ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარეობს სარკინიგზო პროექტი, სახელწოდებით „ბალტიისპირეთის რკინიგზა“ (Rail Baltica), რომლის ფარგლებშიც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არსებული რუსული სტანდარტის ლიანდაგს ევროპულით ანაცვლებენ. 870-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობის ხარჯის უმეტეს ნაწილს ევროკავშირი აფინანსებს.
ევროპა სულ უფრო მეტად ერთიანდება – რაც საზღვრების დამაკავშირებელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. 2030 წლისთვის ცხრა სატრანსპორტო დერეფანი უნდა დასრულდეს – ასეთია ევროკომისიის გეგმა. ბალტიისპირეთის რესპუბლიკები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩრდილოეთის ზღვის ბალტიის ზღვასთან დასაკავშირებლად, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის საკვანძო რგოლიცაა, რომელიც შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღავზე გადის. 870 კილომეტრის სიგრძის მქონე რკინიგზის პროექტს Rail Baltica ეწოდება და ის ლიეტუვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე გადის.
დღეის მდგომარეობით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ისევ ფართო, რუსული სტანდარტის ლიანდაგი ფუნქციონირებს. ახალ რკინიგზას ევროპული სტანდარტის ლიანდაგი ექნება. სტანდარტის ცვლილებას საფუძვლად გეოპოლიტიკური მიზეზები უდევს. ბოლოს და ბოლოს, თუ რუსეთი თავს დაესხა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, აქაურმა რკინიგზამ დასავლეთიდან აღმოსავლეთით ჯარისკაცების გადაყვანა და სამხედრო აღჭურვილობის გადატანაც უნდა შეძლოს. თუმცა ახალი სარკინიგზო ხაზის მთავარი მიზანი ბალტიისპირეთის ქალაქების ევროპის ერთიან ბაზართან უკეთ დაკავშირებაა: ტურისტები და ბიზნესმენები სწრაფად რომ გადაიყვანონ და ასევე ტვირთიც დროულად გადაზიდონ.
მაგრამ ერთი პრობლემაა: მშენებლობის ხარჯი გაოთხმაგდა. თავიდან დაგეგმილი 6 მილიარდი ევროს ნაცვლად ახლა 24 მილიარდია საჭირო. ამ თანხის 85%-ს ევროკავშირი იხდის „ევროპის ინფრასტრუქტურის დაკავშირების“ ფონდიდან, დანარჩენს – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. თუმცა ბალტიისპირელი აუდიტორების შეფასებით, კიდევ 11 მილიარდია საჭირო. ბალტიისპირეთის რკინიგზა, წესით, წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ასეც რომ მოხდეს, პროექტი სულ მცირე ხუთი წლით მაინც დაგვიანებულია.
კულისებში ფინანსებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. ევროკავშირის ათი ქვეყნის მთავრობამ წერილი მისწერა ევროკომისიას: საზღვრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების განვითარებისთვის ისინი მეტ დაფინანსებასა და ნაკლებ ბიუროკრატიას ითხოვენ.
ევროკავშირის ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი აკლია: „ბალტიისპირეთის რკინიგზა“ – თითქმის 900-კილომეტრიანი ჩქაროსნული ხაზი, რომელიც ლიეტუვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე გადის, წელს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი.
ეს რკინიგზა ევროპის ფლაგმანი პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ის კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ და ხარჯი არაფერს აღარ ჰყოფნის. მშენებლობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს. ზოგიერთი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მაგრამ მთლიანობაში პროექტი სტაგნაციაშია. წარსულში რაც უშლიდა ხელს, უკვე ყველასთვის ცხადია: სხვადასხვა ქვეყანას შორის ინტერესთა კონფლიქტი, ფინანსების დეფიციტი და ცუდი მენეჯმენტი. ხუთი წელი ამაოდ გაცდა. ახლა მდგომარეობა გამოსწორდა, რადგან ევროკომისიამ ზეწოლა გააძლიერა. ყველაფერი თავიდან უნდა აშენდეს. იმიტომ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს ისევ რუსული სტანდარტის ლიანდაგი აქვთ და ახლა უფრო ვიწრო ევროპულ სტანდარტზე გადადიან. ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში შევხვდი სამი ქვეყნის ერთიანი საწარმოს Rail Baltica-ს ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს – RB Rail AS-ის მმართველი საბჭოს წევრს მარიუს ნარმონტასს.
„დაგეგმარებას, დიზაინის დამტკიცებას იმაზე ცოტა მეტი დასჭირდა, ვიდრე ველოდით, რადგან ასეთი მასშტაბის პროექტი აქამდე არასდროს გაგვიკეთებია“, – ამბობს მარიუსი. „ძალიან ბევრია დამოკიდებული ევროკომისიაზე, თუ რას მოილაპარაკებენ ისინი დაფინანსების შემდგომი პერიოდისთვის. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი რამდენიმე თვისა და შესაძლოა, წლის განმავლობაშიც“.
პროექტის ხარჯი რომ შემცირდეს, ჯერ ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ხაზი უნდა გაკეთდეს. თუმცა ლატვიის დედაქალაქი მთავარი ხაზიდან შორს მდებარეობს. ამიტომ რიგის ახალი სადგური დროებით ისევ რუსულ ფართო ლიანდაგზე დარჩება. ევროპულ ლიანდაგზე ის მოგვიანებით გადავა. მაგრამ ეს უსაფრთხოებას რისკს უქმნის, გვაფრთხილებს გუნტის აბოლტინშ-აბოლინში, BERERIX-ის მმართველი დირექტორი:
„სამხედრო თვალსაზრისით, არაფერი შეუშლის ხელს, რომ ტანკი მატარებელზე დადო რუსეთში და რიგამდე რკინიგზით ჩამოიტანო რამდენიმე საათში. ამიტომ მგონია, რომ ამაზე სტრატეგიული კუთხითაც უნდა დავფიქრდეთ“.
ძველი საბჭოური სტანდარტის ფართოლიანდაგიანი ეპოქა ნელ-ნელა ევროპულმა სტანდარტმა უნდა ჩაანაცვლოს არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ ფინეთშიც.
„ბალტიისპირეთის რკინიგზა“ (Rail Baltica) – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტია ევროკავშირში: ჩქაროსნული მატარებელი დააკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან. მაგრამ პროექტში არის გადავადებული სამუშაოები და ხარჯიც უზომოდ იზრდება. ჩრდილოეთის ზღვისა და ბალტიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის კოორდინატორი ევროკავშირის მხრიდან სტრასბურგის ყოფილი მერია – კატრინ ტრაუტმანი. იგი ფიქრობს, რომ „ბალტიისპირეთის ხერხემალი რკინიგზა Rail Baltica რაც შეიძლება სწრაფად უნდა აშენდეს. ტრაუტმანი ოპტიმისტურად არის განწყობილი: „Rail Baltica ის პროექტია, რომელიც სავსებით ამართლებს ევროპულ დაფინანსებას. ჩვენ შემოდგომაზე შევხვდებით ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს, რადგან შესაძლოა, სესხი იყოს გამოსავალი“.
მაგრამ რატომ უნდა გადაიხადოს, ასე ვთქვათ, პორტუგალიისა და ავსტრიის გადასახადების გადამხდელმა ფული ბალტიისპირეთში ჩქაროსნული რკინიგზის გასაყვანად? ამ კითხვაზე კატრინ ტრაუტმანი ასე პასუხობს:
„ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ აქვთ ჩქაროსნული მატარებელი, ან უფრო რომ დავაზუსტო, მათ არ აქვთ ჩრდილოეთ-სამხრეთევროპული სტანდარტის ლიანდაგზე გათვლილი მატარებელი, რომელიც ამ ქვეყნებს ევროპულ ქსელთან დააკავშირებდა. ჩვენ ვაშენებთ, მე ვიტყოდი, ამ ქვეყნების სარკინიგზო ხერხემალს, რომელიც მათ დააკავშირებს ვარშავასთან, ბერლინთან – და მერე ფინეთთან. ეს ეკონომიკას კარგ შესაძლებლობას უქმნის. ეს ყველაფერი თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხია“.
საინტერესოა, მაინც რატომ არის აუცილებელი საბჭოთა სტანდარტის ლიანდაგის ევროპულით შეცვლა?
„ცხადია, უსაფრთხოების გამო“, – განმარტავს კატრინ ტრაუტმანი. „საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომლებიც ამავე დროს ნატოს სტანდარტებიცაა. აქამდე ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ეკონომიკა დაკავშირებული იყო რუსული ტვირთების გამტარ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანთან, რომელიც ბალტიისპირეთის პორტებზე გადიოდა. ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვლება და ეს ქვეყნები დასავლეთ ევროპის პორტებს დაუკავშირდებიან“.
თავიდან ამ უზარმაზარი პროექტის ბიუჯეტი 6 მილიარდ ევროზე გათვალეთ – ახლა კი ის ოთხჯერ გაძვირდა. რატომ?
„ცოტა არ იყოს, უფრო ძვირია ისეთი მატარებელი, რომელიც სამხედრო დანიშნულებითაც შეგიძლია გამოიყენო,“ – ამბობს ტრაუტმანი. მეორე პრობლემა იყო პანდემია, რომლის გამოც შეგვიჩერდა სამუშაოები, გაგვიძნელდა ტექნიკური დიზაინის მიღება, რომლის ჩამოტანასაც დიდი დრო დასჭირდა.“
და მაინც: 2030 წელს ეს მატარებელი ივლის – თუ არა? „ივლის“ – პასუხობს კატრინ ტრაუტმანი.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი