„ამ საქმეში არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის მიმოწერას ვხვდებოდით, არამედ მოთხოვნასაც, რომ 14 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვს ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალები გაეგზავნა. ამას აგზავნინებდა აქტიურად, სისტემატურად, დღეში რამდენჯერმე და უფრო და უფრო ურთულებდა ამოცანას და უფრო და უფრო სხვაგვარი შინაარსის მოქმედებას სთხოვდა“, – ამბობს ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი.
2025 წლის მაისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც Tiktok-ის გამოყენებით მცირეწლოვან გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა – პედოფილი ბავშვს თანატოლად გაეცნო და მისი ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც არასრულწლოვანს ინტიმური შინაარსის მასალას უგზავნიდა და მისგანაც იმავეს მოითხოვდა. წლის დასაწყისში ბავშვის დედამ ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა – დედას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი შვილი სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი იყო, თუმცა რადგან ბავშვს მიმოწერის დიდი ნაწილი წაშლილი ჰქონდა, მშობლისთვის კომუნიკაციის დეტალები ცნობილი არ იყო.
იურისტი, რომელიც საქმეში ჩაერთო ჰყვება, რომ პედოფილი ბავშვს ძირითადად ღამის საათებში ეკონტაქტებოდა – მაშინ, როცა არასრულწლოვანი მშობლის თვალსაწიერს მიღმა რჩებოდა.
„ასაკობრივი უმწეობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ვერ აიდენტიფიცირებდა, რომ საფრთხეში იყო. ვერ აფასებდა, ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა საქმე, რადგან პედოფილი ბავშვს თანატოლად გაეცნო. ურთიერთობა ამგვარად ჩამოყალიბდა: მანიპულაციური მეთოდებით ბავშვთან ნდობაში შევიდა – თავდაპირველად მეგობრული ურთიერთობა დაიწყო, თუმცა ნდობის მოპოვების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო სექსუალური შინაარსის მიმოწერის დაწყება… ნიადაგი, რომელიც მას ჰქონდა შემზადებული იყო ანონიმურობა (იდენტიფიცირების გარეშე, ჩვეულებრივი ანგარიში, არანაირი ფოტოსურათი, არანაირი სახელი-გვარი). იგი თავს დაცულად გრძნობდა. ბავშვთან ეს მიმოწერა დღეების განმავლობაში გრძელდებოდა და სავარაუდოდ, ეს არ იქნება ერთადერთი ბავშვი, რომელიც ამ პირის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ამაზე გამოძიებაც მუშაობს.
როგორც მიმოწერიდან ჩანდა, ეს პედოფილი არ აპირებდა მხოლოდ ფოტო-ვიდეო მასალის მოთხოვნაზე გაჩერებას. შეიძლება საქმე ბევრად უფრო რთულ მდგომარეობამდე მისულიყო და ფიზიკური შეხვედრაც მომხდარიყო, თუნდაც ბავშვისგან დამოუკიდებლად, რადგან მისგან ინფორმაციის „ამოღება“ მარტივად შეეძლო – შეეძლო მისი იდენტიფიცირება, მისი მისამართის გაგება და ასეთ შემთხვევაში დაზღვეულები არ ვიყავით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო დედას რომ დროულად არ აღმოეჩინა პრობლემა“, – ამბობს ადვოკატი მარი ვარამაშვილი.
ეს შემთხვევა კიბერგრუმინგის კლასიკური მაგალითია. ეს ბავშვების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და ინტერნეტის გამოყენებით ბავშვებსა და მოზარდებთან ემოციური კავშირის დამყარებას გულისხმობს მათი მანიპულირებისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.**
სექსუალური ძალადობა ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთია ბავშვების კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ ოთხ მთავარ საფრთხეს შორის, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალ პოლიტიკის დოკუმენტში განსაზღვრა. როგორც UNICEF-ში განმარტავენ, ამ თვალსაზრისით რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია არსებობს და კიბერგრუმინგისგან, ისევე, როგორც ინტერნეტსივრცეში არსებული სხვა არაერთი საფრთხისგან ბავშვების დასაცავად, მშობლებისა და სკოლის როლის გაძლიერებასთან ერთად, ინტერსექტორული თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაც არის საჭირო.
„რეკომენდაციები შემდეგია: ეს იყოს ინტერსექტორული ჯგუფის მიერ მართული პროცესი და ერთად გადაწყდეს, თუ რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი, რათა ამ ტიპის გამოწვევებს ვუპასუხოთ. ასევე, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, რომ იგი ძალადობასა და იმ საფრთხეებს პასუხობდეს, რომელთაც ბავშვები შეიძლება ინტერნეტში გადააწყდნენ. გარდა ამისა, მშობლებისა და ბავშვების გაძლიერება – სექსუალური ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მიდგომა არის როცა ბავშვებმა და მშობლებმა სწორად იციან, თუ რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ უნდა ამოიცნონ იგი – როცა მშობლებმა იციან როგორ ამოიცნონ, დაინახონ ეს და როგორ ესაუბრონ საკუთარ შვილებს. ეს პროფესიონალებსაც ეხებათ. საუკეთესო ვარიანტია, თუ ასეთ მგრძნობიარე საკითხზე მშობელი დაელაპარაკება ბავშვს და ბავშვი ამ ინფორმაციას მისგან მიიღებს, თუმცა როდესაც მშობელს ეს ცოდნა არ აქვს, ტვირთი უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე გადადის“, – ამბობს ნონა ციხელაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.
ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელსაც ბავშვების კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ვაწყდებით მათი პერსონალური ინფორმაციის გადაჭარბებულად გაზიარებაა.
„საცხოვრებელი მისამართი, რეალური სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ და ა.შ… ამ ინფორმაციას აგროვებენ, რომ შემდეგ ბავშვებს აედევნონ, სექსუალური ტიპის ინფორმაცია გამოსძალონ ან მათზე ონლაინ იძალადონ და შეავიწროონ“, – ამბობს ნინო გამისონია, ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი.
სპეციალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები, რომლებიც მშობლებს შვილების ონლაინ ქცევის მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
„Tiktok-ს აქვს family pairing ფუნქცია – მშობელს ან მეურვეს აქვს საშუალება ბავშვის ანგარიში საკუთარ ანგარიშს მიაბას და ამით აკონტროლოს, ვინ ეკონტაქტება ბავშვს და რას აკეთებს ბავშვი, როცა Tiktok-ს იყენებს. აქ არ გამოჩნდება მიმოწერის შინაარსი, თუმცა მშობელი აუცილებლად დაინახავს, თუ ვინ ეკონტაქტება მის შვილს. Tiktok-ის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პლატფორმების კონტროლიც: არსებობს Google-ის პროგრამა family link, რომელი მშობლისა და ბავშვის მოწყობილობებზე ყენდება და მშობელი საკუთარი სმარტფონიდან აკონტროლებს ყველაფერს, რასაც მისი შვილი აკეთებს“, – ამბობს ნინო გამისონია.
მიუხედავად ამ მექანიზმებისა, ბავშვების კიბერსაფრთხეებისგან დაცვა ძალიან რთულია. სექსუალური მოძალადეებისთვის პოტენციურ მსხვერპლთან წვდომა რომ დღეს გაცილებით მარტივია, ვიდრე ოდესმე, ამას კვლევებიც ადასტურებს.
სპეციალისტის შეფასებით, ძალიან სწრაფად განვითარებად ციფრულ გარემოში წარმოქმნილ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ პასუხობს. ამას ემატება ისიც, რომ კონკრეტულად Tiktok პლატფორმის გამოყენებით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის გამოძიება განსაკუთრებით რთულდება.
არავინ იცის, რამდენი მცირეწლოვანი გამხდარა საქართველოში კიბერგრუმინგის მსხვერპლი. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები წლობით დაფარული რჩება.
მამაკაცი, რომელიც Tiktok-ი ს გამოყენებით ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა ახლა დაკავებულია და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს ისიც, სხვა ბავშვებიც ხომ იქცნენ მის მსხვერპლებად.