კატეგორიები

საბჭოთა ტერორის კვალი ესტონეთში

საბჭოთა ტერორის კვალი ესტონეთში

როგორი იყო საბჭოთა ტერორის ორი ტალღა ესტონეთში – პირველი – 1941 წლის ოკუპაცია, რომელსაც სასტიკი წმენდა მოჰყვა და მეორე – 1944 წლის მოვლენები, რომელთა დროსაც ათასობით ადამიანი დააკავეს, მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი გადასახლებაში, შორეულ გულაგებში დაიღუპა. ევრონიუს ჯორჯიამ ტალინში საბჭოთა ტერორის დროს დაღუპულთა მემორიალი გადაიღო და ოკუპაციის ესტონური გამოცდილების შესახებ ისტორიკოსის მონათხრობი მოისმინა.

ტალინში, ბალტიის ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში, „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალია“ აგებული, რომელიც ორ მაღალ კედელს შორის ვიწრო ბილიკს, პატარა ბაღსა და მონუმენტებს აერთიანებს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქ მემორიალური დაფებია განთავსებული, ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, გრძელი დერეფანი მაღალი კედლებით, დახვრეტის ადგილს განასახიერებს და ტოტალიტარული სისტემის ერთგვარი სიმბოლოა, ბაღი კი მშობლიური სახლის მონატრებას გამოხატავს. ესტონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დატანილი წარწერები კი მოგვითხრობს იმ რეპრესირებულთა შესახებ, რომლებიც 40-იან წლებში ტერორის ორმა ტალღამ იმსხვერპლა.

„აქ, ესტონეთში, საბჭოთა ოკუპაციის დროს ჩვენ მეტი ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე ნაცისტური ოკუპაციის პირობებში. ჩვენთვის საბჭოთა სტალინური რეჟიმი იყო უმძიმესი პერიოდი, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქ თქვენ შეგიძლიათ, ამოიკითხოთ ათასობით სახელი და გვარი – ეს იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც რეპრესიებმა იმსხვერპლა. მათი ნაწილი აქ, ტალინსა და ტარტუში, უმეტესობა კი გულაგებში დაიღუპა, შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში”, – ამბობს ესტონელი ჟურნალისტი აგო გასკოვი.

ესტონეთი საბჭოთა კავშირმა 1940 წელს დაიპყრო. ერთი წლის შემდეგ, 1941 წლის ზაფხულზე, ქვეყანაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა და სამი წლის განმავლობაში რჩებოდა კიდევაც. გამათავისუფლებლის სახელით ესტონეთი გერმანელებს საბჭოთა არმიამ 1944 წლის ბოლოს დაატოვებინა. რის შემდეგაც, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ქვეყანა კიდევ 50 წლის განმავლობაში რჩებოდა. 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ესტონეთში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში რჩებოდნენ რუსული არმიის ბოლო ნაწილები, რომლებმაც ქვეყანა საბოლოოდ 1994 წლის 31 აგვისტოს დატოვეს.

სწორედ ესტონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა – გამათავისუფლებელი ომის გმირები იყვნენ პირველები, ვინც ტერორის მთავარ სამიზნედ იქცა 1941 წელს. ესტონელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც და ომის შემდეგაც. საბჭოთა ტერორის შესახებ ესტონეთში რამდენიმე კითხვა ჩვენ ესტონეთის სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ისტორიკოს დავიდ ვსევიოვს დავუსვით.

„საქართველოსგან განსხვავებით ესტონეთმა შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა 1918-დან 1940 წლამდე. 1939 წელს ხელი მოეწერა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს, რომლის მიხედვითაც, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე როგორც პოლონეთის ნაწილი, საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა. ამავე წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საბჭოთა ბაზების შესახებ ესტონეთში, 1940 წელს კი ქვეყანა უკვე ოკუპირებული იყო. ამის შემდეგ, 1941 წელს გვქონდა დეპორტაციის პირველი ტალღა, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური მოღვაწე მაშინვე დააპატიმრეს, დახვრიტეს ან ციმბირში გადაასახლეს. ტერორი შეეხო კულტურის მოღვაწეებსა და სამხედრო პირებს. ესტონური არმიის ოფიცერთა კორპუსი პრაქტიკულად სრულად გაანადგურეს, ეს იყო პირველი ტალღა.

ამის შემდეგ იყო გერმანული ოკუპაცია. როდესაც უკვე სამი წლის შემდეგ გერმანიამ წითელ არმიასთან უკან დახევა დაიწყო, ესტონელების დიდი ნაწილი დაახლოებით 70-80 ათასი ადამიანი, რომელთაც ჰქონდათ საბჭოთა ოკუპაციის გამოცდილება, შვედეთსა და ფინეთში გაიქცა, ბევრი მათგანი ამ მოგზაურობისას ზღვაში დაიღუპა.

როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მეორედ მოვიდა აქ, 1949 წელს იყო უკვე მეორე ტალღა ტერორის. შედარებით პატარა ტალღები იყო მოგვიანებითაც, როცა ჩვენ ერთ ბედ ქვეშ ვიყავით საბჭოთა კავშირში.

საბოლოო ჯამში საბჭოთა ტერორი ესტონეთში ათეულობით ათას ადამიანს შეეხო, რაც ესტონეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია. ტერორი ეხებოდა ოჯახებს, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს. იმ წლებში, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოების ყველაზე ნათელი ნაწილი გაანადგურეს… ცხადია, იყვნენ ისეთებიც, ვინც ახალ მთავრობას გაურიგდა”, – ამბობს ისტორიკოსი დავიდ ვსევიოვი.

ისტორიკოსი დავიდ ვსევიოვი

პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი, რომელსაც საბჭოთა ტერორი არ შეხებია, ესტონეთი ხომ პატარა ქვეყანაა? ამასთან, ეს არ შეხებია მხოლოდ ესტონელებს, შეეხო რუს ემიგრანტებსაც, რომლებმაც საბჭოთა რუსეთიდან 1919-20 წლებში გამოაღწიეს… მაშინ ციმბირში, ასევე ბევრი ებრაელი გადაასახლეს.

„ჩემი მეუღლის დედა – უფრო სწორედ მამამისი ესტონური არმიის სამხედრო ატაშე იყო პოლონეთსა და რუმინეთში. 41 წელს ის პირველ რიგში დააპატიმრეს, მისი ოჯახი კი ციმბირში გადაასახლეს. ამ დროს ჩემი მეუღლის დედა 16 წლის იყო – იზრდებოდა ნორმალურ, ევროპულ ოჯახში, მღეროდა, უკრავდა როიალზე, ამთავრებდა სკოლას… ამ დროს მოდის რაღაც სისტემა, რომელიც ყველაფერს ანგრევს, ანადგურებს და ერთი ჩემოდნით გიშვებენ სადღაც. მამაშენს კლავენ და გგონია, რომ სამუდამოდ ასე იქნება. კი, 16 წლის შემდეგ ოჯახი უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს ხომ უკვე დანგრეული ცხოვრებაა. ბევრი ხომ ვეღარც დაბრუნდა უკან? ეს ისტორიები ალბათ ნაცნობია თქვენთვისაც, საქართველოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ამ ყველაფერს დანაშაულად არ აღიარებს. არავინ დასჯილა, არსად თქმულა, რომ ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინაშე”, – ამბობს ისტორიკოსი.

90-იან წლებში ესტონეთში საარქივო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღეს ლუსტრაციის კანონი, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა ნაწილმა თანამშრომლობის შესახებ თავადვე აღიარა, ნაწილთა სახელები და გვარები კი საჯაროდ გამოქვეყნდა. ესტონელ პროფესორს ჩვენ ასევე ვკითხეთ, უკრაინაში ომის ფონზე, რა განწყობებია დღეს ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისგან მდინარე და პატარა ხიდი ყოფს. არის თუ არა ესტონეთში საფრთხის მოლოდინი, ან შიში დიდი მეზობლის მიმართ?

„შიში, ალბათ, არასწორი სიტყვაა – ეს არის უფრო გაცნობიერება, თუ რას წარმოადგენს ჩვენი მეზობელი – პრინციპში ეს განცდა არასდროს არც გამქრალა, ყოველთვის არსებობდა. ხომ ვიცით, ვინ აფრთხილებდა დასავლეთის ქვეყნებს სულ, ვინ ლაპარაკობდა გამუდმებით ამ საფრთხის შეახებ? – ეს ის ქვეყნები იყვნენ, ვისაც აქვს საბჭოთა კავშირის გამოცდილება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე არსებითად შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ – კი, შეიძლება უფრო იგრძნობა, უფრო ემოციურად გამოვხატავთ, მაგრამ ეს ცნობიერება სულ არსებობდა.

იყო პერიოდები, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა ასე თუ ისე ნორმალური იყო, გეცოდინებათ ორმოციან წლებში, დიდი დანაშაულების გარდა უბრალოდ გვძარცვავდნენ კიდევაც, მაგალითად, მოგვპარეს ესტონეთის პრეზიდენტის ჯაჭვი და დღემდე რომელიღაც არქივში თუ ფონდში ინახება მოსკოვში. რამდენჯერ მივმართეთ, რამდენჯერ ვთხოვეთ – დაგვიბრუნეთ, მას ხომ არავითარი გამორჩეული ღირებულება არ აქვს? რომანოვების ბრილიანტებისგან განსხვავებით (იცინის) არაფრით არ დაგვიბრუნეს. საბოლოოდ უბრალოდ უარი, ხელი ჩავიქნიეთ. შესაძლოა ეს წვრილმანია, მაგრამ მათი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ნამდვილად გამოდგება”, – ამბობს ისტორიკოსი დავიდ ვსევიოვი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები