მთავარიგადაცემებიThe Road To Greenსევილიიდან ვარშავამდე - ევროკავშირში ინდუსტრიული დაბინძურების დონე შემცირდა

სევილიიდან ვარშავამდე – ევროკავშირში ინდუსტრიული დაბინძურების დონე შემცირდა

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები ადასტურებს, რომ 2007 წლიდან ევროპულმა სამრეწველო სექტორმა 40 – 75 პროცენტით შეამცირა მავნე ნივთიერებებით  ჰაერისა თუ წყლის დაბინძურება. ევროკავშირს სურს, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა მისი ინდუსტრია იყოს ეკომეგობრულიც და კონკურენტუნარიანიც.

ბევრმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცის, მაგრამ გარემოში ინდუსტრიული დაბინძურების დონე ევროპაში იკლებს. და მაინც საერთო დაბინძურების დონე ჰაერშიც და წყალშიც ჯერ კიდევ 20 პროცენტია.

ევროკავშირს სურს, ხელახალი ინდუსტრიალიზაცია განახორციელოს და გახდეს არა მხოლოდ უფრო კონკურენტუნარიანი, არამედ უფრო ეკოლოგიურიც. მაინც როგორ უნდა დამყარდეს წონასწორობა მრეწველობის ზრდასა და ჯანსაღ გარემოს შორის? ამის გასარკვევად პოლონეთში ჩავედით.

ჩვენი მოგზაურობა დავიწყეთ წიაღისეულის მომპოვებელი რეგიონიდან, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქ გარემოს დაცვის სტანდარტების გამკაცრების შედეგად ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ევროპის ყველაზე დიდი ქვანახშირის ელექტროსადგურის –ბელხატუვის ელექტროსადგურის  საკვამურებიდან იმდენად დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები ამოდიოდა, რომ მეზობელ ქვეყნებამდეც კი შეეძლო მიღწევა. ძირფესვიანი მოდერნიზების შემდეგ ელსადგურიდან მავნე გამონაბოლქვი შემცირდა.

„ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ელექტროსადგურმა შეამცირა გოგირდის დიოქსიდის გამოყოფა 93 პროცენტზე მეტით, აზოტის ოქსიდისა –  66%-ზე მეტით, ხოლო მტვრისა – 99 პროცენტით“, -ამბობს რაფალ სმეიდაბელხატუვის ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი.

მოდერნიზაციის ფარგლებში აშენდა სულ ახალი უზარმაზარი ბლოკები, დაიხურა ან გამოიცვალა ძველი ბოილერები, განახლდა ელექტროფილტრები და დამონტაჟდა დესულფურიზაციის სისტემები. ამ განახლებაში ინვესტიციების ჩადება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ევროპის ინდუსტრიული ემისიების დირექტივას დავემორჩილოთ და საწარმოს მუშაობის უფლება შევინარჩუნოთ.

კრიშტოფ მატისკიევიჩიბელხატუვის ელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ გოგირდის დიოქსიდისა და გოგირდის სხვა შენაერთების გამონაბოლქვი 14 მილიგრამია. ყველა მავნე ნივთიერების გამოყოფის დონე ახლა გაცილებით დაბალია, ვიდრე ამას ინტეგრირებული გარემოს დაცვის ნებართვა მოითხოვს.

წვის შედეგად გამოყოფილი ზოგიერთი აირიც გადამუშავდება. გოგირდის დიოქსიდისგან აწარმოებენ თაბაშირს, რომელიც ბათქაშისთვის აუცილებელი ნედლეულია და რომელსაც სამშენებლო სექტორი ყიდულობს.

პოლონეთში ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდისთვის ნაწილობრივ ისევ საჭიროა ქვანახშირი. თუმცა ამ ქვეყანაში გეგმავენ, რომ თანდათან, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში,  დახურონ ქვანახშირის ელექტროსადგური და მაღაროები. პოლონეთი  ქვანახშირის ეპოქის დასრულებას აპირებს. ვარშავაში იმედოვნებენ, რომ 2035 წლისთვის ქვანახშირის ხსენებაც აღარ იქნება. თუმცა ლანდშაფტი უკვე შეიცვალა.

ლეშეკ დროგოში, ვარშავის მერიის წარმომადგენელი:

„30 წლის წინ, ფაქტობრივად, მთვარის ზედაპირის მსგავსად ფერფლით გადაშავებულ ბუნებას ხედავდი. ახლა ირგვლივ სიმწვანეა და ეს უკვე  არის პასუხი. გარემოს დაცვის მექანიზმები ამართლებს“.

მეზობლად, ჟერანის  უბანში მდებარე ელექტროსადგურში, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას გათბობითაც ამარაგებს, ბუნებრივმა აირმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ქვანახშირი. ეს ახალი ე.წ. „კომბინირებული ციკლის“ მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის  „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის“ სტანდარტებს. ეს ტერმინი კარგად არის ცნობილი ევროპელი მრეწველებისთვის: მუშაობის გაგრძელება რომ შეძლონ, გამონაბოლქვის მოცულობა ბაზარზე არსებული საუკეთესო ტექნოლოგიით უნდა აკონტროლონ. ამ კომპანიას იმედი აქვს, რომ სულ მალე ბიოგაზი ჩაანაცვლებს ბუნებრივ აირს. საწარმოში ინვესტიციებს იმ დანადგარშიც დებენ, რომელიც ელექტროენერგიას გათბობის სისტემისთვის იყენებს. ამ გზით ჭარბი ელექტროენერგიის სახლების გათბობის სისტემისთვის გამოყენება სურთ.

„ამ ყველაფერში ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით ოთხი მილიარდი ევროა. ეს დიდი ფულია, რომელსაც ენერგოსისტემაში ჩავდებთ. კარგად რომ მიხვდეთ, კიდევ რამდენია პოლონეთში გასაკეთებელი, გეტყვით, რომ ჩვენ გათბობის ბაზრის მხოლოდ 9%-ს ვფარავთ“, – განმარტავს მიხალ ოლშევსკი, Termika-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ევროკავშირმა ახლახან შესწორება შეიტანა ინდუსტრიული ემისიების შემცირების ძირითად ინსტრუმენტში. მისი მიზანია, რომ მრეწველობა გარემოზე მისი მავნე გავლენის შემცირების პარალელურად გაიზარდოს. ამ კონცეფციას გამიჯვნასაც უწოდებენ. ამ საკითხზე ესპანეთში, ქალაქ სევილიაში მუშაობს ევროპის ერთიანი კვლევის ცენტრი (European Joint Research Centre). ამ ცენტრში ყველა ჩართულ მხარესთან ერთად  ხდება გადაწყვეტილების მიღება ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით. თანამშრომლობისა და მონაცემთა მართვის ეს მოდელი „სევილიის პროცესის“ სახელითაა ცნობილი.

სერჟ რუდიე, ინდუსტრიული ტრანსფორმაციისა და ემისიების კვლევის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი:

„აი, აქ იყრიან თავს იმ სექტორის წარმომადგენლები, რომელსაც განვიხილავთ –  ყველა წევრი სახელმწიფოდან – ასევე გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები,  რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და თავად ევროკომისიის წვერები, რასაკვირველია. და ხუთი დღის განმავლობაში განვიხილავთ ფაქტებსა და რიცხვებს, რათა მტკიცე კონსენსუსი შედგეს, თუ რა იქნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგია და როგორ აისახება გარემოზე“.

„ერთიანი კვლევის ცენტრს“  მალე ექნება ახალი შენობა, რომელშიც განთავსდება ახალი საინოვაციო ცენტრი  INCITE-ი. ამ ცენტრის მიზანია, დააჩქაროს ემისიების შემცირება, ასევე ნახშირბადნეიტრალურ და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა.

„გვინდა, განვსაზღვროთ ახალი ინოვაციები, დავაზუსტოთ მათი მახასიათებლები, განვითარების დონე, ღირებულება და შემდეგ გამოვიტანოთ სადისკუსიოდ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინდუსტრია კონკურენტუნარიანი იქნება და ევროპიდან არსად წავა“, – განმარგავს სერჟ რუდიე.

მაგრამ როგორი იქნება მომავლის ინდუსტრია? ამის ერთი მაგალითი სევილიაში გვაქვს: ლუდის მწარმოებელი Heineken-ის სევილიური საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული ჰელიოთერმული სადგური. მზე ათბობს წყალს, რომელსაც სხვადასხვა საწარმოო პროცესისთვის იყენებენ.

ხოსე რამონ ხიმენეს რევილა, Heineken-ის სევილიური საწარმოს მენეჯერი:

„როდესაც მზის სხივებს ამ ღარებში ვაგროვებთ, ტემპერატურა შეგვიძლია, 250 გრადუსამდეც კი ავიყვანოთ. აქვე გვაქვს მილსადენების ორი სისტემა, რომლებსაც სითბოს გამტარი აკავშირებს. ამ ჩაკეტილი წრედების საშუალებით უფრო ეკონომიურად ვხარჯავთ წყალს, რადგან დანაკარგი არ გვაქვს. თითოეული წვეთი ფასობს. ჩვენ მუდამ ვფიქრობთ რესურსების დაზოგვაზე, ხელმეორედ გამოყენებასა და ჩანაცვლებაზე, როდესაც ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტთან გვაქვს საქმე“.

მეზობლად მდებარე მზის ელექტროსადგური მთლიანად ამარაგებს ლუდსახარშს.  ჩადებული ინვესტიციები ამ საწარმოს თავის საბოლოო მიზანთან აახლოებს, რაც წლის ბოლომდე 100 პროცენტით განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.

„როდესაც მზე ჩადის, ჩვენს სათადარიგო ცისტერნებს ვიყენებთ და როდესაც მზის დამატებითი ენერგია აღარ გვაქვს, ბიოგაზზე გადავდივართ, რომელიც  მოხმარებული წყლის გაფილტვრის საამქროში იწარმოება“, – განმარტავს ხოსე რამონ ხიმენეს რევილა.

გვინდა, რომ ნახშირბადზე უარის თქმამ ინდუსტრიას ხელი შეუწყოს…მაგრამ ეს ოცნებად ხომ არ დარჩება? ბოლო სიტყვას ჩვენი ექსპერტი სერჟ რუდიე  იტყვის: „განა იმიტომ ვერ ვბედავთ, რომ რთულია, არამედ რთული იმიტომ არის, რომ ვერ ვბედავთ. ამიტომ უნდა გავბედოთ!“

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend