება, მათ შორის რკინიგზის ხაზზეც, – რაც ჩამოვთვალე, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად უსაფრთხოა და ისეთ შემთხვევაში თუ ჩვენ მინიმალურ რაიმე საფრთხეებს დავუშვებთ, რომ აქ არსებობდეს, ცხადია, მაშინვე ჩაირთვება განგაში, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი რკინიგზისა და საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, რომ იქ მოქალაქეებს არ შეექმნათ საფრთხე. არის მოქალაქეების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტები, როდესაც თვითნებურად შედიან სახიფათო ზონაში. ამიტომ მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაემორჩილონ სახელმწიფო უწყებების მითითებებს და განერიდონ ამ ზონას.

მდინარის კალაპოტში ტექნიკა ვერ ჩადგება და ვერ იმუშავებს, მაგრამ როცა ალტერნატიული გზა გაკეთდება და ეს უახლოეს დღეებში იგეგმება, პირველ შეგუბებას მაშინვე გავხსნით, მეორე შეგუბებამდე გზის მიყვანას ცოტა დრო დასჭირდება, ასე რომ ნელი ტემპით დავცლით. როგორც კი შეგუბებას დავცლით, მაშინვე მოხდება კალაპოტში ჩაწოლილი ამ 70-მეტრიანი ბარიერისგან მდინარის გასუფთავება და ვიმუშავებთ იმ სამ ლოკაციაზე, სადაც ძირითადი ჩამოშლა ხდება, რომ რამდენი ჩამოიშლება, მდენი გავიტანოთ. სხვა შესაძლებლობა იქ უბრალოდ არ არსებობს – ამ ჩამომავალი ფერდის ჩამოშლას ჩვენ ვერ შევაჩერებთ და მის სრულად ჩამოშლას, შესაძლოა, არათუ თვეები, წლები დასჭირდეს“, – ამბობს ლურსმანაშვილი. ხარაგაულის მერი ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულ მოვლენებს უწოდებს „მყისიერ სტიქიას“, რომელიც „წინაპირობების გარეშე წარმოიშვა“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი.

იმ ოჯახებს, რომელთაც ეკომიგრანტის სტატუსი უკვე დაუდგინდათ, სახელმწიფო ქირას 300 ლარით უფინანსებს. საქართველოში, ეკომიგრანტებისთვის ახალი საცხოვრისის შესაძენად გასაცემი კომპენსაცია კი 30 ათასი ლარით განისაზღვრება.

ცხადია, ეს არ არის ის თანხა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი მდგომარეობა შეფასდეს განსხვავებულად და განსხვავებული ფორმით და ოდენობით გადაეცეთ თანხები – ამაზეც მოდიან შესაბამისი უწყებები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მთავრობისთვის ვამზადებთ არგუმენტირებულ პოზიციას, რაც გულისხმობს, რომ სხვა შემთხვევებში, სადაც მსგავსი პრეცედენტებია მომხდარი, უფრო მეტი სადაც გაიცა, ანალოგიურად მოხდეს ამ მოქალაქეებთან მიმართებაშიც.

თუკი გეოლოგიური დასკვნა გვეტყვის, რომ გადარჩენილი ორი უბანი სრულად უსაფრთხოა და არსებული გზის უსაფრთხოებას დაგვიდასტურებენ გეოლოგები, ჩვენ იქ, მაქსიმუმ 10 სექტემბრიდან, მუნიციპალურ ტრანსპორტს დავნიშნავთ, რაზეც შესაძლოა ნომინალური გადასახადიც კი მოვუხსნათ მოქალაქეებს და მთლიანად ჩვენ დავაფინანსოთ მათი გადაადგილება მანამ, სანამ პროცესები არ ჩადგება კალაპოტში. თუ გაირკვა, რომ საფრთხის შემცველია ძველი ელექტროგადამცემი ხაზი და მისი ჩაჭრა მოგვიწევს, მაშინ სხვა მხრიდან მოვახდენთ დენის მიწოდებას, მაგრამ თუ დასკვნა იტყვის, რომ სოფლების ზედა ნაწილიც აღარ გამოდგება საცხოვრისად, ასეთ შემთხვევაში, წინსწრებად ხომ არ დავიწყებთ ამ ყველაფრის კეთებას?!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი

რაც შეეხებათ იმ ოჯახებს, ვისაც, შესაძლოა საკვების პრობლემა უდგას, თუკი ეს ოჯახები ჩვენ მოგვმართავენ, გვაქვს ძალიან კარგი სოციალური პროგრამები და ჩვენ შეგვიძლია, როგორც ფინანსური მხარდაჭერა, რომ თვითონვე შეიძინონ საკვები, ასევე თუკი ვინმე ამბობს, რომ არ აქვს ტრანსპორტის საშუალება, ვერ გადის და საკვები საშუალებების ადგილზე მიღება ურჩევნიათ – მივაწვდით ამ საკვებ საშუალებებსაც. მე როგორც ვფლობ ინფორმაციას, ამ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი ტრანსპორტი აქვს, მაგრამ ვისაც არა აქვს, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს იქ რეგულარულ მოძრაობას, დაუკავშირდნენ მერიის სამსახურებს, დამიკავშირდნენ მე და მერია დაეხმარება და უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას, – დასჭირდებათ გაყვანა რაიმეს შესაძენად, ჩამოყვანა ხარაგაულში თუ ჩაყვანა ზესტაფონში, პროდუქტის შეძენა თუ ა.შ.  მზად ვართ, დავეხმაროთ ამაში, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ჩვენი ინიციატივით მათთან მივიტანთ იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია – მთავარია გაგვაგებინონ, შეგვატყობინონ, მოგვმართონ, დაგვირეკონ – მე ეჭვი მეპარება, რომ დღეს ამ ზონაში არსებობდეს მოქალაქე, რომელსაც მერის ტელეფონი არ აქვს ჩანიშნული“, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

„ჩვენ წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მუნიციპალიტეტებს უმეტესად მძიმე ტექნიკა არ გააჩნიათ. თოვლსაც ვერ ვერევით – ჩვენ არ გვაქვს რეაგირების გეგმები, რომლებიც კანონის მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს. დაიწყეს მათ ამის კეთება, მაგრამ ჯერჯერობით ბოლოში გაყვანილი არ არის. ბევრ მუნიციპალიტეტს საერთოდ არ აქვს დაწყებულიც კი ეს პროცესი. ეს არის მთელი კომპლექსი სამუშაოების, რომლებიც არის ჩასატარებელი, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მზად მსგავსი მოვლენებისთვის, ჩვენ ვართ მზად მარტო რეაგირებისთვის – რაღაც რომ მოხდება, მერე ვიწყებთ ქმედებას და მერე ვფიქრობთ რა გავაკეთოთ“,  – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, მეწყრული ზონიდან ამჟამად 50 ოჯახია გაყვანილი, 30 კი მონიტორინგის ქვეშ რჩება, რომელთა ნაწილსაც, თავის მხრივ ალტერნატიული საცხოვრისი აქვს და ამჟამად სახიფათო ზონაში არ იმყოფება. დამეწყრილ სოფლებში ამ დროისთვის რჩება 20 ოჯახი, რომელთა ბედსაც 7 სექტემბერს გეოლოგების მიერ მომზადებული ახალი დასკვნა გადაწყვეტს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები