კატეგორიები

რუსეთი უკრაინაში მშვიდობას ისევ საკუთარი პირობებით თანხმდება

რუსეთი უკრაინაში მშვიდობას ისევ საკუთარი პირობებით თანხმდება
უკრაინულ ქალაქებზე გაძლიერებული სასტიკი თავდასხმების შემდეგ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები ეწირებიან, მოსკოვიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ ეს არის „შურისძიება“ მის მიერვე ოკუპირებული სტარობელსკის „პედაგოგიური კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე“ იერიშების გამო.

კრემლიდან პერიოდულად ისმის სამშვიდობო შემოთავაზებაც და იმის მტკიცებაც, რომ მშვიდობისკენ რუსული მხარე აქტიურად ისწრაფვის, თუმცა ფრონტის ხაზსა და თითქმის ყოველ ღამე უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე ეს სიტყვები სხვა რამეზე მიუთითებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კიევს მორიგ ჯერზე შესთავაზა ომის დასრულებაზე მსჯელობა, თუმცა ახლაც, მოსკოვისთვის მომგებიანი პირობებით. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა რუსული ჯარი, არამედ კიევის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სამხედრო დანაყოფი უნდა გამოვიდეს.

„რაც შეეხება ზელენსკისა და წლის ბოლოსთვის ომის დასრულების საკითხს - ომი შეიძლება დღის ბოლომდეც დამთავრდეს. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, ისევე როგორც პრეზიდენტმა ახსენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისადმი მიმართვისას.

ამისთვის საჭიროა, ზელენსკიმ გასცეს ბრძანება და თავის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდოს დატოვონ რუსული რეგიონების ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვამჯობინებთ, ჩვენს მიზნებს მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ.

დიახ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მზად ვართ, ეს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მეშვეობით გავაკეთოთ. თუ ეს არ გამოვა, თუ მეორე მხარე განაგრძობს პროცესის გაჭიანურებას, უარს იტყვის მოლაპარაკებებზე ან საკითხის სერიოზულ გადაწყვეტაზე, რაც გზას გაუხსნის მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარებას, მაშინ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება.

თუკი კიევის რეჟიმი შეგნებულად განაგრძობს ასეთი არაადამიანური, ტერორისტული აქტების ჩადენას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რაც ჰუმანურობის ჩარჩოებს სცილდება, მაშინ ეს აბსოლუტურად სხვა პარადიგმაა.

ხედავთ, რომ სისტემატურად ხორციელდება თავდასხმები კიევის რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, კიევსა და სხვა ქალაქებზე. ეს პრაქტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

პარალელურად, ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა „გააქტიუროს“ საკუთარი როლი დიპლომატიურ პროცესში, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებისკენ იქნება მიმართული, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მოსკოვი მოლაპარაკებებისადმი სერიოზულობას გამოიჩენს და „უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“ დათანხმდება.

ევროპელი ლიდერების 18-19 ივნისის სამიტამდე Euronews-მა მოიპოვა შეხვედრის პროექტი, სადაც პირველად არის ნახსენები ის გარემოება, რომ ამერიკის ხელმძღვანელობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ახლა კი მშვიდობის დამყარებას ევროპული ქვეყნები ცდილობენ.

წინასწარი ფორმულირება არ მოიცავს პირდაპირ დიპლომატიურ პროცესში ბრიუსელის სახელით სპეცწარმომადგენლის დანიშვნას, რასაც ევრობლოკის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მოითხოვს, თუმცა, შესაძლოა, უშუალოდ სამიტის დაწყებამდე ეს ჩანაწერი შეიცვალოს.

სამუშაო დოკუმენტის პროექტში მკაცრად არის დაგმობილი არამხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი სასიკვდილო იერიშები, არამედ მოსკოვის ღია მუქარები უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დიპლომატებისადმი, რომლებიც კიევში იმყოფებიან. ასევე, დოკუმენტში საუბარია ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებულად შეჭრა, რითაც მოსკოვი ცდის სამხედრო და პოლიტიკური ბლოკების მოთმინებას.

ესკალაციური მოვლენების სერიამ ახალი აქცენტი შესძინა დისკუსიას იმის შესახებ, უნდა დაასრულოს თუ არა ევროკავშირმა რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია და დაიწყოს მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები.

ამ საკითხმა განსაკუთრებული შინაარსი შეიძინა მაისის დასაწყისში - მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთზე ყურადღების გადატანით, ხოლო ევროპელებს მოუწოდა დაენიშნათ საერთო წარმომადგენელი და განეახლებინათ მოლაპარაკებები.

ამ საპასუხისმგებლო როლზე კანდიდატებს შორის განიხილებოდა ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, იტალიის ექსპრემიერი მარიო დრაგი და გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც ბევრი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ მისი ლოიალური პოლიტიკის გამო, მოსკოვს ხელ-ფეხი გაეხსნა, ეწარმოებინა აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ.

გასულ კვირაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევრობლოკი „არასდროს არ იქნება ნეიტრალური შუამავლი რუსეთსა და უკრაინას შორის“.

დაკავშირებული ამბები
რუსეთი უკრაინაში მშვიდობას ისევ საკუთარი პირობებით თანხმდება გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან