რამ განაპირობა ავტოკრატიული ტენდენციების ზრდა მსოფლიოში და შესწევს თუ არა დღეს დემოკრატიას განახლების უნარი? რითია დემოკრატია უპირატესი მმართველობის სხვა ფორმებზე და სად აჩვენა მან სისუსტე? ავტოკრატიების მომავალსა და საზოგადოებებში მიმდინარე ცვლილებებზე ევრონიუს ჯორჯია, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, რომანა კომანს ესაუბრა. ის თბილისში საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის დისკუსიაზე იმყოფებოდა.
- ქალბატონო კომან, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თბილისში საინტერესო თემის განსახილველად იმყოფებით. რა მოხდა სამყაროში ისეთი, რამაც დემოკრატიულ საზოგადოებებს ავტოკრატიაზე ასეთი ინტენსიური საუბრები დაგვაწყებინა?
“ბევრი რამ შეიცვალა და ეს არ არის დასაწყისი, რეალურად შუა ავტოკრატიზაციის პროცესში ვიმყოფებით. ბოლო 15 წელიწადში ჩვენ ხელშესახები კრიზისები გამოვცადეთ, როგორც ევროკავშირში, ისე მსოფლიოში. აღარაფერს ვამბობ ევროზონის ეკონომიკურ კრიზისზე, საიმიგრაციო კრიზისზე, ბრექსიტზე თუ ბევრ სხვაზე. ამ დროისთვის ჩვენ უკვე დავინახეთ ულტრამემარჯვენე თუ რადიკალი მემარჯვენე პარტიების აღზევება, ისინი საუბრობენ თანასწორობის პრობლემებზე, ტრადიციული თუ ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე. აქ არსებობს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია. ერთია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება, მეორეა საერთაშორისო კონტექსტი და კრიზისები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი აწყდება. ეს კი ნაყოფიერი ნიადაგია იმ პარტიებისთვის, რომლებიც იბრძვიან ლიბერალური დემოკრატიისა და ზოგადად, დემოკრატიის წინააღმდეგ, რათა მოიპოვონ ძალაუფლება და იყვნენ მეტად მომხიბლველები სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის”.
2. დისკუსიის დროს ახსენეთ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა იზრდება, ეს ვიხილეთ ევროპაშიც. როგორ მოხდა, რომ იმგვარ დემოკრატიულ საზოგადოებებში, როგორიცაა თუნდაც აშშ-ი თუ ევროკავშირი, ავტოკრატიული ტენდენციები ყოველდღიურობის თითქოსდა ბუნებრივი ნაწილი გახდა. რა უბიძგებს საზოგადოებებს არჩევანი გააკეთონ მათზე, დემოკრატიით კმაყოფილები აღარ არიან?
“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირების მიმართ ბევრია უნდობლობა. ეს ეხება მაგალითად პარლამენტის მუშაობას, უნდობლობას სასამართლოს მიმართ. ეს უნდობლობა კი გააჩინა იმ გზებმა, რომლებითაც დემოკრატიული ინსტიტუციები კრიზისებზე რეაგირებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს საკითხები გადაწყდა დახურულ კარს მიღმა, ხალხთან კონსულტაციიის გარეშე, რამაც ბევრს გაუჩინა დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირების მიმართ უკმაყოფილების საფუძველი. შესაძლოა, სწორედ ეს უბიძგებდეს ზოგიერთ ევროპელს ხმა მისცენ არადემოკრატიულ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლოდროინდელი არჩევნების სტატისტიკის მიხედვით, რადიკალური თუ ულტრამემარჯვენე პარტიების ამომრჩევლები უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები არიან. ახალგაზრდათა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობების პირობებში მათ არ აქვთ იმედი, მომავალი, მისწრაფება. ჩვენ როგორც მოქალაქეებს, აკადემიის წარმომადგენლებს გვაკისრია ძალიან სერიოზული როლი, რომ ავხსნათ და უკეთ გავიგოთ ამ ფენომენის მიზეზები.მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა თუ თანასწორობის პრობლემებზე ყოველთვის ვერ ვისაუბრებთ, რადგან ვხედავთ, რომ ეს ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ კატეგორიასა და ასაკზე. საკითხი მეტად უნდა გამოვიძიოთ. თქვენს კითხვაზე პასუხი მაინც ალბათ ის იქნებოდა, რომ ყველაფერი უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუციების უუნარობას, გადაჭრან ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც ბოლო წლებში წავაწყდით და ეს იწვევს მათ მიმართ უნდობლობას. უნდა ვახსენოთ ანტილიბერალური იდეის ცირკულირება და დემოკრატიული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა თუ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ნარატივები. ასე რომ, ესაა გარკვეული ფაქტორების კომბინაცია, ერთი არის სტრუქტურული პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით. ამას კი ემატება ანტილიბერალური პარტიებისა და მოძრაობების უნარი, მოახდინონ ლიბერალური დემოკრატიის დელეგიტიმაცია და თქვან, რომ ყველაფრის პრობლემა ამაშია. ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ლიბერალური დემოკრატია იდეალურია. ზოგადად დემოკრატია იდეალია და დემოკრატიის როლია, გადაჭრას თავისი ნაკლოვანებები”.
3. აქვს თანამედროვე დემოკრატიას იმის უნარი, რომ მოიგოს ამ ორთაბრძოლაში თუ ამ საქმეს დრო დასჭირდება?
“არ ვთვლი, რომ რამეს უნდა დაველოდოთ. ჩვენი, როგორც მოქალაქეების როლია დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ვიბრძოლოთ ჩვენი ფასეულობებისთვის, ასე რომ არ მგონია მოცდა პასუხი იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. საქართველო არ არის პოლონეთი და პოლონეთი არ არის ბელგია. ისტორიული მაგალითები გვიჩვენებს, რომ მობილიზაცია მნიშვნელოვანია. ესაა მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების ვალი. სწორედ მათ აქვთ საკვანძო როლი იმაში, რომ გაიგონ თუ რატომ არის დემოკრატია საუკეთესო პოლიტიკური რეჟიმი და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ის. დემოკრატია ყველგან სამუშაო პროცესია, ის არაა უნაკლო. ჩვენ, ჩვენივე ქმედებით ვძენთ მას მნიშვნელობას. იმედის მომცემი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის მეტი კოორდინაციისა და ინტერაქციის ხილვა. მათ შორის ვგულისმობ დომინანტი პოლიტიკური პარტიების კავშირებს მოქალაქეებთან. ხედვების პოლარიზაცია არ აუმჯობესებს დემოკრატიას, პირიქით, პოლარიზაცია ხშირად უბიძგებს ქვეყნების ავტოკრატიზაციას. შესაბამისად, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა და იმის გაგება, თუ რატომ უჭერენ ახალგაზრდები მეტად მხარს ულტრამემარჯვენე პარტიებს და რატომ უნდა დარჩეს დემოკრატია იდეალად. პოლარიზაცია დემოკრატიის განახლებისა და მისი ხელახლა შექმნის საქმეში მთავარ დაბრკოლებად რჩება. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტები უნდა დავრჩეთ, ჩვენი წინაპრებიც ოპტიმისტები იყვნენ. 20 წლის წინ, როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი, ავტოკრატიას შევისწავლიდი როგორც ფენომენს. ის ჩემთვის შორეული წარსული იყო, არა აწმყო და არა მომავალი. საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი, თუ როგორ იყო შესაძლებელი 80-იანებში, რომ გეხილა ავტორიტარული რეჟიმი, როგორ იყო ეს შესაძლებელი 30-იანებში. უკვე დღეს ჩვენ ამის შუა პროცესში ვარ და ვართ ამ ფენომენის ავტორები, ჩემი პასუხია, რომ ჩვენ გვჭირდება იმედი და ბრძოლა. როგორც ეს ჩვენამდე სხვებმა გააკეთეს. ჩვენ გვაქვს იმის ისტორიული მაგალითები, თუ როგორ იკლებს და შემდეგ ძალებს იღდგენს დემოკრატია. თქვენ გახსოვთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლიბერალური დემოკრატია ხელახლა გამოჩნდა, როგორც იდეალური პოლიტიკური რეჟიმი, იმის გამოც, რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტებმა მოახერხეს საზოგადოებამდე იმის მიტანა, რომ ეს არაა დაპირება, რომ ეს რეალურად მოემსახურებოდა საზოგადოების საჭიროებებს და ამან იმუშავა 60-იან, 70-იან თუ 80-იან წლებამდე. ლიბერალური დემოკრატია აკმაყოფილებს დასავლეთ ევროპელების საჭიროებებს. შესაბამისად მან გაამართლა მოლოდინები. დღეს ჩვენ იგივე ციკლში ვართ, პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტორებმა ხელახლა უნდა გამოიგონონ ლიბერალური დემოკრატია”.
4. შემიძლია გკითხოთ ავტოკრატიულ რეჟიმებთან თანამშრომლობის შესახებ? ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად აშშ-ს უკვე დღეს შეუძლია თვალი დახუჭოს წარსულში დემოკრატიულ და ამჟამად ავტოკრატიული ტენდენციების მქონე ქვეყნების მთავრობების ქმედებებზე. ან თუნდაც, რატომ ვხედავთ დემოკრატიების თანამშრომლობას ავტოკრატიულ მთავრობებთან. რატომ ხდება ეს?
“თუ მაგალითი აშშ-ია, მაშინ პასუხი ნათელია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სჭირდება აშშ-ი ბევრი რამისთვის, მათ შორისაა ნატო. ვხედავთ სხვადასხვა პოზიციებს ევროკავშირის ქვეყნებში, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლობა და იპოვონ დიალოგის გზები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხებზე. გვაქვს ისეთი მაგალითებიც, თუ როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი ავტოკრატიასთან, მაგალითად საიმიგრაციო საკითხებზე, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში მუდმივი დავის საგანია. ევროკავშირისთვის ამ პრობლემის მოგვარების გზა იყო მისი ექსტერნალიზება, საიმიგრაციო პრობლემის, ფონდებისა და ფულის მიწოდებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ფენომენი უნდა შეეკავებინათ. ამის გამო ევროკავშირი ნამდვილად გახდა კრიტიკის ობიექტი”.
5. ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს დასაწყისი თუ არა, შუა პროცესია. როგორ ფიქობთ, რა დრო დასჭირდება იმის ხელახლა დამტკიცებას, რომ ავტოკრატია არ არის საუკეთესო მმართველობის ფორმა, მაშინ როდესაც არსებობს დემოკრატია?
“ამას სჭირდება დრო. წარმოშობით რუმინელი ვარ. ჩვენმა ქვეყანამ გამოსცადა ტოტალიტარიზმი. კომუნისტური რეჟიმი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განსხვავებული იყო. მის დემონტაჟსა და დემოკრატიული რეჟიმის შექმნას ხუთი ათწლეული დასჭირდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რთულად გამოიყურება უნგრეთში, უნგრეთის მთავრობა ავტოკრატიზაციის გზაზეა. უნგრეთი აღარაა სრული დემოკრატია და აღარც ჰიბრიდული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, თუ რა რთულია უნგრეთის მოქალაქეებისთვის ამ ტრენდის წინააღმდეგ ბრძოლა. იმავეს ვხედავთ პოლონეთში. ამ ყველაფერს სჭირდება დრო, მომავალში გადამწყვეტი როლი ექნება საშინაო და საგარეო ფაქტორებს, ანუ შიდა ბრძოლას დემოკრატიისთვის და საგარეო აქტორების მხარდაჭერას, რომლებსაც ასევე სურთ დემოკრატიის შენარჩუნება. სოლიდარობა აქ უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ვხედავთ ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას არალიბერალურ ძალებს შორის, იმედია პოლიტიკურ დონეზე ჩვენ დავინახავთ ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას დემოკრატიულ ძალებს შორისაც, ვინც წინააღმდეგობას უწევს ავტოკრატიზაციის ტრენდს”.
6. აღნიშნეთ, რომ ვიწროდ საქართველოს ექსპეტი არ ხართ, ამიტომ დეტალებში არ შევალ. გკითხავთ იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის დემოკრატიული გზიდან გადახვევა და ავტოკრატიად ქცევა. რამდენად მტკივნეული შეიძლება ეს იყოს იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა საბჭოთა კავშირი. ამასთან გკითხავთ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის ტოტალიტარულ წარსულს ამ პროცესში.
“ეს იქნება რთული საქართველოსთვის, რადგან ეს არის რთული ბევრი სხვა ქვეყნისთვის. დემოკრატიის აღდგენას დრო სჭირდება. დიახ, მე არ ვარ ექსპერტი ვიწროდ საქართველოს საკითხებში, თუმცა საქართველოს ძალიან დამაჯერებელი წარსული აქვს დემოკრატიული ინსტიტუციების დამკვიდრებასა და გაძლიერებაში. აღფრთოვანებული ვარ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლით დაიცვან ევროპული ფასეულობები. თქვენი შეკითხვა ნაწილობრივ შეეხება ავტოკრატიული რეჟიმების ეფექტურობასაც და ჩვენ ნამდვილად გვაქვს გამოცდილება და მტკიცებულებაც იმისა, რომ არალიბელარულ, ულტრამემარჯვენე აქტორებს არ შესწევთ უნარი შეასრულონ საკუთარი დაპირებები. ისინი თავს აჩვენებენ, თითქოს იცავენ ხალხის ინტერესებს და წარმოადგენენ ხალხის ხმას. სინამდვილეში, ეს ცარიელი სიტყვებია, ფასადი და ფუჭი დაპირება. რეალურად კი ყველაფერი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ამომრჩევლების საცხოვრებელი პირობები თუ მოქალაქეების მდგომარეობა არ უმჯობესდება. პირიქით, ავტორიტარულ რეჟიმებში იქმნება მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიები, შენი უფლებები ჩემს უფლებებზე მნიშვნელოვანი ხდება, ჩნდება თავისუფლების ნაკლებობა, ინფორმაციის ნაკლებობა, ბევრი რამის ნაკლებობა. მათ შორის მცირდება აკადემიური თავისუფლება, ისევე როგორც ინსტიტუციების დამოუკიდებლობა”.