კატეგორიები

პაკისტანი ინდოეთს „საჭირო დროსა და ადგილას” საპასუხო იერიშით ემუქრება

პაკისტანი ინდოეთს „საჭირო დროსა და ადგილას”  საპასუხო იერიშით ემუქრება
ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინდოეთის არმიის იერიშების შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. თავდასხმა 7 მაისს, გამთენიისას შეწყდა.

ინდოეთის არმია  იერიშების დროს უპილოტო საფრენ აპარატებს,   ბომბს „ჰამერსა“ და  მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტებს, მათ შორის „სკალპს“  იყენებდა. როგორც ინდოეთის სამხედროები ამბობენ, მათი იერიში სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა. მათი თქმით, ეს იყო  პასუხი ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

„ამ ოპერაციის ფარგლებში განადგურდა ცხრა ტერორისტული ბანაკი. უკვე სამი ათეული წელია, რაც პაკისტანში ტერორისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება. ამ ინფრასტრუქტურაში შედის ახალწვეულთა გადამზადების ცენტრები, სასწავლო პოლიგონები და სარაკეტო გამშვები პუნქტები,  რომლებიც მდებარეობს როგორც პაკისტანში, ისე პაკისტანის მიერ ოკუპირებულ  ჯამუსა და ქაშმირში.  ოპერაცია “სინდურისთვის” სამიზნეები სადაზვერვო  მონაცემების მიხედვით შეირჩა.  განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმას, რომ უდანაშაულო მოქალაქეები და  სამოქალაქო ობიექტებიც არ დაზიანებულიყო“,  – ამბობს პოლკოვნიკი სოფია ქურეში, ინდოეთის არმიის კავშირგაბმულობის  კორპუსის ოფიცერი.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაკრამ მისრიმ კი განაცხადა – „ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, რომლებიც პაკისტანში დაფუძნებულ ტერორისტულ ჯგუფებს ეხებოდა,   ინდოეთის წინააღმდეგ თავდასხმები გარდაუვალი იყო. შესაბამისად, აუცილებელი გახდა როგორც თავდასხმის აღკვეთა, ისე შეკავება. ინდოეთმა გამოიყენა უფლება, მიეღო პრევენციული ზომები და დაეცვა თავი მსგავსი თავდასხმებისგან. ეს ნაბიჯები იყო გაზომილი,  გათვლილი და პროპორციული.  მათი მიზანი იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურება და იმ ტერორისტების განეიტრალება, რომლებიც, სავარაუდოდ, ინდოეთის ტერიტორიაზე გადასაგზავნად იყვნენ გამზადებული.“

მიუხედავად ინდოეთის მტკიცებისა, რომ თავდასხმის დროს ყველა სამიზნე იყო განსაზღვრული, საწინააღმდეგოს ამბობს  პაკისტანი. ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპიკერის თქმით, ინდოეთის სამხედროებმა იერიში მიიტანეს  მეჩეთებზე,  შესაბამისად,  მსხვერპლი ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობაშია. ისლამაბადში ასევე ამბობენ,  რომ მათ გაანადგურეს ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავები. სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესმა“ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები ჩანს.  ოფიციალურ დელის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსოფლიო შეშფოთებული ელოდება, რა  პასუხი მოჰყვება პაკისტანის მხრიდან  ინდოეთის ოპერაცია „სინდურს“?! პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  რომ პაკისტანს სრული უფლება აქვს,  ინდოეთს უპასუხოს.

„პროვოკაციისა და ომის აშკარა აქტის პირობებში, ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მათივე საჰაერო სივრციდან უხეშად დაარღვიეს პაკისტანის სუვერენიტეტი. ინდოეთის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოიყენა ტერორიზმის შესახებ ბრალდებები, მათი მიზანი იყო, საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოეჩინათ. ამ ქმედებით მათ საფრთხის ქვეშ დააყენეს რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა. ინდოეთის უგუნურმა მოქმედებამ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ორი ქვეყანა მნიშვნელოვანი დაპირისპირების ზღვართან მიიყვანა. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორი ბირთვული სახელმწიფოს კონფლიქტი, რომელიც ამ ეტაპზე კონვენციური შეიარაღების ფარგლებს არ გასცდენია,  მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა.  გასულ საუკუნეში ამ ქვეყნებში სამჯერ იყო შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა იმ პერიოდისთვის მათ ბირთვული არსენალი არ გააჩნდათ. წლების განმავლობაში ორივე არმია შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ინდოეთს დაახლოებით 1.5-მილიონიანი არმია,  ხოლო პაკისტანს ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.

„ინდოეთის თავდასხმის მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, სრულიად მოსალოდნელია, რომ პაკისტანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს. პაკისტანი ეცდება, ინდოეთს მკაფიო „მესიჯი“ გაუგზავნოს — რომ მას აქვს ძალა და შესაძლებლობა, უპასუხოს ასეთ, როგორც პაკისტანი თვლის, სრულად დაუსაბუთებელ პროვოკაციას. სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან საქმე ეხება ორ ძლიერ სამხედრო სახელმწიფოს, რომლებიც მზად არიან, ბირთვული იარაღის ქოლგის ქვეშ შეზღუდული სამხედრო ძალა გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ. და რაც მეტად ხდება ასეთი ქმედებები, მით უფრო იზრდება ბირთვული ესკალაციის რისკი. ეს არის მთავარი დასკვნა“, – ამბობს სამხრეთ აზიის საკითხების ანალიტიკოსი მაიკლ კუგელმანი.

გამოიყენეს თუ არა მხარეებმა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ორივე ქვეყანას საკმაოდ მრავლად აქვს, ზუსტი ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. თუმცა ის, რომ ინდოეთმაც და პაკისტანმაც შეიარაღებული ძალები სრულად საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს, ნათლად მიანიშნებს, რომ ასეთი საშუალებების გამოსაყენებლად როგორც დელი, ისე ისლამაბადი,  მზად იყო.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები