ტრაგედიის ადგილას გუშინ გვიან ღამემდე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სადგურის მოედანზე ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრებლები, მერიის ინფორმაციით, საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადაიყვანეს. ამ ოჯახებს მერია ქირით გაყვანას სთავაზობს და ჰპირდება, რომ ახალაშენებულ და გარემონტებულ საცხოვრისში დააბრუნებს. რამდენ ხანში ან სად დააბრუნებენ დანგრეული კორპუსის მცხოვრებლებს, თბილისის მერს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.

„ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, ეშინიათ, რომ ვაი, ვიღაცამ ვერ ააშენოს… ამის საბაბიც არსებობს – 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო – მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და (აღარ ასრულებდა). უამრავი ადამიანი ჰყავთ გადაგდებული და უამრავმა ვერ მიიღო საცხოვრებელი. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს პრობლემა მთლიანად მოაგვარა და ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? – მერია არის პასუხისმგებელი და მერია დგება თავდებში, რომ ეს კორპუსები აშენდება”, – ამბობს კახა კალაძე.
ნგრევას თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ჯარიმით, 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შენობის ავარიულობა მუნიციპალიტეტმა გუშინვე დაადასტურა, მერიისა და გამგეობის წარმომადგენლების თქმით, კორპუსის მცხოვრებლებთან შეთანხმება იმ მიზეზით ვერ შედგა, რომ შენობის დაცლას მცხოვრებთა 100% არ დაეთანხმა.
კახა კალაძის განმარტებით, თბილისში რამდენიმე წლის წინ დაწყებული ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ხშირად იმ მიზეზით ვერ მუშაობს, რომ ამ სახლების მცხოვრებლებისგან ასპროცენტიანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება.
„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ, ტყუილ ინფორმაციას – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე, კახა კალაძე – თბილისის მერი, რომ თუ ეს არასწორია – დღესვე დავტოვებ თანამდებობას – ასპროცენტიანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი გამოყაროს. არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნული დადგენილება ეხება შემთხვევას, როდესაც არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმეს გაკეთება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ასპროცენტიანი თანხმობის გარეშე გვაქვს იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი, გავაკეთოთ მაგალითად პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით”, – ამბობს თბილისის მერი.
კახა კალაძე თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებაზე საუბრობს – საზოგადოების ნაწილმა მერია სწორედ ამ დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე გააკრიტიკა. როგორც იურისტების ნაწილი განმარტავს, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეთა 100%-იანი თანხმობა შენობიდან მათ გასაყვანად აუცილებელი აღარ არის.

„ეს საკითხი არ რეგულირდება მხოლოდ ცალკე აღებული საკრებულოს ერთი დადგენილებით – სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ შენობა-ნაგებობა, თუ ის ავარიულია, მესაკუთრის თანხმობის გარეშეც ექვემდებარება დემონტაჟს, შესაბამისად, არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება გააჩნდა თბილისის მერიას, რომ შესაბამისი ღონისძიებები განეხორციელებინა.
ერთი მხრივ, მერია გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, ბრალს დებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იქნებოდნენ ბრალეულნი იმაში, რაც მოხდა”, – ამბობს კახი სამხარაძე საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თავმჯდომარე.
დღესვე, 15 ივლისს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.
„მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ქალაქის ისტორიული ნაწილი ცალკე განიხილება – მას მართავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რაც შეეხება შემდგომი პერიოდის განაშენიანებებს, რომელთა შორისაც 500-ზე მეტი ე.წ. ხრუშჩოვკაც იყო, მათ სამწუხაროდ პერსპექტივაში ელით ბედი, რომ წლების შემდეგ, შესაძლოა, მათ მოუწიოთ დანგრევა და ახლით ჩანაცვლება. ასეთი ავარიული სახლები იყო მაგალითად ვარკეთილის მესამე მასივში. მერიამ დაიწყო ამ მიმართულებით მოქმედება და ნაბიჯ-ნაბიჯ იქ მიმდინარეობს განახლება. შეიძლება, რომ მსგავსი პროცესები დაიწყოს სხვა არეალებშიც – საბურთალოზე, დიღმის მასივში, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს მსგავს სამწუხარო შემთხვევებს, რომლებიც ამ ძველ სახლებზე ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და შესწავლა ამ სახლების. ამიტომ ამ თანხებმაც, რაც ამ განახლებისთვის იყო საჭირო, ალბათ უნდა მოიმატოს, რადგან რაც დრო გადის, განახლებაც მეტია საჭირო”, – ამბობს არქიტექტორი, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე.
2023 წელს დედაქალაქში ჩატარებული აღწერის მიხედვით, თბილისში 10 ათასი სხვადასხვა კატეგორიის ავარიული სახლია, სპეციალისტების შეფასებით, დედაქალაქს ამ შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების რაიმე გრძელვადიანი ხედვა ან სტრატეგია არ გააჩნია.
