სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში რამდენიმე მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე.
411-გვერდიან ანგარიშში ნახსენებია 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებსა და გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომისა და ძალადობის ფაქტები.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეთა დაკავებისას სისტემური ხასიათი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა, როგორც ე.წ. „დაკავების მიკროავტობუსებში“, ისე საპოლიციო განყოფილებებში.
ლევან იოსელიანი კვლავ პრობლემად ასახელებს სამართალდამცველთა ეკიპირებაზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობას. პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრისას ომბუდსმენი ანგარიშში ახსენებს მედიის წარმომადგენელთა უფლებრივ მდგომარეობასაც. ანგარიშის თანახმად, დემონსტრაციების გაშუქებისას ჟურნალისტები არა მხოლოდ საპოლიციო ძალების, არამედ ამ დრომდე დაუდგენელი პირების მხრიდან ხდებოდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.
გარდა აქციებზე მუშაობისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ გასულ წელს ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან ორგანიზებული სატელეფონო მუქარების სამიზნენი. ასევე, როგორც ომბუდსმენის ანგარიშში წერია, ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ საქართველოს პარლამენტში პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მაგალითად, ლევან იოსელიანი ე.წ. „უსაფრთხოების ყვითელი დონის“ პერიოდულ ამოქმედებას ასახელებს, რომლის დროსაც ონლაინმედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებოდათ, ხოლო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჟურნალისტებს აკრედიტაციას უჩერებდნენ ერთი, ექვსი ან თორმეტი თვის ვადით.
ანგარიშში ომბუდსმენი საუბრობს 2024 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით გაუარესებულ მდგომარეობაზე, რაც ლევან იოსელიანის თქმით, ძირითადად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით არის გამოწვეული.
სახალხო დამცველი იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს პენიტენციურ კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით ჩანაცვლების შესაძლებლობა მსჯავრდადებულებს 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაუვადდათ, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ყველა პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მზადყოფნა. ამ კონტექსტში ანგარიშში საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.
ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე 18 ნორმატიულ აქტში შეტანილი თანმხლები ცვლილებების შედეგად გაუარესდა ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობა.
სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დე-ფაქტო „საზღვრისპირას“ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას. ომბუდსმენის აპარატის თანახმად, გასული წლების მსგავსად, 2024 წელსაც კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება-გატაცების ფაქტები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს კვლავ არ აქვთ თავისუფალი გადაადგილების, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობა.
ვრცელ დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის პროცესზე. სახალხო დამცველის თანახმად, უშუალოდ 26 ოქტომბერს 37 დანაშაულებრივი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას მიმართა. ლევან იოსელიანის თქმით, შემთხვევების გამოძიება დაწყებულია, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დადებულა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა ისაუბრა შრომითი უფლებების დარღვევის ტენდენციაზე. ანგარიშში ომბუდსმენი წერს, რომ შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავაც მიეკუთვნება იმ დავების კატეგორიას, რომელთა შესახებაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველს. ანგარიშში წერია, რომ „განმცხადებლები მიუთითებენ ქმედებებზე, როგორებიცაა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი ფუნქციებიდან ჩამოშორება, ვიქტიმიზაცია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა…“
