მთავარიევროპარუსეთირუსეთის ფედერაციის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტია

რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტია

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტია. ბენზინგასამართი სადგურები დაცარიელდა.

უკრაინის გახშირებული თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების ნაწილი გამართულად ვეღარ მუშაობს. შეფერხებულია მთლიანი წარმოების 17%, რაც დღეში 1.1 მილიონი ბარელის ექვივალენტია.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე A-95 საწვავის საბითუმო ფასები რეკორდულადაა გაზრდილი, დაახლოებით 50%-ით მეტია, ვიდრე იანვარში.

მოთხოვნის ზრდას იწვევს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებიც. ფერმერები მოსავლის ასაღებად ზაფხულის ბოლო კვირებში მანქანა-დანადგარებს აქტიურად იყენებენ.

„ესაა რეგიონი, სადაც ხალხი შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე მანქანით მოძრაობს. ესაა რეგიონი, სადაც რუსეთს შავი მიწა აქვს, სწორედ ამიტომ მოსავლის აღების პროცესები აქ ხდება. ასევე, რეგიონი მჭიდროდ დასახლებულია და მოთხოვნა საწვავზე მაღალია“, – აცხადებს კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი, სერგეი ვაკულენკო.

რუსული მედიის ინფორმაციით, საწვავის დეფიციტია შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე რეგიონში და ასევე, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

პრიმორიეს რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება, საწვავის შესაძენად მოსახლეობას რიგში საათობით დგომა უწევს, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულზე ზოგიერთი კომპანია საწვავს მხოლოდ სპეციალური ბარათების მფლობელებზე ყიდის. ადგილობრივი მედია იუწყება იმის შესახებაც, რომ უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ერთ გალონ ბენზინს 10 დოლარად ყიდიან.

2 აგვისტოს შემდეგ უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას სულ მცირე 12-ჯერ დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები სრულად არ განადგურებულა, თავდასხმებმა წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირეს.

„უკრაინელები თავს ესხმიან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაწყებული რიაზანიდან, რომელიც მოსკოვის სამხრეთით მდებარეობს, დამთავრებული ვოლგოგრადით“, – აცხადებს კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი, სერგეი ვაკულენკო.

საწვავის დეფიციტის შესამსუბუქებლად მოსკოვმა 28 ივლისს ექსპორტი შეაჩერა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ეს შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend