მთავარისაქართველო“მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება მოუწევს” - მაიკლ კლარკი

“მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება მოუწევს” – მაიკლ კლარკი

ევროპა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების პროცესშია, დრო კი არ ითმენს. კონტინენტზე მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რუსეთი შემდეგი სამიზნისთვის ძალებს მალევე აღიდგენს.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროპამ იმისათვის, რომ ძლიერი უსაფრთხოებითი ქოლგა შექმნას, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის გარეშეც და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ევროპის ახალ უსაფრთხოებით არქიტექტურაში საქართველოს. ამ საკითხზე ევრონიუს ჯორჯია კინგსის კოლეჯის პროფესორს, დოქტორ მაიკლ კლარკს ესაუბრა. ის წლების განმავლობაში ომისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე წამყვან ანალიტიკურ ცენტრებს უძღვებოდა. იყო “გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის” გენერალური დირექტორი. ის თბილისს საქართველოს ინსტიტუტის “უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის” დისკუსიაზე სპეციალურ სტუმრად იყო მიწვეული.

  1. ევროპული უსაფრთხოება ვრცელი თემაა, რთულია ის მოკლედ მიმოვიხილოთ, თუმცა საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას მომავალში?

“ევროპული უსაფრთხოება ამ წუთას გზაჯვარედინზე დგას,რადგან ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სწრაფ ევოლუციას განიცდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპელებმა ძალიან განსხვავებულად უნდა იფიქრონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს კი გულისხმობს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე საკვანძო ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი,გერმანია თუ იტალია. ახალი ხედვა უნდა ითვალისწინებდეს სამხედრო შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ მდგენელებს, რომლითაც ევროპელები რუსეთთან იურთიერთებენ. რადგან უკრაინაზე 2022 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთის წინაშე უკან დასახევი გზა ევროპას არ აქვს. ევროპული უსაფრთხოებითი არქიტექტურა უნდა შეიქმნას, უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ აუცილებელად აშშ-სგან განყენებულად, თუმცა ევროპელები აღარ უნდა დაეყრდნონ აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებში იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ათწლეულების მანძილზე ხდებოდა”.

2. ჩვენ ვხედავთ რომ ევროპა უკვე დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რამდენად საკმარისია ის რასაც ვხედავთ?

“ევროპული ერები ამბობენ, რომ უნდა გააკეთონ მეტი და გეგმავენ მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, 2%-ის ნაცვლად ახლა უკვე უახლოვდებიან თავდაცვის ხარჯების 3.5%-მდე ზრდას. ეს კარგია მაგრამ დაუყოვნებლივ არ მოხდება. თავდაცვაზე ქვეყნების მშპ-ის 3.5%-ით ზრდა მოიტანს 3.25 მილიარდ ევროს ნატოს სიმდიდრეს, რაც დღევანდელთან შედარებით გაორმაგებული რიცხვი იქნება. ეს კარგია, მაგრამ სწრაფი პროცესი არაა. თუ ამას 10 წელი დასჭირდა, უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება. ასე რომ, ევროპელებმა საკუთარი ძალისხმევა უნდა გააქტიურონ, სწორედ ახლა ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. ამაში კი არ ვგულისხმობ, მხოლოდ ხარჯებს მათ უნდა აწარმოონ მეტი თავდაცვითი აღჭურვილობა, გააჯანსაღონ ევროპის თავდაცვითი ინდუსტრია, გაზარდონ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, არა მხოლოდ სახმელეთო,არამედ საზღვაო და საჰაერო ძალები”. 

3. თქვენ აღნიშნეთ, რომ 10 წელიწადში გვიანი იქნება, რას გულისხმობთ ამაში? სწორად გავიგე, რომ იზიარებთ ნატოს გენერალური მდივნის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ 5 წლის ვადაში რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს სამხედრო ძალა ნატოს წინააღმდეგ?

“სამხედრო ძალების იმ სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეს ევროპელებს აქვთ 15 წელი დასჭირდა. ავიღოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი, ძალების ეს სტრუქტურა რომელიც 2025 წელს გაგვაჩნია დაიგეგმა 2010 წელს. თუ ჩვენ ავიღებთ კიდევ 15 წელიწადს, რომ მივაღწიოთ სამხედრო ძალების ახალ სტრუქტურას ეს იქნება გვიანი. ამ დროისთვის ჩვენ უკვე წაგებული გვექნება მინიმუმ 1 ომი რუსეთთან,შესაძლოა ორიც. ასე რომ ვადები უნდა აჩქარდეს. 5-დან 7წლამდე ვადა კი საკმაოდ რეალისტურია. 2030-იანების ადრეული პერიოდისთვის ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობები 50%-ით გაუმჯობესებული უნდა იყოს, ასე რომ მათ უნდა გააორმაგონ ის რასაც ამ წუთისთვის აკეთებენ. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  და თუ 5 წელი დაგვჭირდა, რომ საწყის წერტილამდე მივიდეთ – ეს იქნება გვიანი. საწყისი წერტილი ახლაა, რადგან გამოწვევები გზაშია ზუსტად ახლა,როდესაც ვსაუბრობთ”.

4. რაც შეეხება ომს უკრაინაში, დონალდ ტრამპის პროცესებში ჩართვის შემდეგ ბევრია საუბარი, თუმცა არსებითი ცვლილებების გარეშე. ამ დროისთვის თვალს მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებას ვადევნებთ. როგორ უყურებთ ამ ომს პერსპექტივაში. რა იქნება შემდეგი განვითარება?

“მე ვთვლი, რომ აშშ-ი დატოვებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის დაწყებულ მცდელობებს. შემდეგ კი მნიშვნელოვანი ორი შეკითხვა, თუ ვის დაადანაშაულებს ამაში დონალდ ტრამპი : პუტინს თუ ზელენსკის? მე ვფიქრობ, რომ ის ამაში დაადანაშაულებს ზელენსკის,რაც დიდი სისულელე იქნება,მაგრამ ვფიქრობ ის სწორედ ასე მოიქცევა. სხვა შეკითხვაა, მიაწვდის თუ არა აშშ-ი უკრაინას სადაზვერვო თუ სამიზნე დახმარებას ამ ომში. თუ უკრაინელები ბრძოლას გააგრძელებენ და ალბათ ასეც მოიქცევიან, მათ შეეძლებათ ამის გაკეთება გარკვეული რაოდენობის ამერიკული სადაზვერვო დახმარებით და უფრო მეტად კი ევროპელების დახმარებით. თუმცა თუ ტრამპი საკუთარ წარუმატებლობაში დაადანაშაულებს ზელენსკის და შეუჩერებს მას სტარლინკის სატელიტურ სისტემაზე წვდომას ან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, მაშინ ურთულესი იქნება ევროპელებისთვის ჩაანაცვლონ ამერიკული დახმარება უკრაინისთვის. ამ შემთხვევაში კი უკრაინელებმა შესაძლოა დაკარგონ დონბასი, სრულად დაკარგონ ზაპოროჟიე და ხერსონი, აუცილებლად დაკარგავენ 25%-დან 30%-მდე ტერიტორიას, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით. ეს ყველაზე საშინელი სცენარია, მაგრამ უკრაინას შეეძლება გააგრძელოს ომი, თუ მას ამის სურვილი ექნება. ის დიდი ქვეყანაა და 33 მილიონი ადამიანი რუსეთის კონტროლის ზონის მიღმა რჩება. თუკი ევროპელები შეძლებენ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ, მაშინ უკრაინას შეეძლება გააგრძელოს გარკვეული ხანი”

5. სად ხედავთ საქართველოს როლს ამ მაგნიტუდის გეოპოლიტიკურ ცვლილებებში? გლობალური პარადიგმების ცვლილების პროცესში რა იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის საუკეთესო გზა?

“თუ ევროპული ქვეყნები მართლაც სერიოზულად არიან განწყობილნი ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის შექმნის მიმართ, რათა თავი უფრო ეფექტურად დაიცვან, მაშინ საქართველო ამ პროცესის განუყრელი ნაწილია. აშშ-ის გარეშეც რომ განვიხილოთ, ევროპა არის 400 მილიონიანი საზოგადოება, რუსეთზე 12-ჯერ მდიდარი.საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია იყოს ამ ახალი უსაფრთხოებითი არქიტექტურის ნაწილი. ისტორიული კითხვა იმაშია, არის თუ არა ევროპა, როგორც ერთობა მზად, რეალურად აიღოს კონტროლი საკუთარ უსაფრთხოებაზე და მომავალზე, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო ამ პროცესში, მაგრამ ახლა დრო აღარაა. ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ ამას? – ეს გვეცოდინება შემდეგ 18 თვეში ან 2 წელიწადში. კერძოდ ის, ევროპა იღებს ამ გამოწვევას თუ თავს აარიდებს მას”.

6. თქვენ ახსენეთ ის ისტორიული შეკითხვა,რომელიც ევროპის წინაშე დგას. რაც შეეხება კითხვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას – როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, აქვს თუ არა თავად საქართველოს სურვილი გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი? მოგეხსენებათ ქვეყნის პოლიტიკა ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით შეიცვალა და ის აღარაა ისეთი თბილი, როგორიც აქამდე. ამასთან ბევრს იპოვით ისეთს, ვინც საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნად დაგისახელებთ.

“ქართველი ხალხის სურვილი უნდა იყოს ფუნდამენტური ფაქტორი იმისა, თუ საით უნდა იაროს საქართველომ. ევროპა,რომელშიც ბოლო 30 წელია ვცხოვრობდით, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს აძლევდა ნებას აერჩიათ ან ერთი მხარე, ან მეორე, რაც მისაღები და მოქნილია, ვიდრე ამის საშუალება არსებობს. მაგრამ სამყარო, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ, შექმნის ახალ გამყოფ ხაზს რუსეთის გავლენის სფეროებსა და თავისუფალ ევროპულ სივრცეს შორის, 400 მილიონი ადამიანით. არ მგონია, რომ საქართველომ მოახერხოს ორივესგან განდგომილობა. იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ ვეჭვობ, მომდევნო 4-5 წელიწადში საქართველოს მოუწევს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება, იღებს რუსეთის გავლენის სფეროს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, თუ გააღწევს და გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ისეთს, როგორსაც აქამდე დგამდა, რომ გახდეს დასავლური, ლიბერალ-დემოკრატიული ევროპის ნაწილი. არ მგონია შესაძლებელი იყოს ერთი ან მეორე არჩევანის თავიდან არიდება. ვფიქრობ, ეს დრამატული მომენტია ქართველი ხალხისთვის, ვუსურვებ მათ სწორი არჩევანის გაკეთებას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend