ირანის დრონებით თავდასხმის შედეგად ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 63 კი დაშავდა, მათ შორის მგზავრები და აეროპორტის თანამშრომლები. დაღუპული მგზავრი ინდოეთის მოქალაქე იყო.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტს რამდენიმე დრონი დაესხა თავს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეჯახება ტერმინალს სამკუთხედის ფორმის უპილოტო აპარატი, რომელიც ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონს ჰგავს.
ირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანება ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ბრალდება უარყო და ინციდენტს განზრახ და გაუმართლებელი თავდასხმა უწოდა.
ინციდენტის შემდეგ ქუვეითმა ორი ირანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა, რეგიონში კვლავ დაძაბულობაა, ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომავალი კი - გაურკვეველი.
