შენგენის ხელშეკრულების 40 წლის თავზე უფრო მეტი რამ გაუგებარი ჩანს, ვიდრე – გასაგები. შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების თითქმის ნახევარმა დროებით ისევ აღადგინა შიდა საზღვრებზე კონტროლი. ჩნდება კითხვა, ხომ არ დასრულდა შენგენის კონცეფცია, რომელიც ევროპაში ღია საზღვრებს აღიარებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „ევრონიუსმა“ სცადა და პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე ჩავიდა.
შენგენის ზონასთან დაკავშირებული პრობლემების კარგი მაგალითია გერმანია-პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონში მდებარე გერმანიის ქალაქ გერლიცსა და პოლონეთის ქალაქი ზგოჟელეცს შორის შექმნილი ვითარება. ამ ქალაქებს მდინარე ნისა-ლუჟიცკა ჰყოფს. არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საბაბით გერმანიამ 2023 წელს პოლონეთთთან საზღვარზე კონტროლი აღადგინა. ამის პასუხად პოლონეთის მთავრობამაც აღადგინა კონტროლი 2025 წლის 7 ივლისიდან. საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ჩივის, რომ განახლებული კონტორლის გამო უამრავი პრობლემა შეექმნათ, მათ შორის – გაჩნდა ხერგილებიც. ამბობენ, რომ მათ უფლებებს, რომელთაც შენგენის ზონა ანიჭებთ, საფრთხე ექმნება. საინტერესოა, მაინც რა დევს სასწორზე?
მაგალითად, მონაცემთა ანალიზის 37 წლის სპეციალისტი იაკუბ ვოლინსკი გერმანულ უბანში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა იგი ქალაქის პოლონურ ნაწილში დაიბადა. მას ხშირად უწევს საზღვრის კვეთა და ახალმა გარემოებამ პრობლემები შეუქმნა.
“მე მდინარის გერმანულ სანაპიროზე ვცხოვრობ. ჩემი მშობლები კი -მდინარის გაღმა,“ – ამბობს იაკუბი. „როცა მათთან მივდივარ, სულ ვფიქრობ, მანქანით წავიდე თუ ფეხით. არის დღეები, როცა მაგალითად, კარგი ამინდია, არავითარი პრობლემა არ მექმნება, მაგრამ თუ წვიმს ან ცივა, ვეღარ მოვდივარ ოჯახის სანახავად. არ მესმის, რატომ აღადგინეს გერმანელებმა სასაზღვრო კონტროლი. საზღვარზე უკანონოდ გადასული ხალხის ნაკადი არ გაზრდილა აქ. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის უნდობლობა, რომელსაც მდინარის მეორე ნაპირზე მცხოვრები მეზობლების მიმართ იჩენენ“.
უქმეებზე ან დღესასწაულებზე გერმანული კონტროლის გამო ამ ქუჩებში ხშირად ქაოსია. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად მდებარე სანაყინის იტალიელი მეპატრონე ანტონიო სკარამოცინოც უკმაყოფილოა.
“ქალაქი მთლიანად ბლოკირებულია. ძალიან გვირთულებს მუშაობას. რატომ? იმიტომ, რომ მომხმარებელი ვეღარ მოდის ჩვენთან მანქანით. ვინც აქვე არ ცხოვრობს, ჩვენთან ვეღარ შემოდის“, – გვიხსნის ანტონიო.
პოლონეთის მხარეს მცხოვრებნი ხელმოწერებს აგროვებენ საპროტესტო პეტიციაზე, რომელიც ევროკომისიას უნდა წარუდგინონ. იაკუბი უფრო შორსაც წავიდა. მან გერმანიის მთავრობას უჩივლა.
„ვფიქრობ, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ზღუდავს ჩემი გადაადგილების თავისუფლებას სასაზღვრო რეგიონში,“ – განმარტავს იაკუბი. „დადგა დრო, როცა ევროპელებმა უნდა გავარკვიოთ, მაინც რა გვინდა. გვინდა ისევ ვიცხოვროთ ევროპაში საზღვრების გარეშე, თუ გვირჩევნია მეოცე საუკუნის დაყოფილ საზღვრებს დავუბრუნდეთ? რომ შემეძლოს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელთან საუბარი, ვკითხავდი, ღირს ეს ყველაფერი იმად, რა სარგებელსაც იღებენ?“
ეს კითხვა გერმანიის ფედერალურ პოლიციას გადავეცით. ისინი ირწმუნებიან, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ, რათა მათი კონტროლი რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს მოქალაქეებზე. მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათი ლეგალური მანდატი ჯერჯერობით ძალიან ეფექტიანი გამოდგა.
“ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიზანი ის არის, რომ ამოვიცნოთ როგორც უკანონოდ შემოსულები, ისე მათი შემომყვანები და ამით აღვკვეთოთ უკანონო მიგრაცია,“ – ამბობს მაიკლ ენგლერი, გერმანიის ფედერალური პოლიციის წარმოამდგენელი. „ძალიან ხშირად ვაპატიმრებთ საეჭვო ხალხს. მაგალითად, ჩემმა დეპარტამენტმა ამა წლის მაისში დააკავა 175 ადამიანი, რომლებიც საცხოვრებელი უფლების მოთხოვნას არღვევდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ანგარიშის მიხედვით, 141 ადამიანმა სხვა ტიპის დანაშაული ჩაიდინა“.
ამ სტატისტიკის მიუხედავად, იაკუბი ფიქრობს, რომ მის მიერ გერმანიის წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელმა შენგენის წევრი ქვეყნები და ევროკავშირის ინსტიტუტები უნდა გამოაფხიზლოს, რათა მათ არსებულ მიდგომას გადახედონ.
“თუ ჩვენ, მოქალაქეები, არ ავიღებთ საქმეს ჩვენს ხელში და არ მივახვედრებთ მთავრობებს, რომ ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გვიღირს მისთვის ბრძოლა, მაშინ ვშიშობ, შენგენის ეპოქამ, შესაძლოა, კრახი განიცადოს,“ – ამბობს იაკუბი.
შენგენის ზონის დასასრული?
სახელმწიფოებს მართლაც შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის აღდგენა, განსაკუთრებით მძიმე ვითარების დროს. ყველაზე დიდი საკანონმდებლო და ასევე სიმბოლური პრობლემა ის კი არ არის, როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არამედ ის, თუ რატომ იღებს და როდის – ამბობს ევროკავშირის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა პოლიტიკის ექსპერტი იოლანტა შიმანსკა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორია პოლონეთის შინაგან საქმეთა ინსტიტუტში.
“ყველა კონტროლი განსაკუთრებული გარემოების დროს უნდა დაწესდეს. და რაკი მას „დროებითი აღდგენა“ ჰქვია, ის არ უნდა ჰგავდეს სამუდამოს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ათი წელია, მოქმედებს სასაზღვრო კონტროლი“, – განმარტავს იოლანტა.
ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი