კატეგორიები

11 პირის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს

11 პირის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და სხდომაზე მხარეთა კითხვებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმეში მისი ადვოკატების მიერ წარმოდგენილმა ოთხმა მოწმემ უპასუხა.

სხდომათა დარბაზში დაიკითხა მსახიობი გიგა დათიაშვილი. მან გაიხსენა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე.

„თუ ისინი დამნაშავეები არიან, მეც დამნაშავე ვარ“, – თქვა მსახიობმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას.

პროკურორის კითხვაზე, ნანახი აქვს თუ არა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძე ნივთს ისვრის, გიგა დათიაშვილმა უპასუხა, რომ ვიდეოში არ ჩანს ის, რასაც ბრალდებულებს ედავებიან.

„მას ხომ სამართალდამცავების განზრახ ჯგუფურად დაზიანებას ედავებით? ის არავის აზიანებს“, – უთხრა მსახიობმა პროკურორ ვაჟა თოდუას.

სასამართლომ მოუსმინა მსახიობ ანა ინგოროყვასაც. პროკურორის კითხვაზე, შეესწრო თუ არა საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მხრიდან სამართალდამცველების მიმართულებით ნივთების ან პიროტექნიკის სროლას, მოწმემ უპასუხა, რომ მსგავს ვითარებას არ შესწრებია და პირიქით, აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას ხედავდა.

წინა სხდომაზე, რომელიც 31 ივლისს გაიმართა, სასამართლომ ბრალდებულთათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება კიდევ ერთხელ გადასინჯა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კვლავ მიიჩნია, რომ თერთმეტივე ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს.

სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გაუქმება ან მისი ალტერნატიული ფორმით შეცვლა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მოითხოვეს. ისინი მიუთითებდნენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ბრალდებულთა პატიმრობას დაედო საფუძვლად – მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე – ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ თეორიულადაც კი აღარ არსებობს.

ამასთან, მათივე თქმით, წინა სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება – საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება, რომლის თანახმადაც, საქმეში ბრალდებულებსა და ე.წ. ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის „პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის”, ადასტურებს, რომ გამოძიება შედეგის გარეშე წარიმართა და ბრალდებას არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში ბრალდებული 11 პირის ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას დაადასტურებდა.

საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა 29 ივლისის სხდომაზე სწორედ მთავარი გამომძიებლის დაკითხვით დასრულდა. სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა, თუმცა ბრალდების მიერ საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელებისგან სასამართლოსთვის არცერთს უთქვამს, რომ საპროტესტო აქციებზე საქმეში ბრალდებული დემონსტრანტებისგან რომელიმეს ქმედების შედეგად დაშავდა.

ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები