თბილისის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეებს AI სხვადასხვა მიზნით სჭირდებათ. ზოგისთვის ეს არის სწავლის პროცესში დამხმარე ინსტრუმენტი, სხვებისთვის – სამუშაო პროცესების გამარტივების საშუალება. ზოგიერთი საერთოდ არ იყენებს ჩატბოტებს, თუმცა მიიჩნევს, რომ AI, ისევე როგორც სოციალური ქსელები, ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
ახლახან შეირჩა ეროვნული ნაკრები საქართველოდან, რომელიც წელს პირველად წარადგენს ქვეყანას ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
„ჩვენი პრიორიტეტები ამ წელს იყო ახალი თაობის AI პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც საქართველოში კომპანიებსა და ზოგადად, AI-ს აქვს, არის ადამიანური კაპიტალი, ანუ ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ტალანტი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და გამოცდილება აქვთ.
ჩავატარეთ ჰაკათონი, ოლიმპიადა, რომლის შედეგად, დაკომპლექტდა ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩინეთში წარადგენს. მეორე პრიორიტეტი იყო ბიზნესში ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით არის პოზიტიური ძვრა. გავუშვით ტრენინგის კურსი, რომელიც პირველ რიგში ეხმარება მენეჯმენტს. თანამშრომლებს კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ ხედავდნენ, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით ღირებულების შექმნა. ბიზნესს გაცილებით დიდი ინტერესი აქვს AI-სთან დაკავშირებით. სტრატეგიის მხრივ ბევრს ჩამოვრჩებით, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ტოპ სამში დაასახელა, რა როლი გვაქვს, სად მივდივართ, ჩამოყალიბებული არ არის, რადგან არ გვესმის, რა შესაძლებლობები გვაქვს“, — აცხადებს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დამფუძნებელი გიგი გიორგაძე.
რა კითხვები აქვთ ქართველებს ChatGPT-ისთან? ეს თავად ChatGPT-ის ვკითხეთ. ის ამბობს, რომ ძირითადად აინტერესებთ, როგორ გამოიყენონ AI, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე, პერსონალური მონაცემების დაცვა, განათლება და კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
„ზოგადად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობის მიუხედავად, ყველა დავალებისთვის მათი ნდობა და ყველა დავალების დელეგირება სწორი არ არის. რამდენიმე მიზეზი არსებობს. ChatGPT-ის არასდროს აქვს ის კონტექსტი, რაც ადამიანებს აქვთ… მან მაინც შეიძლება, დაუშვას შეცდომები.
დასაქმებას ორ ნაწილად გავყოფდი, პირველი არის ის, რომ ვიყოთ კარგი გამომყენებლები. ეს არის AI-ის მომხმარებლის მხრიდან გამოყენება, ამის სწავლა შედარებით მარტივია, არ მოითხოვს მათემატიკას და საერთაშორისო პლატფორმებზე შეიძლება. მეორე არის უფრო გაცილებით ღრმა, რთული და შრომატევადი, რაც ნიშნავს რომ ხდები ინჟინერი, ან მონაცემთა მეცნიერი, გაცილებით დიდი დროა ამაზე საჭირო, უნდა ესმოდეს კოდის წერა, პროგრამირება. მინიმუმ 2-წლიან ინვესტიციას მოითხოვს. შეუძლიათ გაიარონ კურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია, ან მეორე გზა არის ის, რომ 2 საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში და ამ პროგრამებზე სწავლა არის კიდევ ერთი გზა“, — ამბობს გიგი გიორგაძე.
ხშირად იყოფა აზრი იმაზე, თუ რა მიდგომაა გამართლებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მინიმალური უარყოფითი შედეგით. ზოგ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ჩარევა არ სჭირდება, ზოგან კი, პირიქით. თუმცა ფაქტია, რომ AI უპრეცედენტოდ სწრაფად ვითარდება და მისი სწორად გამოყენება უმნიშვნელოვანესი უნარი ხდება.
ანეტ მიქელაძე