ისრაელი და ლიბანი ცეცხლის პირობით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ მხრიდან საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში ლიბანის ტერიტორიაზე შეიქმნება უსაფრთხოების საცდელი ზონები, სადაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შესვლა აეკრძალებათ, მათზე სრულ კონტროლს კი ლიბანის არმია აიღებს.
3 ივნისს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ, ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ „ჰეზბოლა“ ცეცხლს სრულად შეწყვეტს და დაჯგუფების ყველა მებრძოლი ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს დატოვებს.
აშშ-ში ლიბანის ელჩის განცხადებით, შეთანხმება დამოუკიდებელი და სუვერენული ლიბანის სახელმწიფო გადაწყვეტილებაა.
„ლიბანის პრეზიდენტ ჟოზეფ აუნის ლიდერობითა და პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის ხელმძღვანელობით, მე ვუძღვებოდი ლიბანის დელეგაციას, რომელსაც ელჩი სიმონ კარამი ედგა სათავეში პირდაპირი მოლაპარაკებების ამ რაუნდში, რომლის შედეგადაც მიღწეულ იქნა ყოვლისმომცველი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლიბანის მთელ ტერიტორიაზე. ეს შეთანხმება წარმოადგენს დამოუკიდებელი და სუვერენული ლიბანის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლიბანის ელჩმა აშშ-ში ნადა ჰამადე მოჰავადმა.
მოლაპარაკებების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იეხიელ ლაიტერმა, ისრაელის ელჩმა აშშ-ში, განაცხადა, რომ ბევრი პრობლემური საკითხი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მთავარი ის არის, რომ ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა სურს.
„ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ის შენარჩუნდება. ისრაელელი, ამერიკელი და ლიბანელი საზოგადოებისთვის სრულად ნათელია, რომ ლიბანში არ არსებობს ადგილი, რომელიც დაცული იქნება ისრაელის საპასუხო მოქმედებებისგან, თუ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას გადაწყვეტს. მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა. „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა ჩრდილოეთისკენ უნდა გადაინაცვლონ და სამხრეთი ლიბანი „ჰეზბოლასა“ და ირანის გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს“. - განაცხადა ისრაელის ელჩმა აშშ-ში იეხიელ ლაიტერმა.
ისრალესა და ლიბანს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კვლავ არის კითხვები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის შესახებ, განსაკუთრებით მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებების ფონზე. აშშ-ში გამართულ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა „ჰეზბოლა“. პირობითი შეთანხმება კი სწორედ დაჯგუფებაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნები ამბოდნენ, რომ დაჯგუფება შეთანხმებაში მონაწილეობას ნაწილობრივ არ მიიღებდა.
მოლაპარაკებების შუამავალი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსი დენ ჰოლერი კი ამბობს, რომ მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მთავრობებმა უნდა მიიღონ და არა სხვა გარე ძალებმა.
„შეერთებულმა შტატებმა ორივე მთავრობის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უწყვეტი მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვან. ასევე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე ნებისმიერი შეთანხმება, შეერთებული შტატების შუამავლობით, უშუალოდ ორი მთავრობის მიერ უნდა იყოს მიღწეული და არა ცალკეული პარალელური ძალების მიერ. შეერთებულმა შტატებმა ყურადღება გაამახვილა გეგმაზე, რომელიც ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მთელი ლიბანის ტერიტორიაზე კონტროლის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ასევე ვისაუბრეთ სახელმწიფო მდივნის, რუბიოს, 2 ივნისის განცხადებაზე, რომ „ჰეზბოლა“ არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ამერიკისა და ლიბანის მტერიცაა. ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ „ჰეზბოლასა“ და მთელი ლიბანის მასშტაბით მისი ინფრასტრუქტურის განადგურებითაა შესაძლებელი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსმა დენ ჰოლერმა.
მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც გასულ დღეებში ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევები მნიშვნელოვნად გააძლიერა. გასული 20 წლის განმავლობაში ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია განახორციელა. მოლაპარაკებების მორიგი მეხუთე რაუნდი მხარეებს შორის 22 ივნისის კვირაშია დაგეგმილი, მიზანი კი ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა იქნება.
