აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატი“ სენატორის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა გრენლანდია დანიის ნაწილი, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პასუხად განაცხადა - „დიახ, ჯერჯერობით“.
მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის საკითხი კვლავ გააქტიურდა, იმის მიუხედავად, რომ ირანში ომმა ევროპისთვის ეს საკმაოდ სენსიტიური თემა ჩრდილში მოაქცია.
საგარეო საქმეთა კომიტეტზე გრენლანდიის საკითხის განხილვამდე, სენატორებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რამდენჯერმე ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა ის თეთრი სახლის ლიდერის პოზიციას და გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით, როდესაც დონალდ ტრამპმა სამხედრო ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და თქვა ისიც, რომ ბლოკს არაფერი გაუკეთებია ვაშინგტონისთვის.
მარკო რუბიოს განმარტებით, ეთანხმება ნებისმიერი მხარის იმ ნებისმიერ პოზიციას, რომელიც პრიორიტეტულია ამერიკის ინტერესებისთვის.
წარმომადგენელთა პალატის წევრთა თქმით, ნატომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი სწორედ 2001 წლის 11 სექტემბრის სასტიკი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ დაიწყო, როდესაც გადაწყდა სისტემური ბრძოლა ტერორიზმთან, რა დროსაც 1000-ზე მეტი ევროპელი დაიღუპა.
მათივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი დანაკარგი დანიას აქვს, ამიტომ კოპენჰაგენთან ურთიერთობების დაძაბვა არ არის არანაირად გამართლებული ნაბიჯი.
„კოპენჰაგენში ორპარტიულ ვიზიტს შევუერთდი, რადგან ადმინისტრაცია, რომლის წევრიც ხართ, მიისწრაფოდა გრენლანდიის დაპრობისკენ. დავოსში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გრენლანდიაზე საუბრისას თქვა: „მის დასაცავად საჭიროა მისი ფლობა“. ბატონო მდივანო, სჭირდება თუ არა ამერიკას, ფლობდეს ტერიტორიას ნატოს საზღვრებში, მის დასაცავად?“ - ჰკითხა მარკო რუბიოს წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ წევრმა, სარა მაკბრაიდმა, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ახლა გრენლანდიასა და დანიასთან ვაშინგტონი მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრებს, რადგან არ სურს, პროცესს ხელი შეეშალოს.
მისივე თქმით, „[აშშ-ის] პრეზიდენტი თვლის, რომ უფრო მარტივია ტერიტორიის დაცვა, როდესაც მას სრულად აკონტროლებ“.
„დემოკრატი“ სენატორის თქმით, ამ განცხადებას აღიქვამს ისე, თითქოს მარკო რუბიო „სიტყვა-სიტყვით“ არ ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას.
„მას ეს არ უთქვამს. მან თქვა, რომ დასაცავად აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თავის თავში ეს ძირს უთხრის ნატოს მეხუთე მუხლის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მათ ერთ ან რამდენიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე და თუ ასეთი რამ მოხდა, თითოეული მათგანი გაუწევს დახმარებას დაზარალებულ მხარეს ან მხარეებს.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ნატოელ და მის საზღვრებს მიღმა მყოფ მოკავშირეებს, ასევე ვლადიმერ პუტინს, რომელიც, შესაძლოა, უსმენდეს ამ სიტყვებს, შეგიძლიათ, მკაფიოდ განუცხადოთ, რომ ნატოს მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მეხუთე მუხლი და რომ მას დავიცავთ?“ - იკითხა სარა მაკბრაიდმა.
„ამერიკა ისევ არის ნატოს ალიანსის წევრი და ამ საკითხის განსახილველად თურქეთშიც ვიქნებით. თავად პრეზიდენტი მონაწილეობს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე. ჩვენ კვლავ ვართ ნატოში, მაგრამ ნატოს ძირეული ცვლილებები სჭირდება, რაც პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა. ის ძალიან იმედგაცრუებულია ნატოთი“, - უპასუხა „დემოკრატ“ სენატორს მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ნატოდან გამოსვლას, რაც, ერთი მხრივ, შესაძლოა, დამშვიდების საფუძველი გახდეს ევროპელი მოკავშირეებისთვის, თუმცა რუბიოსვე თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს უკან დახევას სამხედრო ალიანსის ძირეული რეფორმების მოთხოვნების მხრივ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ნატოელი მოკავშირეების უარმა, გაეწიათ დახმარება ირანში სამხედრო ოპერაციის ჩატარებაში. მოკავშირეთა შორის ყველაზე განაწყენებული თეთრი სახლის ლიდერი ესპანეთისა და იტალიისადმი აღმოჩნდა, რადგან მათ ბაზებიც არ დაუთმეს ვაშინგტონს სამხედრო მიზნებისთვის.
გრენლანდიის მშვიდობიანი ცხოვრება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნებამ დაარღვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა არამხოლოდ ვაშინგტონიდან, არამედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდანაც არაერთხელ გააჟღერა კუნძულის 53-ე შტატად შემოერთების იდეა, კანადისა და ვენესუელის შემდეგ.
მისი თქმით, კუნძულზე კონტროლის დამყარება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში კი ამას ჩინეთი და რუსეთი გააკეთებდნენ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო წესრიგს დაარღვევდა.
ამ განცხადებებმა მნიშვნელოვანი ბზარი გააჩინა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. ევროპელი ლიდერები ამბობდნენ, რომ „არავის მისცემდნენ შანტაჟითა და დაშინებით ტერიტორიის დათმობის უფლებას“ და რომ საზღვრების ცვლილება ძალისმიერი მეთოდებით მიუღებელია, მით უმეტეს, როცა დასავლეთი ნახევარსფერო, წესით, დემოკრატიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
