კატეგორიები

ტიმ კუკის მმართველობის ბოლო თვეებში, Apple-ი თავის სისტემაში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს

ტიმ კუკის მმართველობის ბოლო თვეებში, Apple-ი თავის სისტემაში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს
ტექნოლოგიურ სფეროში, ყოველწლიურად ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მიჩნეული დეველოპერების მსოფლიო კონფერენციაზე Apple-მა ხელოვნური ინტელექტის სფეროში დიდი ხნის ნანატრი ინოვაციური ცვლილებები წარადგინა, რომელიც კომპანიის ცნობილი ხმოვანი ასისტენტის განახლებულ ვერსიასაც მოიცავს.

Apple-ის პრეზენტაციიდან გაირკვა, რომ ხმოვანი ასისტენტი (Siri) შეძლებს არამხოლოდ სიტყვიერი ბრძანებით დავალებების შესრულებას, არამედ მოწყობილობების ეკრანებზე არსებული ინფორმაციის გაანალიზებასა და მომხმარებლის პირადი სმარტფონიდან, მაქბუქიდან, პლანშეტიდან თუ ჭკვიანი საათიდან მონაცემების გამოყენებას, სასურველ კითხვებზე პასუხების მისაღებად.

ამ თემაზე დისკუსიების თავიდან ასარიდებლად, Apple-მა პრეზენტაციის ფარგლებშივე ხაზი გაუსვა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს ინსტრუმენტი არ იქნება გამოყენებული მომხმარებლის პირადი მონაცემების მოსაპოვებლად.

Apple-ის ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მანამდე კომპანიის მოწყობილობებში ავტომატურად იყო ჩაშენებული, ახლაც ასე დარჩება, თუმცა დამატებით ხელმისაწვდომი იქნება ცალკე აპლიკაციის სახით, მისი ბეტა-ვერსიის ჩაშვება კი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა ევროპაში არა, რასაც ბრიუსელიდან უპასუხეს.

„ამ საკითხზე რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია Apple-თან, ამას ნამდვილად ვადასტურებ. თუმცა, Apple-მა უბრალოდ ვერ შეძლო ისეთი ურთიერთთავსებადი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც ევროკავშირის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების აუცილებელ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.

იმის ნაცვლად, რომ მას შეეცადა შესაბამისი და კანონთან თავსებადი გამოსავლის მოძებნა, Apple-მა მიმართა ევროკომისიას თხოვნით, გათავისუფლებულიყო ციფრული ბაზრების აქტის ფარგლებში დაკისრებული ურთიერთთავსებადობის ვალდებულებებისგან, თანაც მინიმუმ 18 თვით.

ევროკავშირის კანონი განხილვისა და მოლაპარაკების საგანი არ არის. კომისია არ გასცემს გამონაკლისებს, ისევე როგორც პოლიციელი ვერ გაათავისუფლებს მძღოლს სიჩქარის ლიმიტის დაცვის ვალდებულებისგან“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, თომას რენიემ.

ტექნოგიგანტი კომპანიის მიზანია, შექმნას „ბევრად უფრო მძლავრი“ და „სარგებლის მომტანი“ ხმოვანი ასისტენტი, რომელიც Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებში სასურველ დავალებებს აბსოლუტური სიზუსტით შეასრულებს.

მაგალითად, მას შეეძლება ინტერნეტში მიმოფანტული რეცეპტების შეგროვება და მენიუს შედგენა, ან თავი მოუყაროს მეგობრების ჯგუფს ერთიან ჩათში.

ამასთან, ხმოვანი ასისტენტი (Siri Ai) კამერის აპლიკაციაშიც დაემატება და შეძლებს ინფორმაციის მიწოდებას თეფშზე არსებული კერძის კვებითი ღირებულების შესახებ - მონაცემების, რასაც მანამდე ხანგრძლივი ძიება და მათემატიკური ამოცანების შესრულება სჭირდებოდა.

ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს დამხმარედ გამოადგება იმ შემთხვევაშიც, თუ ის ვერ გადაწყვეტს, რა ჩანთა შეუხამოს ტანსაცმელს. Apple-ის თანახმად, ამ ფორმით მის ხელში არსებული მოწყობილობა მომხმარებლის მოდის მრჩეველიც შეიძლება გახდეს.

ტექნოგიგანტი კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს, უფრო ფართოდ დანერგოს ხელოვნური ინტელექტი საკუთარ საოპერაციო სისტემაში და ამით დაეწიოს მის უშუალო კონკურენტებს Google-იდან და OpenAi-დან.

კონფერენცია, რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ გამოაცხადა, ტიმ კუკისთვის, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში უკანასკნელი იყო.

სექტემბრიდან მის თანამდებობას ჯონ ტერნესს გადასცემს, რომელიც კომპანიაში მეოთხედი საუკუნეა, მუშაობს, ბოლო 5 წელია კი, ხელმძღვანელობს იმ საინჟინრო განყოფილებას, რომლითაც Apple-ი ცნობილია თავისი ინოვაციური და გამორჩეული ტექნოლოგიებით.

კომპანიის ხელმძღვანელი გარდამტეხ მომენტში იცვლება. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა და ფართოდ დანერგვა გახდა პირველი გარდამტეხი მოვლენა მას შემდეგ, რაც 2007 წელს სტივ ჯობსმა პირველი iPhone-ი წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ტიმ კუკის მმართველობისას, Apple-ის საბაზრო ღირებულება 4 ტრილიონზე მეტი ამერიკული დოლარით გაიზარდა, კომპანია ჯერჯერობით მაინც ვერ ეწევა ხელოვნური ინტელექტის ტრენდს, თუმცა პრეზენტაციისას ტიმ კუკმა თქვა, რომ „გულწრფელად სჯერა, საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა“.

დაკავშირებული ამბები
ტიმ კუკის მმართველობის ბოლო თვეებში, Apple-ი თავის სისტემაში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს NASA მთვარეზე მუდმივი ბაზას შექმნის