მთავარისაქართველო„კეთილი მგზავრობა“

„კეთილი მგზავრობა“

თბილისის რამდენიმე უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ძალიან გართულებულია

ახმეტელის მეტროსთან ახლოს, მიკროავტობუსის მომლოდინეთა გრძელ რიგში დგომა, გლდანის მესამე და მეხუთე მიკრორაიონების იმ მცხოვრებთა ყოველდღიური რეალობაა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სისტემატურად სარგებლობენ.

აშკარაა, რომ მიკროავტობუსი ნომრით 511 მგზავრთა ნაკადს ამ უბანში დიდი გაჭირვებით უმკლავდება. როგორც მგზავრები ამბობენ, მიკროავტობუსის მომლოდინეთა რაოდენობა გვიან საღამოს კიდევ უფრო იზრდება.

ნინა გულიაშვილი თბილისის მცხოვრები : ძალიან დიდი რიგია – თითქმის ტრასამდე გადადის ხოლმე რიგი ყოველდღიურად.. დილის საათებში ხომ საერთოდ.. არც ღირს რომ დაელოდო 511-ს და ამ დროს ყველაზე დიდი ხაზია რომელიც მესამე და მეხუთე მიკროს შორის გადადის.. გააუქმეს რეისები თუ რა ხდება არ ვიცი. თვითონ მძღოლებიც უკმაყოფილოები არიან – თითქმის ერთი წელიწადია, რაც ვსარგებლობ და ამ მდგომარეობაში ვარ ყოველდღე. დაღლილი.. დილის 6 საათზე რომ სამსახურში წახვალ და აქ ნახევარი საათი იდგები.. ახლა კიდევ ზაფხულია და არა უშავს, მაგრამ ისეთი ამინდები იყო – აქ დადექი სიცივეში და წვიმაში როგორია? სამი რეისი ჩამოდის სხვა ნომრები და ჩვენი „მარშრუტკა“ ისევ არ არის მოსული. ეს მდგომარეობა გვაქვს ყოველდღიურად..

რთული ვითარებაა გაბრიელ სალოსის – ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზეც, სადაც პიკის საათებში ქალაქის ცენტრისკენ და უკან გადაადგილება ძალიან ჭირს.

ზურა კავთელიშვილი – დილით პრობლემაა -ბევრი ხალხი ჩამოდის ზედა ქუჩებიდან, განსაკუთრებით 372 ნომერში ასვლა ჭირს.. სექტემბრიდან იქნება ალბათ კიდევ უფრო დიდი ამბავი – უნივერსიტეტისკენ მიმავალი სტუდენტები რომ დაემატება – იმის მიუხედავად, რომ დიდი ავტობუსია 18 მეტრიანი, მაინც ძალიან გადატვირთული იქნება, თუ არ დაემატა ტრანსპორტი.

ქეთევან გოდერძიშვილი – პიკის საათებში დამატება ესაჭიროება ტრანსპორტს იმიტომ რომ გადავსებული მოდის, განსაკუთრებით 545 სამარშრუტო ავტობუსი გადავსებულია და შეიძლება ვერ ავიდეს მგზავრი. სხვა დროს ნორმალურად ვსარგებლობთ.

  • გვინდა, რომ დამატებით რაღაც იყოს, მაგრამ არ არის – სამგორიდან აქ რომ წამოხვიდე საათობით უნდა იდგე აქედანაც. ძალიან ცუდად მოძრაობენ ძალიან დაგვიანებით და არ ყოფნის.. ისნიდანაც ასეა, მეტროდან ამოხვალ და ნახევარი საათი უნდა იდგე – ხან ორი ერთად მოდის ხან საერთოდ არ არის,

გოგო – ამ უბანში არ არის პრობლემური, იქით, მეტროსკენ კი..

მახარე გულიაშვილი თბილისის მცხოვრები – მარშრუტკები სულ გატენილია და მოუხერხებელია შესვლაც, ბილეთის აღებაც – ვერ მიუდგები.. ავტობუსს მემგონი არ უნდა დამატება, მაგრამ მარშრუტს არაფერი არ ეშველება – გინდა დაამატონ გინდა – არა , მაინც თავ-პირის მტვრევაა..

გია გელენიძე  თბილისის მცხოვრები – ერთი მინუსი ამ ამვტობუსებს ისა აქვს, რომ ყველა ერთად მოვა ხოლმე და მერე კაი ხანი არა ჩანან.. მერე ერთად მოდიან.. რატომ მოდიან ერთად არ ვიცი.. ჯობია ისევ ტრამვაი აღდგეს.. მშვენივრად ხმარობდა ხალხი.. თუ დაამატებენ და გაიყვანენ – კარგი იქნება..

მერაბ ბოლქვაძე, თბილისის გენგეგმის ავტორი – ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ თბილისში დაკარგული ტრამვაის აღდგენა..

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორი მერაბ ბოლქვაძე იმ მიდგომებზე საუბრობს, რომელსაც სპეციალისტების მიერ შემუშავებული ეს დოკუმენტი ითვალისწინებს.

მეტროს აშენება ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ თუ ღმერთით საშუალება იქნა, შეიძლება ერთი-ორი სადგური დაემატოს მაგრამ ტრამვაი იაფია – სამჯერ იაფია, ვიდრე მეტრო. ყველანაირად კარგი ტრანსპორტია- მიწაში ჩაძვრომის ნაცვლად რაღაც პანორამულ ხედებს უყურებ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, მოკლედ ყველანაირად კარგია, უბრალოდ მას უნდა დაგეგმვა. ყველგან ვერ ივლის ცხადია, მაგრამ თბილისში არის ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელი, სადაც დადიოდა ტრამვაი, უნდა აღვადგინოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ქალაქგეგმარებითი პროექტები ვერ კეთდება ერთ წელში. მიწათსარგებლობის გეგმაში ჩვენ ხაზგასმით გვქონდა ელექტროტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება.

რიგები სამარშრუტო მიკროავრტობუსებთან ჩეული პრობლემაა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაბრიელ სალოსისა და მოსკოვის გამზირის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისთვისაც.

ხალხით სავსე მიკროავტობუსში ზაფხულის სიცხეში ფეხზე დგომით მგზავრობა განსაკუთრებით ჭირს, თუმცა სხვა გამოსავალიც არ არის.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა დიდი ზომის ავტობუსებში, რომელთა მთავარ პრობლემად მოქალაქეები ყველაზე ხშირად ლოდინის დროს ასახელებენ.

ქალი – სულ ვფიქრობ, კიდევ კარგი რომ ავტობუსით ვმგზავრობ იმიტომ რომ კერძო მანქანები და ტაქსები უფრო გადატვირთულია და უფრო ძნელად მოძრაობენ. ეს ბასლაინები ძალიან ეფექტური გამოდგა.

გოგო – ჩემთვის არ არის პრობლემა, ძალიან ხშირად ვსარგებლობ. ყოველდღე თითქმის..

ქალი – რაიონიდან ვარ ჩამოსული და სტუმრად მივდივარ შვილიშვილებთან და შვილთან.. გადატვირთულია გენაცვალე ძალიან..

ქალი – 340-ით ვსარგებლობ ხშირად და ყველაზე მეტად იგვიანებს. მიხდება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი ლოდინი… უკეთესი გვინდა მაგრამ იმას ხომ ჯობია მაინც, რაც იყო? ყველაფერზე ხომ არ უნდა ვთქვათ საყვედური ხალხმა?

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა პიკის საათებში უკიდურესად პრობლემურია დიდი დიღმის მცხოვრებლებისთვის. ვითარებას აქ ისიც ართულებს, რომ ამ უბანში არ არის მეტრო.

ბერაბ ბოლქვაძე – პირველი მშენებლობები რომ დაიწყო დიდ დიღომში პირველი მეორე მესამე მიკრორაიონები, პირველი კვარტლები იყო 9-14-16 სართულიანი სახლებით.. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ინდივიდუალური განაშენიანება გაჩნდა. უნდა მოხდეს დიდი დიღმის კარგად ინტეგრირება მთელი ქალაქის სატრანსპორტო სისტემასთან და საჯარო ტრანსპორტის განვითარების კუთხით შეიძლება, რომ ვიფიქროთ ტრამვაიზეც..

უნდა შედგეს თავიდან ბოლომდე დერეფნები, მოემატოს დერეფნები და საჯარო ტრანსპორტი უნდა განავითაროს ქალაქმა მუდმივად. არ არსებობს საგზაო ქსელი, რომელიც მუდმივად უპასუხებს ავტომობილიზაციას.

მანქანების რაოდენობა  იზრდება მაგრამ გზების გაფართოება და კვანძების დამატება ამას არ უშველის. ხომ არ დავანგრევთ ქალაქებს და სამანქანო გზები ხომ არ გვექნება? ინდივიდუალური მანქანა იზღუდება და საჯარო ტრანსპორტი ვითარდება – სხვა გზა ჩვენს ქალაქს არ აქვს.

მერიის მიერ ნაყიდი 160, 18-მეტრიანი ავტობუსი, ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზეა, თუმცა მათ უმეტესობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის – შესაბამისი ბაზის არარსებობის გამო, ხაზებზე ვერ ანაწილებენ.

თვრამეტმეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა ვადამ გადაიწია. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ავტობუსების სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ახალი ავტობაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend