მთავარიგადაცემებიThe Road To Greenროგორ ვებრძოლოთ გარემოს პლასტმასით დაბინძურებას

როგორ ვებრძოლოთ გარემოს პლასტმასით დაბინძურებას

პლასტმასის ნივთების ჭარბი მოხმარების გამო მეცნიერები და სხვადასხვა შესაბამისი ინსტიტუტის წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ მისი მხოლოდ გადამუშავება აღარ არის საკმარისი პლასტმასით დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან პლასტმასა უკვე ყველგან არის   – მათ შორის ჩვენს ორგანიზმშიც. ამიტომ აუცილებელია როგორც პლასტმასის ნივთების მოხმარების შემცირება, ისე ალტერნატიული პროდუქციის გამოყენება.

ამ პროდუქტს მხოლოდ ორიოდე წუთით იყენებ – მის გახრწნას კი საუკუნეები სჭირდება. პლასტმასის ერთჯერად პროდუქციაზე გესაუბრებით. გლობალურ დონეზე პლასტმასის ნაწარმის დამზადება 2000 წლის შემდეგ გაორმაგდა, 2060 წლისთვის კი შესაძლებელია გასამმაგდეს. როგორც ამბობენ, პლასტმასის ნარჩენებით სავსე სატვირთო მანქანა ყოველ წუთს იცლება ოკეანეში. გარემოს პლასტმასის ნივთებისგან გაწმენდა და გადამუშავება უკვე აღარ არის საკმარისი. ევროპას სურს, რომ ეს პრობლემა მისი გაჩენისთანავე გადაიჭრას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პლასტმასის შესახებ გლობალური ხელშეკრულების დადებას განიხილავენ. თუმცა ზოგიერთმა უკვე გადადგა ნაბიჯები. ჩვენ ხორვატიაში მივემგზავრებით. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანაპიროდან ყოველდღე ოთხ ბორანს გადაჰყავს მგზავრები კუნძულ ზლარინამდე, სადაც  კამკამა წყალი და მარჯნის მუზეუმია. ყოველ ზაფხულს მხოლოდ ამ პატარა სამოთხეში  პლასტმასის 150 ათასზე მეტ ერთჯერად  ნივთს აგროვებდნენ: პარკებს, ჭიქებსა თუ დანა-ჩანგალს. სანამ ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივებმა არ თქვეს – საკმარისიაო.

2018 წელს მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საცალო მოვაჭრეებმა ხელი მოაწერეს ქარტიას, რომლის მიხედვითაც, აღთქმა დადეს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შეამცირონ პლასტმასის მოხმარება.

ევროკავშირმა 2021 წლიდან პირველმა აკრძალა პლასტმასის გარკვეული ტიპის ერთჯერადი  ნივთები. მას შემდეგ სანაპიროს დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა კუნძულიდან დაბრუნებულმა ულამაზეს ქალაქ ტროგირში ისევ შევამჩნიე ერთჯერადი ნივთები.

პრობლემა ის არის, რომ ამ ნივთების გახრწნას შესაძლოა საუკუნეები დასჭირდეს. და მაშინაც კი ბოლომდე არ გაქრება. როგორც კვლევა აჩვენებს, ადრიატიკის ზღვის თევზების ნახევარში პლასტმასის ნაწილაკები  იპოვეს.

თეა კუზმიჩიჩ-როსანდიჩი, ზღვის ბიოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია Sunce-ი:

„ზღვის სანაპიროზე ნაპოვნი პლასტმასის  ნარჩენების 80% ხმელეთიდან მოდის. ეს პლასტმასის ერთჯერადი  ნივთებია. გარემოში ის გაიხრწნება და პლასტმასის მიკრონაწილაკებად დაიშლება. ზღვის ბინადართ ის საკვები ჰგონიათ, მერე კი ჩვენ ამ თევზს ვჭამთ. ასე რომ, ეს კვებითი ჯაჭვია და მისი ბოლო რგოლი – ჩვენც –  ვჭამთ პლასტმასას. უარი უნდა ვთქვათ ერთჯერად ნივთებზე.“

ქალაქ ტროგირში  გადაწყვიტეს, რომ მოაგვარონ პლასტმასით დაბინძურების პრობლემა. ქალაქის ხელმძღვანელობამ არასამთავრობო ორგანიზაცია  Sunce-ის დახმარებით სამოქმედო გეგმა შეადგინა.

„უკვე სამი წელია, რაც პლასტმასის გადარჩევის პროექტი დავიწყეთ,“ – ამბობს ანტე ბილიჩი, ტროგირის მერი. „პლასტმასას ხალხის სახლის კართანაც ვაგროვებთ. გავხსენით პლასტმასის შეგროვების ცენტრი, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გასამმაგდა შერჩეული პლასტმასის რაოდენობა, ეს შესანიშნავი შედეგია“.

ამ ქალაქმა პლასტმასის ერთჯერადი  ნივთები მუნიციპალიტეტის ყველა დაწესებულებაშიც აკრძალა.

რუჟიცა ბილიჩი, ტროგირის სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელი:

“ყოველ წელს ორ ტონა პლასტმასას ვიყენებდით. ახლა ერთჯერადი ნივთები ორი ტონით შევამცირეთ. უბრალოდ გაოგნებული ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ასეთი პატარა ქალაქი ამდენ ნარჩენს აგროვებდა“.

შემდეგი საფეხურია პლასტმასას მოხმარების შემცირება საჯარო დაწესებულებებში – იმ რესტორნებს, რომლებიც პლასტმასაზე უარს იტყვიან, უფრო დაბალ იჯარას სთავაზობენ.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სხვადასხვა ახალი პოლიტიკური მიდგომა დანერგა, რათა  ყოველდღიურად გამოყენებული შესაფუთი მასალა უკეთ გადაამუშაონ. ასევე შეიზღუდა პლასტმასის მარცვლების ჩაბნევა საზღვაო ტრანსპორტირების დროს. ცოტა ხნის წინ ნიცაში ჩატარებულ გაეროს ოკეანის კონფერენციაზე განიხილეს ევროპის ახალი პაქტი ოკეანის შესახებ.

სავალდებულო ხელშეკრულების პროექტის განხილვა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი იყო ოფიციალური დელეგაციების ზონაში.

ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები აგვისტოში ჟენევაში განახლდა. ზოგიერ ქვეყანას სურს, რომ ამ ხელშეკრულებამ ყურადღება გაამახვილოს ნარჩენების მართვაზე, გაეროს წევრმა 95-მა ქვეყანამ კი, ევროკავშირის ჩათვლით, მხარი დაუჭირა ე.წ. „ნიცის გამოსაფხიზლებელ“ დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ქვეყნებს, დადონ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ნამდვილად შეამცირებს პლასტმასას და მავნე მოლეკულების წარმოებას.

ჯესიკა როსვალი, ევროკომისარი გარემოს დაცვის საკითხებში:

„ეს ხელშეკრულება რეალურად პლასტმასის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ცდილობს, აღკვეთოს მისი დამაბინძურებელი ეფექტი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პლასტმასის სრული სასიცოცხლო ციკლი გააკონტროლოს, არა მხოლოდ გადამუშავების ნაწილი, არამედ მისი წარმოებაც…ოკეანე ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს, თანაც სასწრაფოდ. ჩემი აზრით, ნიცაში ამას მივხვდით. ეს საკითხი დაიძრა და იმედი მაქვს, შეთანხმებაც შედგება“.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend