კატეგორიები

„უკრაინა მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის ზავი დღესვე გააფორმოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის ზავი დღესვე გააფორმოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ის ჩეხ კოლეგას პეტრ პაველს შეხვდა.

მხარეებმა უკრაინის დახმარებასა და ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა და შეუძლია ზავი დღესვე გააფორმოს.

„54-ე დღეა, რაც რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ უგულებელყოფს. ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დღესაც კი. და ის მინიმუმ 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რომ შემდგომ დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. ჩვენ ჩეხეთის მადლობლები ვართ, რადგან ამ კუთხით ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოფიციალური მოსკოვი კი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 72 საათით გეგმავს. კრემლი ცეცხლის 72-საათიან შეწყვეტას მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს.

თუმცა კიევში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს, მაშინ ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით მნიშვნელოვანია, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს.

„რუსეთზე ზეწოლა ნამდვილად საჭიროა. პუტინს ძალიან სურს აღლუმზე თავისი ტანკები აჩვენოს. თუმცა ის ამაზე არ უნდა ფიქრობდეს, არამედ ის უნდა ფიქრობდეს იმაზე თუ ომი რეალურად როგორ დასრულდეს. შესაბამისად სამი რამ არის საჭირო: მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მუდმივი მხარდაჭერა და ევროპის მასშტაბით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ზრდა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ევროპელები თავს ბოლომდე დაიცავენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩეხეთში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღის სასახლეში ჩეხეთის პრეზიდენტთან და ჩეხეთის მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა შეხვედრები.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს
სხვა ამბები