მთავარისაქართველოთავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ახლო ნათესავ ვასილ მხეიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულებს 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათას ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესს წინასწარ შეთანხმებული სქემით მართავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ბაზრის კვლევა ფაქტობრივად არ ჩატარებულა, ტენდერებში კი მხოლოდ წინასწარ შერჩეული და ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ. შედეგად, აპარატურის ფასი ხელოვნურად გაიზარდა.

სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი ამბობდა, რომ  ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარე პროკურატურას არ ეთანხმებოდა. ბრალდებულთა ადვოკატებმა გირაოს გამოყენება მოითხოვეს. თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend