აბას არაღჩის შორი გზის გავლა მოუხდა, რათა ისრაელთან ომში გამოსავლის მოკლე გზა იპოვოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ევროპელ კოლეგებს ხვდება. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თეირანისთვის ამჟამად ნეიტრალურ მხარედ გამოიყურებიან, რადგან კონფლიქტის დეესკალაციის საქმეში აშშ-თან საუბარი ირანის ხელმძღვანელობას არ სურს. მიზეზი ნათელია, აშშ და ისრაელი ძლიერი კავშირია.
“ამ სიტუაციაში, როდესაც სიონისტური რეჟიმი აგრძელებს ჩვენზე თავდასხმას, ჩვენ არ ვისწრაფვით არავისთან მოლაპარაკებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაცმა წინააღმდეგობამ აჩვენა, თუ რამდენად მცდარია ისრაელის შეხედულება, რომ დარტყმები ირანელ ხალხს კაპიტულაციისკენ უბიძგებს. მჯერა, რომ ამ წინააღმდეგობის შედეგად ქვეყნები ეტაპობრივად დისტანცირდებიან იმ აგრესიისგან, რომელსაც ეს რეჟიმი ახორციელებს. ამ ომის დასრულებისკენ მიმართული მოწოდებები უკვე ისმის და მხოლოდ გაძლიერდება”-აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
მოწოდებები მართლაც ისმის, თუმცა ზუსტად ისეთი არა, როგორსაც ირანი ისურვებდა. ევროპელები მზად არიან, ქვეყანას კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრაში დაეხმარონ, თუმცა ამისათვის კონკრეტული მოთხოვნებიც აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით იმისათვის, რომ ირანისთვის ევროპამ ძალისხმევა გასწიოს 4 პირობაა დასაკმაყოფილებელი, ირანში “ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს” მუშაობის აღდგენაა, თეირანის მხრიდან ურანის ნულოვანი გამდიდრების პირობებში, ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე კონტროლის დაწესებაა, თეირანის მხრიდან რეგიონის ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაზე უარის თქმა და პატიმრობიდან იმ უცხოეთის მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე ირანულ ციხეებში იმყოფებიან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული დიპლომატია სამხედრო დაძაბულობის შემცირებაში ჩაერთოს.
“ირანმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებათა პლატფორმას, რომელსაც მისთვის ვაწყობთ. ბირთვული შეიარაღების მქონე ირანიდან მომდინარე საფრთხე – რეალური რისკია. ამიტომ, პრიორიტეტი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებთან მიბრუნებას, მათ შორის ბირთვულ საკითხებზე, რათა წინ წავწიოთ, ურანის ნულოვანი გამდიდრებისა თუ ბალისტიკური შეზღუდვების დაწესების პროცესი, რათა შევზღუდოთ ირანის ქმედებები და შესაძლებლობები. ეს ეხება მათი მხრიდან ტერორისტებისა და დესტაბილიზაციის დაფინანსებას რეგიონში. ისრაელის უსაფრთხოება ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია. ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის საშუალება მექნება და სწორედ კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას გავუწევ ადვოკატირებას”- განმარტავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
დიპლომატიური გადაწყვეტის ალტერნატივა, სამხედრო გზაა, რაც ისრაელსა და ირანს შორის უკვე დაწყებულია და შეიძლება გაფართოვდეს კიდევც. ეს საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაა, მას შემდეგ რაც ისრაელის საჰაერო იერიშების ფონზე, ახლო აღმოსავლეთში აშშ-მა სამხედრო კონტიგენტის მობილიზება მოახდინა და ღია სიგნალი გაუშვა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ომში ჩაერთოს კიდეც, ან შეიძლება არც. დონალდ ტრამპის ბოლო ჟესტი დამატებით 2 კვირიანი ვადაა ირანისთვის, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტს: ერთვება თუ არ ერთვება ახლო აღმოსავლეთის ახალ ფრონტში.
„მაქვს შეტყობინება პირდაპირ პრეზიდენტისგან და წგიკითხავთ ციტატას: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის რეალური შანსი მოლაპარაკებების, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა ირანთან შედგეს ან არ შედგეს, კონფლიქტში ჩართვაზე გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ. ამასთან გეტყვით,რომ ირანს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს ბირთვულ შეიარაღებას, ამას მხოლოდ სულიერი ლიდერის გადაწყვეტილება სჭირდება. ბირთვული იარაღის შემუშავებას რამდენიმე კვირა აშორებთ, რაც ეგზისტენციალური საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა რუსეთი, რომელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანს ბირთვული შეიარაღება ვერ ექნება. ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ბირთვული შეიარაღების შესახებ თავის მიზნებს ის ვერ მიაღწევს. შეთავაზება, რომელიც სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიტკოფმა ირანს გააცნო, იყო რეალისტური და მისაღები”– აღნიშნა მედიასთან ბრიფინგზე თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.
დიპლომატიური ფრონტის მიღმა დაძაბულია ვითარება სამხედრო ფრონტზეც. ადამიანის უფლებების დაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბოლო 7 დღეში 657 ირანელი ემსხვერპლა, ისრაელში კი ირანის შეტევებმა 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თელ-ავივის თქმით, მათი სამიზნე მხოლოდ ბირთვული ობიექტებია. თეირანის თქმით კი მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა. დღეს “ცახალმა” კიდევ ერთი დარტყმა ქალაქ არაქიზე განახორციელა, სადაც ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემდეგ მედიაში უკვე რადიაციის რისკებზეც კი წერენ. დილიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა ირანმაც, ბოლო განგაშის სიგნალს ისრაელის ცაზე 25 ირანული რაკეტა მოჰყვა. სამიზნე ქალაქი ხაიფა,თელ-ავივი და იერუსალიმია, ასევე ქალაქი ბეერ-შევააც, სადაც გუშინდელმა დარტყმამ სავაადმყოფო დააზიანა. ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.
“ჩვენ გამიზნული გვაქვს მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, გავანადგუროთ მათი ბირთვული ინფრასტრუქტურა, ჩვენ ეს შეგვიძლია მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ჩაერთოს ან არ ჩაერთოს ომში – პირადად მისი გადაწყვეტილებაა. ის გააკეთებს იმას, რაც აშშ-სთვისაა კარგი, ჩვენ კი იმას,რაც ჩვენს ინტერესშია. რას ეყრდნობოდა ჰამასი ან ჰეზბოლა? – ირანს. და თუ ჩვენ მათ შევასუსტებთ, ჩვენ გავანადგურებთ მათი მხრიდან საფრთხის შესაძლებლობას მომავალში. ომის მეორე დღეს ვთქვი, რომ ჩვენ ვცვლიდით ახლო აღმოსავლეთის სახეს. ახლა შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენ ვცვლით მსოფლიოს სახეს”– უთხრა ისრაელურ მედიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ჟენევაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი, მის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს ადამიანის უფლებათა ფორუმზე გამოვიდა, სადაც ისრაელის ოპერაციას “შემართული ლომი” არაპროვოცირებული აგრესია უწოდა და ისრაელის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა.