კატეგორიები

რუსეთის იერიშების სამიზნედ კიევ-პეჩერის ლავრა იქცა

რუსეთის იერიშების სამიზნედ კიევ-პეჩერის ლავრა იქცა
უკრაინის მთავარი სულიერი და კულტურული სიმბოლო, კიევ-პეჩერის ლავრა რუსული საოკუპაციო არმიის მასირებული იერიშების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსკოვმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიშები, რის შედეგადაც იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური ობიექტი, მე-11 საუკუნეში აგებული ქრისტიანული სალოცავი ცეცხლის ალში გაეხვა, დაიწვა მიძინების ტაძრის სახურავიც, 4 ადამიანი კი დაიღუპა - ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი გამუდმებით ირწმუნება, რომ იერიშები მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე მიაქვს, საიდანაც მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ექმნება.

მოგვიანებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა აბრამმა გაავრცელა ცნობა, რომ ლავრის ბერებმა მაშველებთან ერთად შეძლეს ხატებისა და სხვა სიწმინდეების გადარჩენა და მათ უსაფრთხო ადგილზე გადატანა. უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის, კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა უკვე შეფასდა როგორც „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი დანაშაული.“

„და მაინც, რუსული ეკლესია საუბრობს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს წმინდა ადგილებზე და როგორ ზრუნავს და იცავს თავის ეკლესიას აქ, უკრაინაში. ეს არის ბარბაროსობის აქტი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია.

მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ უპასუხოს და დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებმაც შელახეს ადგილი, რომელიც წმინდაა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც“, - განაცხადა აბრაამმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა.

ომში მყოფი ქვეყნის კულტურის სამინისტროს ცნობით, იანვარში რუსულმა ძალებმა სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე შენობა დააზიანეს.

„ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს, კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიშის მიტანით, პუტინმა სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში. ის საუკუნოდ უნდა იყოს წყეული და ის წააგებს ამ ომს.

მე-13 საუკუნის ურდოდან დაწყებული მე-20 საუკუნის ნაცისტებითა და ბოლშევიკებით დამთავრებული, კიევის წმინდა მონასტრები მრავალჯერ გამხდარან ბარბაროსული თავდასხმის სამიზნენი.

ახლა ჩვენ ვუმკლავდებით რუს ტერორისტებს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში გადააწრეს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევის პეჩორის ლავრა, იუნესკოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დედაქალაქისგან ველით მტკიცე რეაქციას. არანაირი ორაზროვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად ახლავე გვჭირდება მოქმედება!“ - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰმა პლატფორმა X-ზე.

ქრისტიანული სალოცავი არ ქცეულა რუსული მხარის ერთადერთ სამიზნედ 14-15 ივნისის ღამით. აგრესორმა მორიგ ჯერზე დაარტყა კიევის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში მდებარე სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ასევე ენერგოინფრასტრუქტურას, რის გამოც, სულ მცირე, 140 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივების ვერსიით, კიევში ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად, რუსული არმია შეეცდება მწყობრიდან გამოიყვანოს ელექტროგამანაწილებელი ქსელი, როგორც ეს გასულ ზამთარს, ძლიერი ყინვების დროს გააკეთა.

კიევის გარდა, აგრესორმა იერიშები მიიტანა უკრაინის სხვა ქალაქებზეც - მასირებული სარაკეტო დარტყმების სამიზნედ იქცა ხარკივი, ასევე დნიპრო, ჩერნიჰივი და სუმი, სადაც არიან როგორც დაშავებულები, ისე დაღუპულები, მათ შორის სამაშველო სამსახურის რიგებიდან.

მორიგ მასირებულ იერიშებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს დაურეკა. სატელეფონო კომუნიკაციისას, საუბარი შეეხო ომის დასრულების დიპლომატიურ გზებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა „აბსოლუტურად ზუსტად“ შეაფასა არსებული ვითარება, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო, ხოლო მაშინ ძლიერი ლიდერობის შემთხვევაში, სრულმასშტაბიანი ომი უბრალოდ არ დაიწყებოდა.

14 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორისაც, რა დროსაც, კრემლის ცნობით, მხარეებმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხი განიხილეს.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკი ტრამპისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიის მიღებას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი კვლავ არაა მზად, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს