კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპამდე - ამ გზის გასავლელად უკრაინასა და მოლდოვას სამი წელი დასჭირდათ.
კიევისა და კიშინაუსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლუქსემბურგში გადაიდგა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ბლოკის წევრი 27-ვე ქვეყნის დიპლომატები შეიკრიბნენ. მათ შორის არის უნგრეთის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი.
წინამორბედისგან განსხვავებით, ანიტა ორბანს უკრაინის ევრობლოკში გაწევრებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის აქამდე დაბლოკილი გზა ხსნილია.
„უნგრელებმა აპრილში ხმა მისცეს და გამოაცხადეს, რომ უნგრეთის ადგილია ევროპის შუაგულში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათი წინ წაწევის საუკეთესო საშუალებაა ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არსებული გაერთიანებების, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში.
პატივი მაქვს ვიდგე აქ, მილიონობით უნგრელის სახელით და გამოვაცხადო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი თავის შესახებ. უკრაინასთან რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, შესაძლებელი გახდა, მიგვეღწია ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ შეთანხმებებს, კერძოდ იმ უნგრელების, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ და რაც ეხება განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და კულტურის სფეროებს.
უნგრეთისთვის ამ შეთანხმების შესრულება და სისრულეში მოყვანა არის უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის საფუძველი. მონტენეგრო რჩება ლიდერად და ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანელების ევროკავშირში გაწევრებას.
მონტენეგროს წინსვლა გვაჩვენებს, რომ საქმისადმი ერთგულება და რეფორმების გატარება დაფასდება და ვიმედოვნებთ, ეს შთამაგონებელი გახდება მთლიანი რეგიონისთვის.
მხარს ვუჭერთ მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესსაც, ამიტომ უზომოდ მოხარული ვარ გამოვაცხადო - აქ ახალი უნგრეთია. უნგრეთი კვლავ არის საერთო ევროპული მომმავლის ერთგული“, - განაცხადა ანიტა ორბანმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირში გაწევრებას უკრაინა უყურებს როგორც მოსკოვისგან მნიშვნელოვან „უსაფრთხოების გარანტიასა“ და სტაბილურ, განვითარებულ მომავალს მას შემდეგ, რაც შეძლებს რუსული აგრესიის დამარცხებას.
კიევსა და კიშინაუსთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბრიუსელისთვისაც, რადგან კრემლი სულ ახლო წარსულში ორივეს საკუთარ ორბიტაზე მოქცევას ცდილობდა.
„დღევანდელი დღე ნამდვილად გახდება ან უკვე იქცა გაფართოების პროცესისთვის მეგა-დღედ ან მეგა-ორშაბათად. პირველ რიგში, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით უკრაინისა და მოლდოვისთვის მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს მიიღეს კანდიდატის სტატუსი.
ბოლოსდაბოლოს ჩვენ შევძლებთ ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების კლასტერის გახსნას. რატომ? იმიტომ, რომ მათ შეასრულეს ვალდებულებები და ჩვენი მხრიდანაც დადგა პასუხის დრო. თუკი მათ შეასრულეს ვალდებულებები, ჩვენც უნდა შევასრულოთ.
კარგი ამბავი ისაა, რომ, ვფიქრობ დანარჩენ ხუთ კლასტერსაც გავხსნით ივლისში“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
ივნისის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს „არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“, თუმცა დასძინა, რომ შეშფოთებულია, სამხედრო კონფლიქტში ევრობლოკის ამჟამინდელი პოზიციით - ეს კი იმის გათვალისწინებით, როცა ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფობშიც გახშირდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეფრენა და მათდამი აქტიური მუქარა.
2014 წლიდან მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური და სამხედრო აგრესია გარკვეულწილად ახსნა უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვითაც.
