მთავარისაქართველოორგანიზაცია ISFED თვითმმართველობის არჩევნებს „სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით“ არ დააკვირდება

ორგანიზაცია ISFED თვითმმართველობის არჩევნებს „სტანდარტული სადამკვირვებლო მისიით“ არ დააკვირდება

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აცხადებს, რომ არ დააკვირდება 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით“. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი განმარტავს, რომ ISFED „აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას“.

მანვე ISFED-ის გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით ახსნა. კერძოდ, ლევან ნატროშვილის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი გარემოება არის საქართველოში არსებული ვითარება. ის ამბობს, რომ ქვეყანაში „დიდწილად არ არის დაცული სათანადო პირობები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად“.

21 აგვისტოს ISFED-მა წარმოადგინა ანგარიში სახელწოდებით „საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება“. დოკუმენტში ორგანიზაციამ შეაფასა პოლიტიკური კონტექსტი, საკანონმდებლო ჩარჩო, საარჩევნო სისტემა და მედიაგარემო.

წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, ISFED წერს, რომ „დიდწილად არ არის დაცული ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას“.

ორგანიზაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზეც წერს. ანგარიშში ნათქვამია, რომ კენჭისყრის შედეგები, „არაერთი საარჩევნო სტანდარტის დარღვევის გამო, ფართო ნდობას მოკლებული აღმოჩნდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპოზიციის ბოიკოტსა და პარლამენტის ფაქტობრივ ერთპარტიულობას“. ISFED-ის განცხადებით, პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებას ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ მიერ „დაჩქარებული წესითა და ინგლუზიური პროცესის გარეშე“ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ცვლილებებით გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკური დევნა. ამასთან, როგორც „სამართლიანი არჩევნები“ წერს, „ქვეყანაში მიმდინარეობს პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებითა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვით“.

საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, ორგანიზაცია ხაზს უსვამს არჩევნებზე „უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივი დაკვირვების შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდვის“ შესახებ. ISFED-ის თანახმად, „ხელისუფლებამ არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, ასევე, როგორც ორგანიზაცია წერს, „ცესკომ შეზღუდა დამკვირვებელთა უფლებები, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა გააძლიერა“.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ვკითხულობთ: „ასეთ კონტექსტში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კონკურენტული და ლეგიტიმური პროცესის ნაცვლად, სერიოზული პოლიტიკური კრიზისისა და შედეგების არაღიარების რისკის ქვეშ წარიმართება“.

ISFED-სთვის პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „კიდევ უფრო გაძლიერდა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კომისიების ფაქტობრივი კონტროლი“. საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბრისას, ორგანიზაცია მიუთითებს 2024 წელს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. ISFED-ის შეფასებით, „ბიულეტენზე მარკერის ხილული კვალის საპასუხოდ, 2025 წელს დამატებითი ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა მათი ეფექტიანობა საეჭვოა“.

ამასთან, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ცალკე გამოყოფს კენჭისყრის პროცესში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს. ანგარიშში წერია: „[2024 წლის] საპარლამენტო არჩევნებში სამი ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო მეოთხის თავმჯდომარის [გიორგი გახარიას] წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა „ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავების რისკს ქმნის“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend