„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჟინვალში, სადაც ყოფილი ავტოფარეხის შენობაში განთავსდა ჩვენი ცენტრი“, – დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავლისას ამ ორ ავტოფარეხს დაინახავთ, თუმცა მესამე წელია ამ ადგილს სულ სხვა დანიშნულება აქვს. აქ ახლა „სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრია” განთავსებული. ამ ცენტრში ბავშვებსაც ეხმარებიან და ზრდასრულებსაც.
ცენტრის დამფუძნებელია მარიამ ჯაბნიაშვილი. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, როცა ბავშვი ვერ ლაპარაკობს. ცენტრში 5 სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი მუშაობს. ბავშვები აქ არა მხოლოდ დაბა ჟინვალიდან დადიან, არამედ მიმდებარე სოფლებიდანაც, რადგან მარიამ ჯაბნიაშვილის თქმით, მათ არ აქვთ არანაირი წვდომა მსგავს სერვისებზე.
„„სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრი” არის ერთადერთი სივრცე ჩვენს რეგიონში, სადაც თავმოყრილია არაფორმალური განათლება და ინკლუზიური განათლება. ჩვენ შეგვიძლია მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ნებისმიერ ბავშვს, შეიძლება ჰქონდეთ ეს სოციოემოციური პრობლემები და გამოწვევები, შეიძლება ჰქონდეთ განვითარების ეტაპების ან მეტყველების დაყოვნება. ასევე შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვს უჭირს უბრალოდ სასკოლო პროცესში ჩართვა ხარისხიანად და ჩვენ შეგვიძლია, რომ ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ და აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება. ამჟამად ჩვენთან გვაქვს სხვადასხვა სერვისი, ქცევითი თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, აკადემიური უნარების თერაპია, ასევე ლოგიკის კურსი და ქართული ენისა და მათემატიკა ინტეგრირებული კურსი. ამ ეტაპზე 80 ბავშვი ირიცხება ჩვენთან, ეს არიან შშმ, სსსმ ანუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები და ტიპური განვითარების ბავშვები, ჩვენი ცენტრი საკმაოდ მულტიფუნქციურია, რადგანაც 4-19 წლის ჩათვლით ბავშვები გვყავს სხვადასხვა საჭიროებით. გვაქვს სათერაპიო და საგაკვეთილო პროცესები“, – ამბობს ცენტრის დამფუძნებელი მარიამ ჯაბნიაშვილი.
ცენტრის გახსნის ამბავი კი ასეთია. ერთ-ერთ ზაფხულს, როცა მარიამ ჯაბნიაშვილი მშობლიურ დაბა ჟინვალში დასასვენებლად ჩამოვიდა, მასთან კონსულტაციისთვის რამდენიმე ბავშვი მიიყვანეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში მარიამი ბავშვებთან მუშაობდა, ის უკეთ გაეცნო მათ საჭიროებებს და არდადეგების შემდეგ, როდესაც თბილისში დაბრუნდა, ამ ბავშვების დარდი გამოჰყვა… ის რომ, ბავშვები ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩნენ, ამ ფიქრებმა იგი კვლავ მშობლიურ ჟინვალში დააბრუნა.
„ეს ავტოფარეხი დაგვითმო ერთ-ერთმა ადგილობრივმა უსასყიდლოდ, რომლისთვისაც ეს საქმე მნიშვნელოვანია და ხელი შეგვიწყო ამ მხრივ. ავტოფარეხებში არ არსებობდა არანაირი პირობები, კედლებიც, იატაკიც და ჭერიც ჩვენ მოვაწყვეთ, ჩემი ძმა და მეგობრები მომეხმარნენ. ფართის შერჩევა ძალიან რთული პროცესი იყო, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ჟინვალში ისეთი ფართები, სადაც შეიძლებოდა განგვეხილა ჩვენი ცენტრის განთავსება.
როგორც კი შემოგთავაზეს ეს ფართი, მაშინვე დავთანხმდით, აუცილებლად მინიმალური პირობები მაინც უნდა გაგვეჩინა, სადაც დავიწყებდით თერაპიასა და საგაკვეთილო პროცესს“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ ჯაბნიაშვილი.
უკვე 2 წელია, რაც ცენტრში მეტყველების თერაპევტად მუშაობს ფსიქოლოგი ანი ნამორაძე, რომელიც მარიამ ჯაბნიაშვილმა მოამზადა ამ საქმისათვის.
„ვცდილობთ, რომ სავარჯიშოები მოვარგოთ ბავშვების ინტერესებს, რაც შესაბამისად, უფრო სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს. მაგალითად ახლა, რასაც ასრულებენ, ეს კონკრეტული დავალება ემსახურება აზროვნების განვითარებას. აქ საჭიროა განსხვავებების პოვნა, ფიგურების აწყობა. შესაბამისი ბარათის მიხედვით უნდა ააწყონ გამოსახულებები, ესეც ემსახურება აღქმისა და აზროვნების განვითარებას. ეს კონკრეტული აქტივობები ხელს უწყობს ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას. თითოეული მათგანი როგორც ხედავთ არის მიმართული კოგნიტური უნარების განვითარებაზე.
ამ სავარჯიშოებით ბავშვებს უვითარდებათ აღქმა, აზროვნება, მეხსიერება, კონცენტრაცია და ყურადღება, რომელიც ყოველდღიურ აქტივობებში საჭიროა. მოსულან ბავშვები, რომლებსაც მეტყველება უჭირდათ, ზოგი საერთოდ არ მეტყველებდა, ჰქონდათ კომუნიკაციური და ქცევის სირთულეები, მაგრამ თერაპიული პროცესის საშუალებით შევძელით, რომ გაუმჯობესებულიყო მათი მეტყველების კომუნიკაციისა და ქცევითი უნარების ხარისხიც. მაგალითად, ჩვენ გვყავს მოსწავლე, რომელიც ბგერების გარდა არაფერს ამბობდა, ჰქონდა კომუნიკაციური სირთულეები, მარტივად ვერ შედიოდა ხალხთან კომუნიკაციაში და უჭირდა საკუთარი აზრების გადმოცემა. დღეს ბავშვს შეუძლია მარტივი წინადადებების წარმოთქმა, გადმოსცემს საკუთარ საჭიროებებს რა სურს და როგორ სურს, გაუმჯობესდა მისი კომუნიკაცია თანატოლებსა და მშობლებთან და მოგვარდა გარკვეული ქცევითი სირთულეებიც“, – ამბობს მეტყველების თერაპევტი ანი ნამორაძე.
ცენტრის სიკეთესა და მიღწეულ დადებით შედეგებზე საუბრობენ მშობლებიც და ცენტრის ბენეფიციარებიც.
„ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა, რადგან ჩემ შვილს ჰქონდა ურთულესი ქცევები, არ შეეძლო ემოციების მართვა, არ შეეძლო ბავშვებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ამის გარდა უჭირდა წინასასკოლო მასალის დაძლევა. დღეს ეს ყველანაირი პრობლემა მოხსნილია. თავდაპირველად მას სჭირდებოდა ინდივიდუალური თერაპია, მუშაობის შედეგად დაიძლია ეს პრობლემა და ახლა უკვე ჯგუფურ აქტივობებშიც არის ჩართული“, – ამბობს მშობელი მარიამ გაჩეჩილაძე.
„არ ვფიქრობდი, რომ სწავლა იყო მნიშვნელოვანი ან ჩემი ძლიერი მხარე, არ მინდოდა, არც ვფიქრობდი, მარიამთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო ჩემი მომავლისთვის. სკოლის დამთავრებიდანვე ჩავაბარე კოლეჯში, წელს უკვე ეროვნულებზეც გავედი და უმაღლესშიც ვაბარებ, ამოაყირავა ჩემი ცხოვრება, საპირისპირო რაღაცებისკენ მიბიძგა, რაზეც საერთოდ არ ვფიქრობდი და მეგონა, რომ ვერც შევძლებდი. კოლეჯში ავირჩიე სკოლამდელი აღზრდა და უმაღლესში ვაბარებ ფსიქოლოგიაზე“, – ამბობს სტუდენტი და ცენტრის ბენეფიციარი მარიამ იარაჯული.
მარიამ ჯაბნიაშვილი საკუთარი ხელით ამზადებს განმავითარებელ ბარათებსა და სათამაშოებს. მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, ერთ-ერთ პროექტშიც გაიმარჯვა, რომელიც რეგიონებში სოციალური მეწარმეების გაძლიერებას ემსახურებოდა.
„გასულ ზაფხულს ჩემმა მეგობარმა, მითხრა ასეთი პროექტის შესახებ, რომელსაც ახორციელებს World Vision Geogia, ევროკავშირის დაფინანსებით, ამ პროექტს ერქვა „სკაინეტი” და ემსახურებოდა სოციალური მეწარმეების გაძლიერებას რეგიონებში. ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემარჩიეს და გავიარე ძალიან საინტერესო პროცესი, ეს თავდაპირველად იყო თეორიული გადამზადება. ასევე გაგვატარეს ბიზნესის მოდული და როგორ შეიძლება, რომ მართოთ ბიზნესი რეგიონებში. ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება თეორიული თვალსაზრისით, რომელიც ახლა მინდა, რომ გადავიტანო პრაქტიკაში და მინდა, რომ ჟინვალში გავხსნათ სოციალური საწარმო, სადაც ვაწარმოებთ განმავითარებელ ინკლუზიურ სათამაშოებს.
თეორიული გადამზადების შემდეგ შევძელი, რომ მომემზადებინა ჩემი სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმა, ჩემმა იდეამ გაიმარჯვა და მოვიგე ლაზერის აპარატი. ეს ნიშნავს, რომ ჟინვალში იარსებებს სოციალური საწარმო, რომელიც დაასაქმებს ადამიანებს და თან ისეთ საჭირო რესურსებს დაამზადებს, რომელიც გვჭირდება ყველა მასწავლებელს, თერაპევტს ხარისხიანი სერვისების მიწოდებაში“, – ამბობს ფსიქოლოგი და ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ ჯაბნიაშვილი.
ხარისხიანი სერვისების მიწოდებისთვის მარიამის თქმით, საჭიროა შესაბამისი ფართი და პირობები, რომლებიც ავტოფარეხში არ აქვთ. ასევე მათთვის გამოწვევაა დაფინანსების არარსებობა. თუმცა მარიამი ამბობს, რომ ახლა მოლაპარაკებები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სათანადო პირობების მქონე სივრცის გამოყოფას ელოდებიან.
„ჩვენთან მუდმივ რეჟიმში გვაქვს უფასო კონსულტაციები, ასევე გვაქვს ფასდაკლებები და შეღავათები შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფო სერვისებში იგულისხმება, რომ სახელმწიფო უფინანსებდეს ბავშვებს შესაბამისი საჭიროების მიხედვით თერაპიას და იმისათვის რომ შევძლოთ, დავრეგისტრირდეთ, როგორც სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია, გვჭირდება უკეთესი ფართი, რომელიც იქნება ადაპტირებული, რომელსაც ჯანდაცვის რეკომენდაციები ექნება შესრულებული და დაცული. შესაბამისად, უკვე ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას შეეძლება, რომ უფასოდ ისარგებლოს ამ სერვისით და აღარ მოუწიოს გადახდა არანაირი გადასახადის”, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ ჯაბნიაშვილი.
დაბა ჟინვალის „სოციალური განვითარებისა და განათლების ცენტრში” დღე მიილია, ბავშვებს მშობლებმა მოაკითხეს. ცენტრში უკვე საზაფხულო არდადეგებია, სექტემბრიდან კი პროცესი კვლავ განახლდება და იქ ახალ მსურველებს მიიღებენ, მშობლებსაც და ცენტრის თანამშრომლებსაც იმედი აქვთ, რომ მალე ექნებათ ახალი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაბამისი პირობები დახვდებათ.