„მოსკოვი დუმს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც სტამბოლში რუსულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ დაჯდომა შესთავაზა.
ამ დრომდე რუსეთში არაფერი უთქვამთ იმაზე ჩავა თუ არა თავად პუტინი სტამბოლში, იქ, სადაც სამი წლის წინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
არადა, მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში სწორედ პუტინის იდეა იყო, თუმცა როგორც ჩანს ის მაგიდასთან პირადად დაჯდომას არ აპირებდა.
სამი წლის წინ კი სტამბოლის მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ამჯერად პუტინი ამტკიცებს, რომ ის „სერიოზულადაა განწყობილი“.
მიუხედავად ამისა, შეხვედრამდე ორი დღით ადრე უკრაინასა და მოკავშირეებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, ჩავა თუ არა ის თურქეთში.
„ახლახან ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. შინაარსიანი საუბარი გვქონდა. მადლობას ვუხდი მას მხარდაჭერისთვის. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ მზად ვარ, პირადად შევხვდე პუტინს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად. უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა დიპლომატიის ენას. თურქეთში ჩასასვლელად მზად ვარ. სამწუხაროდ, მსოფლიოს ჯერაც არ მიუღია რუსეთისგან მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ წინადადებებზე“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Ukraine has always supported diplomacy. I am ready to come to Türkiye. Unfortunately, the world still has not received a clear response from Russia to the numerous proposals for a ceasefire.
Russian shelling and assaults continue. Moscow has remained silent all day regarding the… pic.twitter.com/4AGiLX5Sdf
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 12, 2025
პუტინი ჩავა თუ არა უცნობია, თუმცა სტამბოლში გამგზავრებას გეგმავს რუსული დელეგაცია. კრემლის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, რომ მხარეებმა 2022 წლის მოლაპარაკების შედეგებიც უნდა გაითვალისწინონ, თუმცა მიმდინარე ვითარებაც ასახონ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკების ორი მცდელობა იყო. პირველი შეხვედრა ბელარუსში 2022 წლის 28 თებერვალს შედგა, ხოლო მეორე – 29 მარტს სტამბოლში.
მოლაპარაკების დეტალებზე New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებშია საუბარი, სადაც წერია, რომ უკრაინის დათმობების მიუხედავად, პროცესი მაინც ჩაიშალა.
ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ უკრაინა მზად იყო გამხდარიყო მუდმივად ნეიტრალური და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნების ჯარები არ განლაგდებოდა.
ეს პირობა, რა თქმა უნდა, უკრაინის ნატოში გაწევრებას გამორიცხავდა, თუმცა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების საშუალებას უტოვებდა. სანაცვლოდ კი უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისგან: დიდი ბრიტანეთისგან, ჩინეთისგან, რუსეთისგან, შეერთებული შტატებისგან და საფრანგეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.
თუმცა კრემლისვე მოთხოვნით, გადაწყვეტილების მიღებამდე გარანტორი სახელმწიფოები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რაც რუსეთს ვეტოს გამოყენების საშუალებას მისცემდა.
დოკუმენტში საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობასა და სამხედრო არსენალზე. რუსეთი მოითხოვდა, რომ უკრაინას სამხედრო პერსონალი 85 000-მდე შეემცირებინა, ტანკების რაოდენობა 342-მდე. უკრაინამ ეს წინადადება უარყო და თანხმობა განაცხადა პერსონალის 250 000-მდე შემცირებასა და 800 ტანკის შენარჩუნებაზე.
ბუნდოვანი იყო რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ყირიმის სტატუსიც, რომლის დასადგენადაც მოსკოვი კიევს 10-15-წლიანი დიალოგის ფორმატს სთავაზობდა. ეს ფორმატი ყირიმის საკითხის გადაჭრის გარანტიას სულაც არ იძლეოდა.
მოთხოვნებს ემატებოდა ისიც, რომ რუსეთი უკრაინისგან რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდა. კრემლის პროპაგანდა მრავალი ათეული წელი ამტკიცებდა იმას, რომ კიევი რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას ეწეოდა და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება „ანტინაცისტური გეგმის“ ნაწილი იყო.
2022 წლის აპრილის ბოლოს უკრაინამ ფრონტის ხაზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს რუსული ომის დანაშაულების მტკიცებულებები წარუდგინა. ამ ფაქტმა მოლაპარაკების პროცესი გაართულა.
კიევის გარეუბან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობისა და წამების ფაქტების აღმოჩენა სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლის გადამწყვეტ ფაქტორად განიხილება.
მოგვიანებით, 2022 წლის მაისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც პუტინთან მოლაპარაკებები იკრძალებოდა: „აშკარაა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია. მას არ ესმის ღირსება და პატიოსნება. მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ სხვა პრეზიდენტთან“ – ნათქვამია განკარგულებაში.
დღეისათვის ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
რუსეთის პასუხი კი უკრაინულ ქალაქებზე დრონებით შეტევაა.
„რუსეთი კვლავ აგრძელებს დაბომბვასა და თავდასხმებს. მოსკოვი დუმს. არავინ იცის, დასთანხმდება თუ არა პირისპირ შეხვედრას. უცნაური დუმილია. ასეა თუ ისე, რუსეთს ამ ომის დასრულება მოუწევს. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასეა თუ ისე, მხარეებს შორის სტამბოლში შეხვედრა შედგება და სამი წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ახლა ომის დასრულების რეალურ შესაძლებლობად განიხილავენ.
