გაეროში საფრანგეთისა და სხვა სახელმწიფოების ელჩებმა ირანის წინაარმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შესახებ გამოაცხადეს. საფრანგეთის, ბაჰრეინის, დანიის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, აშშ-ის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში ბირთვული წარმოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულ იარაღს არ ფლობს, ურანს 60%-ამდე ამდიდრებს.
საფრანგეთის ელჩმა ჯერომ ბონაფონმა ელჩების ერთობლივი განცხადება წაიკითხა, სადაც მან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ დიპლომატიის მეშვეობით, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას.
„ამ რეზოლუციებით დაწესებული სანქციების მიზანია, ბირთვული იარაღის შექმნისა და მისი მიწოდების მიმართულებით შეზღუდოს ირანის შესაძლებლობები. სანქციები დაუწესდებათ იმ სამსახურებს, პირებსა და ორგანიზაციებსაც, რომლებიც ამ მიზნებთან არიან დაკავშირებული, მათ შორის ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან. ასევე აღდგა 1737-ე კომიტეტი. მოვუწოდებთ, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს მისი თავმჯდომარე, რათა კომიტეტმა ეფექტიანად შეძლოს სანქციების შესრულების ზედამხედველობა და შესაბამისობის საკითხებზე რეაგირება. დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს ექსპერტთა პანელიც. მისი როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომიტეტის მხარდასაჭერად, სანქციების აღსრულების მონიტორინგისთვის, დარღვევების გამოძიებისა და დოკუმენტირებისთვის, სანქციების გვერდის ავლის ტენდენციების გამოვლენისა და წევრი სახელმწიფოებისთვის ტექნიკური დახმარების გასაწევად. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ისეთი გრძელვადიანი და მდგრადი დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანი არასოდეს შეეცდება, განავითაროს ან შექმნას ბირთვული იარაღი. მხოლოდ სარწმუნო, ძლიერი შეთანხმება შეძლებს ირანის ბირთვული საკითხის შესაბამისად მოგვარებას“, - განაცხადა ჟერომ ბონაფონმა.
4 ივნისს გამოქვეყნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვარტალური ანგარიშის თანხამად, არანაირი ახსნა და სარწმუნო განმარტება არ არსებობს, რომ ირანს 60%-ით გამდიდრებული 400 კილოგრამზე მეტი ურანი ჰქონდეს. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ირანი 10-ზე მეტ მაღალი პროცენტით გამდიდრებულ ურანს ფლობს, ისეთს, რომლითაც ბირთვული იარაღის დამზადება შესაძლებელია. სრულფასოვანი ბირთვულ იარაღის დასამზადებლად ურანის 90%-იანი გამდიდრებაა საჭირო. სააგენტოს კონფიდენციალურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მას შამდეგ, რაც 2025 წლის ზაფხულში ირანში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანდა, მათი შემოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ირანი მუდმივად არ ასრულებს საგარანტიო ვალდებულებებს და სრულად არ თანამშრომლობს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომელიც ვერ ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამკვირვებლები ირანის იმ ობიექტებში შევიდნენ, სად ბირთვული იარაღის დამზადების ყველაზე დიდი რისკია. გაუვრცელებლობის პოლიტიკის მიმართულებით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუცვლელი როლის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას კვლავ ვადასტურებთ. ირანის მიერ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ 2025 წლის 28 აგვისტოს აამოქმედეს „სანქციების ავტომატური აღდგენის მექანიზმი“, - განაცხადა ჟერომ ბონაფონმა.
ირანის ბირთვული საქმიანობის შესახებ სანქციების მუშაობა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ისრაელი და შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ევროპულ სახელმწიფოებს არანაირი შეშფოთება არ გამოუთქვამთ ვაშინგტონისა და დასავლეთ იერუსალიმის მიერ საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევების გამო, არც მათი მცდელობების მიმართ, ირანის სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ არაინ, მიტანილი დარტყმების მეშვეობით შეერყიათ საერთაშორისო გაუვრცელებლობის პოლიტიკა. დასავლელი დელეგაციები ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ერთადერთი მიზნით აღდგა - გააგრძელონ ზეწოლა თეირანზე, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს დაეკისროს. ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საბჭოს მუშაობის შემდგომი პოლიტიზება მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას და უარყოფითად იმოქმედებს მოლაპარაკებით გადაწყვეტის პერსპექტივებზე“, - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.
ირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე კი უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის ურანს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ამდიდრებს და ბირთვული იარაღის დამზადებას არ გეგმავს. სანაცვლოდ ოფიციალური თეირანი სანქციების შემსუბუქებასა და გაყინული აქტივების გათავისუფლებას ითხოვს. ირანის მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ირანს მოუწოდებს, ურანის გამდიდრება დაუყონებლივ შეწყვიტოს.
