რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პარიზსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო საკითხზე კვლავ აზრთასხვადასხვაობა გაჩნდა. დონალდ ტრამპი საფრანგეთს მორიგ ჯერზე დაემუქრა ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი ტარიფების დაწესებით.
ამჯერად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ასეთი განცხადების მიზეზი, რომელსაც სააგენტო New York Post-ი ავრცელებს, გახდა პარიზის მიერ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ციფრულ მომსახურებაზე დაწესებულ ტარიფები.
კერძოდ, ფრანგულმა მხარემ ჯერ კიდევ 2019 წელს დააკანონა 3%-იანი გადასახადი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციების დაბეგვრას - ამ სიაში მოხვდნენ Facebook-ი, Amazon-ი, Apple-ი და Google-ი, რომლებიც შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული.
ამერიკული მედიის თანახმად, დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონისგან ამ გადასახადის გაუქმებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში კი აცხადებს, რომ სავაჭრო ზეწოლა გარდაუვალი იქნება.
შეერთებული შტატების ბაზარზე გასატანი ფრანგული და სხვა ევროპული ღვინოებისთვის უკვე მოქმედებს 15%-იანი ტარიფი, რაც 5%-ით აღემატება მანამდე არსებულ მაჩვენებელს, ვიდრე თეთრი სახლის ადმინისტრაციას დონალდ ტრამპი მეორე ვადით ჩაიბარებდა. ასეთმა პოლიტიკამ იმოქმედა ბაზრის დინამიკაზეც და, შედეგად, ალკოჰოლური სასმელების ექსპორტმა 21%-ით იკლო.
მოკავშირეებს შორის, ვაჭრობის სფეროში უთანხმოების პირველი სერიოზული ტალღა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპს, მის მიერვე შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრებაზე საფრანგეთმა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უარი უთხრეს, რაც შტატების პრეზიდენტს არ მოეწონა და გადაწყვიტა 200%-იანი ტარიფების დაწესებით „დაესაჯა“ კონკრეტული სახელმწიფოები.
ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების შესანარჩუნებლად, გასულ წელს კანადამ გააუქმა ციფრული მომსახურების ტარიფები, თუმცა ამ საკითხზე უთანხმოებამ, შესაძლოა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კიდევ ერთი საკითხის გამო დაძაბოს.
ციფრულ მომსახურებებზე დაწესებული გადასახადის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის ხელს უწყობს პრაქტიკას, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გადაიხადონ გადასახადები იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შემოსავალს იღებენ. ასევე, ეს გადასახადი ებრძვის აგრესიულ საგადასახადო ოპტიმიზაციას, ანუ ისეთ პრაქტიკას, როდესაც კომპანიები სხვადასხვა სამართლებრივი სქემის გამოყენებით ცდილობენ საგადასახადო ვალდებულებების მაქსიმალურად შემცირებას.
გასული თვის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირში დამზადებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ „შეთანხმება შეთანხმებაა და ის უნდა შესრულდეს“.
