“თუ უკრაინა დამატებით მხარდაჭერას არ მიიღებს, ევროპელებს რუსული ენის სწავლა მოუწევთ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასმა ევროპარლამენტარები გააფრთხილა, რომ რუსეთი გაერთიანებისთვის უკვე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და რომ კრემლს გრძელვადიანი აგრესიისთვის გრძელვადიანი გეგმა აქვს შემუშავებული.
ბოლო თვეების განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა წევრმა სახელმწიფოებმა არაერთხელ დაადანაშაულეს რუსეთი დასავლეთში დივერსიული კამპანიების წარმოების გამო. კრემლი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
“რუსეთი ევროკავშირისთვის უკვე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთი არღვევს ჩვენს საჰაერო სივრცეს, ატარებს პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს, ესხმის თავს ჩვენს მატარებლებსა და თვითმფრინავებს, ესხმის თავს ჩვენს მილსადენებს, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებსა და ელექტრო ქსელებს, ესხმის თავს ჩვენს ინდუსტრიას, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ კომპანიებს და კრიმინალებს დივერსიული თავდასხმების განხორციელებას ავალებს. ის სტაბილურად აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს და აფართოებს ბირთვულ არსენალს. გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა ერთად. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარ ჯანდაცვასა და განათლებაზე ერთად. ეს არის გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმა. თუ არ გეგმავ ძალის გამოყენებას, სამხედროებზე იმდენს არ დახარჯავ’, – განაცხადა კაია კალასმა.
ჰააგაში, მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე კაია კალასმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობას.
მოახლოებულ სამიტზე, ნატო ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების სამიზნედ – მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის გამოყოფის შეთავაზებას გეგმავს – ამჟამინდელი 2%-იანი ნიშნულის ნაცვლად.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, სამიზნე ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი, ბოლო ერთ წელიწადში გეოპოლიტიკური ვითარების მკვეთრი ცვლილება გახდა – და ის რომ, როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, მოსკოვი ნატო-ს მოკავშირე სახელმწიფოზე თავდასასხმელად შესაძლოა ათწლეულის ბოლომდე იყოს მზად.
კაია კალასმა ისაუბრა ნატო-ს გაფართოების შესახებ და დაგმო ე.წ. რუსული რიტორიკა იმის შესახებ, რომ თითქოს ალიანსის გაფართოება რიგი სახელმწიფოებისთვის საფრხის შემცველია.
„ნატო თავდაცვის ალიანსია. არ ვეთანხმები მათ, ვინც რუსულ ნარატივებს ავრცელებენ, რომ თითქოს, ნატოს გაფართოება ვინმეს საფრთხეს შეუქმნის. რატომ სურთ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრება? რატომ შეურთდნენ ალიანსს ახლახანს ფინეთი და შვედეთი? რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და სწორედ ამიტომ, ის ერთადერთი რამაა, რაც რეალურად გვიცავს.
ამბობენ, რომ რუსეთს ნატო-ზე თავდასხმის არანაირი მიზეზი არ აქვს. რუსეთს არც უკრაინაზე, სირიაზე და საქართველოზე თავდასხმის მიზეზი არ ჰქონდა, სია გრძელია. ისინი რაციონალურად არ მოქმედებენ. ნატო-ზე თავდასხმა არ არის რაციონალური. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, ისე როგორც ფიქრობენ ისინი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ვისწავლოთ წარსულში დაშვებული შეცდომებიდან.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რუსეთიდან შორს მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის: შეხედეთ მსოფლიო რუქას. ევროპა ძალიან პატარა კონტინენტია. რაც არ უნდა მოხდეს ევროპის ერთ ნაწილში, ეს ყველა ჩვენგანზე იქონიებს გავლენას. ძლიერები მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვმოქმედებთ – ნატო-ში, ევროპაში… უფრო ძლიერი ევროკავშირი უფრო ძლიერ ნატო-საც ნიშნავს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესლმა წარმომადგენელმა.
ევროპაში სულ უფრო იზრდება შიში იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-ს მე-5 მუხლი გამოსცადოს – პირობა, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმას 32-ვე წევრის კოლექტიური პასუხი მოჰყვება.
როგორც, გერმანიის საგარეო დაზვერვის სააგენოს ხელმძღვანელი აცხადებს, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთისთვის მხოლოდ ერთი ნაბიჯია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.
„ვიცით, რომ რუსეთი რეაგირებს მხოლოდ ძალაზე და არაფერ სხვაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლახან წარვადგინეთ სანქციების მე-18 პაკეტი, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა. თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის უნარს, იბრძოლოს ამ ომში. ნუ მოტყუვდებით. ევროკავშირის სანქციების წყალობით, რუსეთმა ნავთობის შემოსავლებიდან ათობით მილიარდი ევრო დაკარგა. მისი სუვერენული ფონდი მხოლოდ გასულ თვეში 6 მილიარდით შემცირდა. სანქციები მუშაობს. პარალელურად, ევროკავშირი უკრაინისთვის მხარდაჭერის ყველაზე დიდი მიმწოდებელია, მათ შორის 50 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარების სახით. ჩვენ მlეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაც. ჩემი მეგობრის, ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვებით: თუ უკრაინას კიდევ უფრო არ დავეხმარებით, ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი საბოლოოდ მზად იქნება საუბრისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.
რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში, 17 ივნისს ევროკომისიამ ახალი „თავდაცვის მზადყოფნის პაკეტი“ წარადგინა – ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის შესაძლებლობების გაძლიერებას, დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს თავდაცვის შესაძლებლობები მასშტაბურად და სწრაფად.
პარაელურად, რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო თავდასხმებსაც – მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების ორმა რაუნდმა ომის დასრულების მიმართულებით შედეგი ვერ გამოიღო.
ხოლო, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება სულ უფრო ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მწვავე ესკალაციას ეთმობა – ევროპა მზარდი ზეწოლის ქვეშაა, დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და მხარი დაუჭიროს უკრაინას აშშ-ს დახმარების გარეშე.